კვირის ამბები

ფერების სიმბოლიზმი ჩაცმის კულტურაში

07.06.2014 • 2976
ფერების სიმბოლიზმი ჩაცმის კულტურაში

 

 

 

 


ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ტანისამოსი, აქსესუარები და ა.შ. არის პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი?

 

 ყველა ადამიანს აქვს თავისი პიროვნების ინდივიდუალური გაფართოვება, რომლის საშუალებითაც ის საზღვრავს დისტანციას სხვა ადამიანებთან. ზოგიერთს ეს პიროვნული სივრცე აქვს ძალიან ფართო და ასეთ ადამიანებთან როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ კონტაქტში შესვლა რთულია. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პიროვნული სივრცის რკალი უფრო ახლოს აქვთ საკუთარ ფიზიკურ სხეულთან, მათთან მიახლოება და კონტაქტი უფრო იოლია. პიროვნული სივრცის გაფართოებაა ტანსაცმელი: საზღვარი და ჩარჩოა ჩემი პიროვნების, რომლითაც მე სიგნალს მივცემ საზოგადოებას, გარე სამყაროს. მე გაუცნობიერებლად ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ჩემთან მოახლოება. თუ დავაკვირდებით, მკაცრი ჩაცმულობის ადამიანებთან შეიძლება გაგიჭირდეს პირდაპირ კონტაქტში შესვლა.

 

 ესეც სტერეოტიპი ხომ არ არის?

 

 კი, ესეც ერთგვარი სტერეოტიპია და აგიხსნით რატომ. რაღაც პერიოდი ვიკვლევდი ქართულ კულტურაში ტანსაცმლის ფერებს, საქართველოს მთიანეთის მაგალითზე. სტერეოტიპულად ვიცით, რომ გლოვის ფერი შავია, მაგრამ საქართველოს მთიანეთში გლოვის ფერი იყო როგორც თალხი, ასევე თეთრი და იისფერიც. თუმცა, როცა მგლოვიარე ადამიანი ამ ფერს იცვამს, ჩვენ სხვა განწყობები გვიჩნდება. შავებში ჩაცმულ ადამიანების მიმართ კი უფრო მეტი რიდი გვაქვს. როცა ფერს რაღაცის სიმბოლოდ აღვიქვამთ, უკვე სტერეოტიპული ხდება.

 

უცხოელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქართველების ჩაცმულობაში სჭარბობს მუქი ტონი, ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, რა განწყობებს უსვამს ხაზს შავი ფერი?

 

 კვლევის გარეშე რთულია ამის პირდაპირ თქმა. ჩვენ არ ვიცით, რას ამბობდნენ თუნდაც იგივე უცხოელები 1990-იან წლებამდე ქართველების ჩაცმულობაზე. იყო შავი ფერი ასეთივე პოპულარული საქართველოში თუ არა. მაგრამ, ერთი კი არის – ქართველებს გვახასიათებდა გახანგრძლივებული გლოვა. თუმცა, ვერც ამას განვაზოგადებ.

 

შავი ფერი მოდურობას უსვამს ხაზს, თუ შინაგან განწყობას?

 

ესეც სტერეოტიპულია, რომ შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ტონები ითვლება მკაცრი ფერებად. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში იყო, რომ თუ შავი ხავერდის პიჯაკი ან კაბა გეცვა, უკვე გამოპრანჭული და მისაღები იყავი. საქართველოში შავი ფერი იყო რაღაც სტატუსის განმსაზღვრელი. ახლაც ასეა – შავი ჯიპი, შავი სათვალე… რესპექტაბელურობის, სიმდიდრის განმსაზღვრელია.

 

რესპექტაბელურობას მაინცადამაინც შავი ფერი რატომ დაუკავშირდა?

 

 

 ამას შეიძლება ბევრი ახსნა მიეცეს, მაგრამ ფაქტი ერთია – შავი ჯიპი, პიჯაკი და სათვალე ძალიან „ისეთი“ იმიჯია. იყო პერიოდი, როცა შავი ტყავის „კურტკა“, იარაღი და საქმის გარჩევა შავი სამყაროს იმიჯს განსაზღვრავდა.

 

ტყავის შარვალი, მძიმე მაკიაჟი, მეტალის აქსესუარები წლების განმავლობაში ასოცირდებოდა როკმუსიკასთან. თუმცა, დახეული ჯინსები ან რკინის აქსესუარები დღესაც ასოცირდება ურწმუნოებასთან ან უზნეობასთან…

 

 

 კი, სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი დღემდე არსებობს – არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არ იაზრებენ, რომ ეს ჩვეულებრივ, მასობრივი მოდაა.

 

 ბოლო პერიოდში საქართველოში როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა დაიწყეს ფერადი ტანსაცმლის ტარება. ფერადი ტანსაცმელი, საყურეს ტარება უფრო მამაკაცებისთვის საქართველოში რამდენად უსაფრთხოა?

 

 არსებობს დამოკიდებულება, რომ თუ საყურეს ატარებს კაცი, მწვანე პიჯაკზე წითელი შარვალი აცვია, ჰომოსექსუალია. ამის გამო მათ თავს ესხმიან კიდეც. ეს სტერეოტიპი ჩვენში ბავშვობიდან ზის, რადგან დაბადებიდან გვისაზღვრავენ ფერებს – ბიჭს ცისფერ ტანსაცმელს აცმევენ და გოგოს ვარდისფერს. ფერი გენდერს განსაზღვრავდა ჩვენთან და ასე მოდის ინერციით, რომ მამაკაცს უნდა ეცვას სადად და ქალს უფრო ფერადოვანი.

 

 ხომ არ არის ეს საბჭოთა კულტურის შედეგი – როგორც მახსოვს ქალის სექსუალურობას ან მამაკაცის მასკულინურობას არ უსვამდა ხაზს საბჭოთა მოდა…

 

 არამგონია, – საბჭოთა პერიოდში გავიზარდე და კარგად მახსოვს: საბჭოთა კოლმეურნე თუ მუშა ქალებს ეცვათ ჭრელი და ფერადყვავილებიანი კაბები. იყო მოკლე კაბებიც და წელში გამოყვანილი კაბებიც, ამიტომ მთლად საბჭოთა კულტურის გაგრძელებად ამას ვერ მივიჩნევთ.

 

 ხშირად მსმენია, რომ აგრესიული სტილი არის პროტესტის ერთგვარი ფორმა. არის ეს ასე?

 

მე გამომწვევს უფრო დავარქმევდი ამას, ვიდრე პროტესტს.

 

 გამოწვევა არ არის პროტესტი?

 

 შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ უფრო მეტად ყურადღების მიქცევის ფორმაა, გამორჩეულობის საშუალება.

 

 არის ფერები დაკავშირებული ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან თუ ესეც სტერეოტიპულია, – თუ მუქი გაცვია სულიერი ტკივილები გაქვს, თუ ღია – ბედნიერი, თავდაჯერებული?

 

 ხშირად გარეგნული ფორმა განსაზღვრავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, მაგრამ არც ამის განზოგადება შეიძლება. ესეც ინდივიდუალურია, გააჩნია ადამიანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: