კვირის ამბები

ოთხი დღე პოლონეთში

14.07.2014 • 3614
ოთხი დღე პოლონეთში

პირველი, რაც პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს სავოევოდოშო, სილეზიაში ჩასვლისთანავე გხვდება თვალში – ხასხასა სიმწვანეა. მიუხედავად იმისა, რომ სილეზია მაღაროების სიმრავლითაა ცნობილი, ვერსად ნახავთ მაღაროებისა და მაღაროელების მძიმე შრომის კვალს. მაღაროები მწვანე ველებით, ფოთლოვანი ტყეებითა და კოპწია ქალაქებით გაშენებული სილიზიის მიწისქვეშეთია, მიწის ზემოთ კი ისეთი წარმოდგენა გექმნება, რომ სილეზიის 16-ვე ქალაქი პირდაპირ ტყეებშია გაშენებული. აქ ქალაქები მცირე მანძილითაა დაშორებული ერთმანეთს და ამ წარმოდგენას უფრო აძლიერებს სანახაობა: თუ მანქანის ფანჯრიდან ყურადღებით დააკვირდებით მიდამოს, ღობეებით შემოსაზღვრულ ტყეებსა და პარკებში შესაძლოა ირემსაც კი მოჰკრათ თვალი.

იასნაია გორასშავი მადონა

 

ჩასვლიდან პირველივე დღეს ჩვენს პოლონელ მასპინძლებს ჩენსტოხოვოში, „იასნაია გორაზე“ მივყავართ. „ნათელი მთა“- ასე ითარგმნება მონასტრის სახელწოდება, სადაც პავლინების ორდენის კათოლიკე ბერები საუკუნეებია იცავენ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხატს, რომელსაც „შავ მადონას“ უწოდებენ, ხატის მუქი შეფერილობის გამო.

სამუშაო დღეა, თუმცა მონასტრის ეზო სავსეა ტურისტებითა და მომლოცველებით. გიდობას ბერი რომანი გვიწევს, რომელიც უკვე 30 წელია, 19 წლიდან, ამ მონასტერში ცხოვრობს. იგი გვიხსნის, რომ მონასტერს ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის არიან მორწმუნეებიც, რომლებთაგან ზოგიერთი ფეხით 600 კილომეტრს გამოივლის, რომ იასნაია გორას „შავი მადონა“ მოილოცოს და საჩუქრები მოართვას. საჩუქრებისთვის მონასტერში ცალკე ადგილია გამოყოფილი, სადაც შუშის ქვეშ ასეულობით საჩუქარს ნახავთ: ქარვა, ოქრო, ვერცხლი… მათ შორისაა ცნობილი ადამიანების მიერ მონასტრისთვის შეწირული საჩუქრები. მონასტერშივეა უნიკალური ბიბლიოთეკები. ძველ ბიბლიოთეკაში, რომელიც 20 სხვადასხვა ჯიშის ხისგანაა მოპირკეთებული, ყველაზე ახალი წიგნი 1800 წელსაა გამოცემული, ყველაზე ძველი წიგნი კი 1457 წელს. ძველი ბიბლიოთეკის შუაგულში უზარმაზარი ხის მაგიდა დგას. ბერი რომანი გვეუბნება, რომ მაგიდის მონასტრიდან გატანა აქ შემოსულ  გერმანელ ნაცისტებს უნდოდათ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან მაგიდა ბიბლიოთეკაშივეა დამზადებული და მისი ზომების გამო მაგიდის გატანა გარეთ დაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„შავი მადონას“ ნახვის საშუალება ჩვენც მოგვეცა, წირვაზე, ზიარებისას, როცა „შავი მადონას“ საბურველი აიხადა, რომელიც მას დღე-ღამის მანძილზე ფარავს. რომანი გვიხსნის, რომ ღვთისმშობელი პოლონეთის დედოფლადაა მიჩნეული და მას, როგორც დედოფალს, „მიღების დრო“ აქვს, ამიტომაცაა დაფარული ხატი დანარჩენ დროს.

310 მეტრი მიწის ქვეშ ტურიზმი მაღაროებში

ლიფტის რკინის ყვითელი კარი იხურება და მიწისა და ბეტონის გვირაბში ვეშვებით. თავზე ყველას ჩაფხუტი გვახურავს. 2-3 წუთში „გვიდოს“ ფსკერზე ვართ, 310 მეტრზე მიწის ქვეშ. მაღარო, სადაც წლების მანძილზე პოლონელები ქვანახშირს მოიპოვებდნენ, უკვე შვიდი წელია ტურისტული ობიექტია. ირენეუშ კოცონი, ძველი მაღაროელი, ახლა გიდია, ტურისტებს „გვიდოს“ ლაბირინთებში დაატარებს, უხსნის როგორ მოიპოვებდნენ ქვანახშირს, იხსენებს, წლების მანძილზე მაღაროში დანადგარების ხმაურისგან დაღლილს როგორ ეუბნებოდა ცოლი, ნუ ყვირიო, როცა მას ეგონა, რომ ხმადაბლა საუბრობდა.

„გვიდოში“ ქვანახშირს ახლა აღარ მოიპოვებენ, თუმცა შვიდი წლის წინ ქალაქ ზარბჟეს (ამ ქალაქში 186 ათასი ადამიანი ცხოვრობს) მმართველებმა გადაწყვიტეს მაღარო ტურისტულ ობიექტად ექციათ. „გვიდოს“ რეაბილიტაციასა და ტურისტულ ობიექტად გადაქცევას 90 მილიონი პოლონური ზლოტი დასჭირდა, რომელიც ევროკავშირმა საგანგებოდ „გვიდოსთვის“ გამოყო. ირენეუში გვეუბნება, რომ წელიწადში დაახლოებით 130 ათასი ადამიანი სტუმრობს „გვიდოს“, 310 მეტრის სიღრმის მაღაროში საგანგებოდ „გვიდოსთვის“ ჩამოსხმული ლუდის დალევაცაა შესაძლებელი, სპექტაკლის ნახვაც და სადილის მირთმევაც. სუსტი შუქით განათებული მაღაროს გვირაბებიდან უცებ აღმოჩნდებით „გვიდოს“ ფეშენებელურ ნაწილში, სადაც რესტორანიც არის, ბარიც და თეატრის დარბაზიც კი. „გვიდო“ ქალაქ ზაბრჟეს სიამაყეა, საფეხბურთო გუნდთან ერთად, რომლისთვის სტადიონის ასაგებად 200 მილიონი პოლონური ზლოტი დაიხარჯა.

„ჯერჯერობით ეს ინვესტიციებია, რასაც ჩვენ ქალაქის განვითარებისთვის ვდებთ“, – გვითხრა ზაბრჟეს მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა (ასე უწოდებენ პოლონეთში ქალაქის თავს), რომელმაც საგანგებო მიღება გაუმართა ქართველ ჟურნალისტებს ქალაქის მმართველობაში. „მაღარო  გვიდო არის ის, რაც განასხვავებს ჩვენს ქალაქს. ეს პოსტინდუსტრიული ტურიზმია, რომელსაც აქვს პერსპექტივა. ზაბრჟე ინდუსტრიის დედაქალაქია.“

სილეზია პოლონეთში მაღაროების სიმრავლით გამოირჩევა. 16 ქალაქისა და მათ დამაკავშირებელ გზებს ქვეშ 30 მაღაროა. მათგან ზოგი მოქმედია, ზოგიც გაუქმებული, რამდენიმე უკვე ტურისტული ობიექტია და ასე აგრძელებს ახალ სიცოცხლეს. ჩვენი პოლონელი მასპინძელი ბართლომეი კამინსკი გვეუბნება, რომ არის გეგმა, რომლის განხორციელებისთვის მზადება უახლოეს წლებში უნდა დაიწყოს – სილეზიის მიწის ქვეშ არსებული მაღაროები ერთმანეთს გვირაბებით უნდა დაუკავშირდეს.

 

პრესტურის მეოთხე დღეს ველიჩკაში,  ცნობილ მარილის მაღაროებში მივდივართ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეატანილი. აქ მარილის მოპოვება ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში დაიწყეს. ახლა ველიჩკას მაღარო პოლონეთის უმსხვილესი ტურისტული ობიექტია. მარილის უზარმაზარ მაღაროში, სადაც ეკლესია, დარბაზები და გალერეებია, ყოველ დღე ასობით ადამიანი ჩადის.  დერეფნებში ხშირად ნახავთ სურათს, ტურისტები ხელს უსვამენ მაღაროს კედელს და ჩუმად უსინჯავენ გემოს – მარილია, კი.

 

კრაკოვი სამეფო ქალაქი

 

თუ პოლონეთში წასვლას გადაწყვეტთ, ქალაქი კრაკოვი ალბათ პირველი უნდა იყოს იმ ჩამონათვალში, რის მონახულებასაც დაგეგმავთ. პოლონეთის კულტურული დედაქალაქი – ასე უწოდებენ კრაკოვს პოლონელები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის.

ათასწლოვანი ისტორიის მქონე კრაკოვი ალბათ ყველაზე ახალგაზრდული ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს და არა მხოლოდ ახალგაზრდების სიმრავლის გამო, რომლებიც კრაკოვში სასწავლებლად ან ტურისტებად ჩადიან; მიუხედავად იმისა, რომ კრაკოვის ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული, ეს არის არა ქალაქი-მუზეუმი, არამედ ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ასეულობით წლების წინ აშენებულ სასტუმროებს ისევ სასტუმროს ფუნქცია აქვს, ქალაქის კარიბჭესთან პოლონელი მუსიკოსები მღერიან, ისევ მუშაობს უძველესი ბაზარი ქალაქის შუაგულში, ხოლო კრაკოვის გულში, სამეფო ქალაქის მთავარ მოედანზე, შეგიძლიათ უგემრიელესი კრაკოვული ძეხვი, პური და ლუდი შეიძინოთ, იქვე მოკალათდეთ და მიირთვათ.

კრაკოვში ჩასულებმა ალბათ აუცილებლად უნდა ნახოთ ვაველის სასახლე, ეკლესია, სადაც ცნობილი პოლონელები, მეფეები, ეპისკოპოსები და გამოჩენილი პოლონელები არიან დაკრძალული, მათ შორის ლეხ და მარია კაჩინსკები, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ; იაგელონის უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უძველესი ევროპაში და უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ისეირნოთ კრაკოვის ვიწრო და ლამაზ ქუჩებში.

და კიდევ ერთი რამ, კრაკოვის გულში, მოედანთან ახლოს, ეკლესიასთან, ყოველი საათის ბოლოს აუცილებლად შეჩერდით, ეკლესიის კოშკში მესაყვირე ქალაქის ოთხივე მხარეს უკრავს. ამ დროს, კოშკის ქვეშ შეკრებილი ტურისტები სურვილს იფიქრებენ და ტაშის კვრით ეგებებიან მესაყვირეს. თუ მესაყვირემ ხელი დაგიქნიათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კრაკოვში ისევ დაბრუნდებით. ამბობენ, რომ მესაყვირე გულს თითქმის არასდროს წყვეტს ტურისტებს – კრაკოვი სტუმართმოყვარე ქალაქია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: