კვირის ამბები

როგორ მუშაობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგური ზაფხულში

11.08.2014 • 1725
როგორ მუშაობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგური ზაფხულში

ბატონო ბადრი, რა დატვირთვით მუშაობს სასწრაფო დახმარება ზაფხულში?

ზაფხულობით, რა თქმა უნდა, მატულობს გამოძახების რაოდენობა. იქამდე 200-დან 240 ზარი შემოდიოდა, ახლა კი ორი დღის წინ გამოძახების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 292 გამოძახება დაფიქსირდა დღეში.

ძირითადად რა შემთხვევებში იძახებენ სასწრაფოს ზაფხულში?

სასწრაფო დახმარებას 60-80% შემთხვევაში წნევის გამო იძახებენ, ასეა წელიწადის სხვა დროსაც. რაც შეეხება სეზონურ მიზეზებს, მაგალითად, მზით დამწვრობის შემთხვევებს, ამ ეტაპზე არც თუ ისე ხშირია. შესაძლოა იმიტომ, რომ აქამდე ზღვის ამინდი არ იყო, თუმცა თუ გასული წლის აგვისტოს მონაცემებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა მიმდინარე თვეში მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატოს.

მცირედით არის მომატებული კუჭ-ნაწლავის აშლილობებისა და ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებები ჭარბობს ბავშვებში, ზოგმა ზღვის წყალი ჩაყლაპა, ზოგმა ხილი მიირთვა და სხვა. კიდევ ერთი სეზონური პრობლემა, რომელიც ასევე მცირე რაოდენობით ფიქსირდება – მზის დაკვრაა, როცა მზეზე დიდ ხანს ყოფნისას ცუდად ხდება ადამიანი.

შარშანდელთან შედარებით გაიზარდა თუ არა მსგავსი გამოძახების რაოდენობა?

საქმე ისაა, რომ სეზონი ახლა იწყება და გამოძახების ზრდასაც ველოდებით, ამ ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, გამოძახებების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ყველაზე დატვირთული პერიოდი – აგვისტო, ჯერ წინაა.

ძირითადად ჩამოსული დამსვენებლები იძახებენ სასწრაფოს თუ ადგილობრივები?
მართალია, ზაფხულობით მატულობს გამოძახებების რაოდენობა დამსვენებლების მხრიდან, მაგრამ ამის დიფერენცირება ცოტა რთულია. ზარები 112-ზე შემოდის და ადგილობრივის ზარია თუ დამსვენებლის, არ ფიქსირდება, მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ ვნახულობთ ვინ გამოგვიძახა. აგვისტოში ალბათ უფრო გაიზრდება ეს რიცხვი.

რომელია დღის ყველაზე დატვირთული მონაკვეთი?

ასე გამოყოფილი არ გვაქვს, დილითაც და ღამითაც თანაბრადაა გამოძახებები. ბრიგადები არ ჩერდებიან, ფაქტობრივად სადგურში საერთოდ არ შემოდიან, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ, შეუჩერებლივ.

ხშირად სასწრაფო დახმარებას დაგვიანების გამო საყვედურობენ. რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება?

დაგვიანების მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბრიგადა არ არის ადგილზე, ანუ ყველა გამოძახებაზეა. საქმე ისაა, რომ ჩვენი 16 ბრიგადა გადანაწილებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში, ესენია: მახინჯაური, თამარის დასახლება, სამიც ხელვაჩაურში, გონიოში და ზღვაზე, შაუმიანის ქუჩის დასაწყისში. როცა ბრიგადა გადის, ვთქვათ, გონიოში გამოძახებაზე, პიკის საათში მას მინიმუმ ნახევარი საათი მაინც სჭირდება ქალაქიდან, ამიტომ გამოძახებას ასრულებს ის ბრიგადა, რომელიც გონიოში დგას, მაგრამ მუდმივად ხომ იქ ვერ იდგება, იგი შესაძლოა გამოძახებაზე იყოს, რის გამოც შეიძლება ცოტათი დააგვიანოს სხვა გამომძახებელთან მისვლა.

რამდენი ექიმი და ექთანი ემსახურება ქალაქს და საკმარისია თუ არა არსებული რესურსი ქალაქისთვის?

ამ ეტაპზე ბათუმს 16 ბრიგადა ემსახურება, შესაბამისად დღეში მორიგეობს 16 ექიმი, 16 ექთანი, 16 მძღოლი და სამი ოპერატორი. სულ ოთხი ცვლა გვაქვს და ისინი ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობენ. ბრიგადები, ფაქტობრივად, არ შემოდიან სადგურში, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისი რესურსი გვაქვს, მით უმეტეს, რომ აქტიურ სეზონზე ძირითად ბრიგადებს დამატებითი ბრიგადები ემატება, ეს ხდება ზაფხულში და ე.წ. გრიპის სეზონზე, ანუ დეკემბერ-იანვარში. ამ ზაფხულსაც სამი ბრიგადა დაგვიმატა მერიამ, რომლებიც 15 სექტემბრიდან ისევ მოიხსნება. თუმცა მომავალი წლიდან პროგრამაში გათვალისწინებულია კიდევ ერთი ბრიგადის მთელი წლით, ანუ მუდმივად დამატება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: