კვირის ამბები

რა გზას გაივლის მეწარმე ევროპულ ბაზრამდე

14.07.2014
რა გზას გაივლის მეწარმე ევროპულ ბაზრამდე






ბატონო გიორგი, რა სჭირდება ქართულ პროდუქტს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად?

 

 ევროკავშირის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს ქვეყანაში. შეიცვლება ის, რომ ადგილობრივ მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, გარდა იმ ბაზრებისა, რასაც ამ დრომდე ვიკავებდით, ევროპის დიდ ბაზარზეც გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. ამისთვის ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროპა, უნდა შევუსაბამოთ ჩვენს სტანდარტებს. თუ ძალიან სწრაფად გავივლით ამ ეტეპს, უკვე მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, ადვილად მოახდინონ პოზიციონერობა ევროპის ბაზარზე.

 

ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერიდან ძალიან მალე გაუქმდება იმპორტის გადასახადი. როგორც ხელშეეკრულების მიხედვით არის ნათქვამი იმპორტის გადასახადი უნდა გააუქმოს ხელშეკრულების ორივე მხარემ, ანუ ამ შემთხვევაში იმპორტის გადასახადი გაუქმდება როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ექსპორტს განახორციელებს ქართველი მეწარმე. ეს ძალიან დიდ ეფექტს მისცემს ქართულ ეკონომიკას. ქართველ ბიზნესმენებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ახალი ბაზარი აითვისონ. ევროპის ბაზარზე შესვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ძალიან მაღალი სტანდარტებისკენ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

 

მეწარმეები საუბრობენ რეგულაციებზე, რომელთა დაკმაყოფილებას ისინი შესაბამის ტექნიკური საშაუალებების, მაგალითად, შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ შეძლებენ. რას იტყვით ამაზე?

 

 ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია პუნქტები, რაც უნდა შევასრულოთ. საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ, არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტი იქნება, უნდა გაიაროს გარკვეული ეტაპები ზუსტად იმ სტადარტების შესაბამისად, რა სტაბდარტებსაც გვთავაზობს ევროპა. ავიღოთ თაფლის შემთხვევა – პირდაპირ არის მოცემული ხელშეკრულებაში, როგორ უნდა ვაწარმოოთ თაფლი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ლაბორატორიები, სადაც შეამოწმებენ ხარისხს და გასცემენ შესაბამის სერთიფიკატს. ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები, რომლებიც არ შესააბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, გვჭირდება გარკვეული დრო, რომ შეძლონ პროდუქტის შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რომც შევიდეთ ევროპის ბაზარზე, ვერ გავუწევთ კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ პროდუქციას.

 

 რეგულაციები გარკვეულ დანახარჯებსაც ხომ ითვალისწინებს. რა იქნება ეს დანახარჯები?

 

 ძალიან რთულია წინასწარ ვისაუბროთ იმაზე თუ რა ოდენობის დანახარჯები გვექნება, ან ექნება მეწარმეს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ ნიადაგის მომზადება. პირველ რიგში, ეს არის იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დაწყებული აქვს მუშაობა ამ კუთხით. 2012 წელს სამინისტრომ გამოუშვა სახელმძღვანელო მეწარმეებისთვის, ეს არის სამეწარმეო კოდექსი, რომელიც ამბობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირისთვის შესაბამისი პროდუქციის წარმოება საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სტანდარტი, რომელმაც უნდა იმუშავოს აისოს სტანდარტების დანერგვაზე. ეს არის ყველაზე აპრობირებული სტანდარტი ევროპაში.

 

ასევე გვაქვს ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი და ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა იმუშავოს შესაბამისობაზე, ანუ ქართული პროდუქცია როგორმე უნდა შევუსაბამოთ ევროპის პროდუქციას. ეს არის მთლიანი ციკლი, რომლის ღირებულება, თუ რა დაგვიჯდება რომ ავაწყოთ ის, ძალიან რთული სათქმელია.

 

როდის გვექნება ლაბორატორია?

 

უკვე გავლილი გვაქვს რაღაც ეტაპები და გარკვეულწილად შესრულებული ის მოთხოვნები, რაც ჩადებულია ასოცირების ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ლაბორატორიებს, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ლაბორატორია საქართველოში, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ამას არა აქვს მასიური ხასიათი. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას მაღალი სტანდარტების ლაბორატორიები. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ეს, ადგილობრივი მეწარმეებიც უფრო ადრე შევლენ ევროპის ბაზარზე.

 

 თქვენი სავაჭრო პალატა როგორ დაეხმარება მეწარმეებს?

 

 ხელშეკრულებაში გაწერილ კონკრეტულ მუხლებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ფუნქციაა გავწიოთ კონსულტაციები. ინფორმაცია იმ რეგულაციებზე, რაც იქნება ხელშეკრულებით მოთხოვნილი ამომწურავად უნდა მივაწოდოთ ადგილობრივ მეწარმეებს. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: