კვირის ამბები

მე, ხიჭაურში მცხოვრები, მეუფე სპირიდონზე

29.05.2014 • 2245
მე, ხიჭაურში მცხოვრები, მეუფე სპირიდონზე

 

იქნებ მეც მინდოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, ჩემი სათქმელის თქმა?! მაგალითად, თუნდაც ის, რომ „თურქი თურქეთში მიყვარს“, მაგრამ ეს კაცი, მეუფე, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას უნდა, ანუ ხალხს არაფერს ეკითხება.

 

ახლა თურქებზე არ ვაპირებ საუბარს, მინდა მოგიყვეთ მეუფე სპირიდონზე, რომელმაც თურქები დაგმო, მე კი ულუკმაპუროდ დამტოვა. ეს არის მეუფე, რომელიც იმას აკეთებს, რასაც მეუფე არ უნდა აკეთებდეს. მეუფე, მისთვის მიუღებელი აზრის გამოთქმაზე თუნდაც ხელფასის მომატების მოთხოვნაზე, სამსახურიდან ათავისუფლებს ადამიანებს.

 

ხალხი დღეს სწორედ უხელფასოდ დარჩენის შიშით დუმს, ანუ ვერავინ ვერაფერს ამბობს მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით.

 

მაგრამ სახარებაში წერია, პირს უკან ნუ ილაპარაკებ, ამხილეო და მეც მინდა გიამბოთ.

 

ხიჭაურში უნივერსიტეტის გახსნამდე ეკლესიაში სტიქაროსნად ვმუშაობდი – 100 ლარი მქონდა ხელფასი. როცა მშენებლობა დაიწყო, მეუფემ სატრაპეზოში გადამიყვანა და 250 ლარი დამინიშნა. ერთხანს სტიქაროსანიც ვიყავი და ტრაპეზარიც, მერე ვეღარ მოვახერხე მუშაობა, დრო აღარ მყოფნიდა და მხოლოდ ტრაპეზს ვამზადებდი პატარა ოთახში, სადაც არც წყალი მქონდა და არც არანაირი სამუშაო პირობა.

 

ერთ დღესაც მეუფეს ოთახის გაფართოება და ხელფასის მომატება ვთხოვე. ოთახი გავაფართოვე, მოვაწყვე და სამსახურიდან სწორედ მაშინ გამიშვა. ჩემს ნაცვლად კი ერთ-ერთი მამაოს ცოლი დანიშნა.

 

მეუფემ ისე გამიშვა სამსახურიდან, მიზეზი არ უთქვამს, ჩემი გათავისუფლების ამბავი მამაოებისგან გავიგე, თურმე აღარ უნდა მემუშავა, ასეთი კურთხევა იყო მეუფესგან. არ მიცდია მიზეზი გამეგო, მეუფისთვის მეკითხა, რატომ გამათავისუფლა, რადგან აზრი არ აქვს. უკვე წლებია ვხედავდი სხვებს როგორ ექცეოდა, რა მდგომარეობაში აყენებდა და მე რაღა უნდა მეთხოვა. ზოგადად, მეუფისთვის კითხვის დასმა არ შეიძლება – რამე რომ ჰკითხო, ვინ ხარ და როგორ მეკითხებიო გიპასუხებს, გაგიბრაზდება.

 

დიახ, ხიჭაურში მამაოების ნათესავები და ოჯახის წევრები საქმდებიან. მეუფე კი, რომელიც აქ ყველაფერს მართავს, ავიწროვებს მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს. მაგალითად, დაუკანონებელ ბინებზე მოსახლეობას კარები აუჭედა, ეუბნებოდა, მაინც არ დაგიკანონებენო. ერთ ქალს კი ბარის კარები მხოლოდ იმიტომ აუჭედა, რომ მისი ადგილის მისაკუთრება უნდოდა.

 

ასე ჩანს, მეუფე ხიჭაურის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების „დათრევით“ კიდევ დიდ ხანს იქნება დაკავებული. სწორედ ამ მეთოდით მიითვისა მან შენობა, რომელშიც რუსის ჯარის ხიჭაურში ყოფნის დროს ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა და რომელიც შემდეგ სასაზღვრო ჯარმა დაიკავა. გავერანებული შენობა მეუფემ ხუთი წლის წინ გადახურა და ასე „დაიზანიატა“ შენობა, რომელიც დღემდე არაფერში გამოუყენებია. მთავრობა მეუფეს არაფერს ეუბნება, მაშინ, როცა იქვე მცხოვრებ უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს არაფრის უფლება არ აქვს.

 

მეტიც, მეუფეს შეუძლია მორწმუნე ეკლესიაში არ შეუშვას, თუ ის ამ მორწმუნეზე გაბრაზებულია. მსგავს ფაქტს პირადად შევესწარი – ქალბატონი, რომლის ბარის კარებიც მეუფემ აჭედა, ერთ დღესაც ეკლესიაში დავინახე, მას რაღაცას სთხოვდა. ჩემგან შორს იყვნენ და არაფერი მესმოდა. უცებ მეუფემ ქალს ხელი აუქნია და მეორე სართულზე ავიდა. მიხმეს, მეუფე გეძახისო. მივედი და მითხრა, ეს ქალი ეკლესიაში რატომ შემოუშვი, ასე თუ გააგრძელებ, სამუშაოს დატოვებ, აქაური ხარ და ხალხი რას იტყვის უნდა ვიცოდეო.

 

უნდოდა, რასაც მასზე იტყოდნენ, სიტყვა-სიტყვით მისთვის მიმეტანა.

მეუფე სპირიდონი ერთ-ერთ მოსახლეს იცით რატომ ეჩხუბა? – შეშა, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე მოიტანა, ეზოში როგორ დაყარაო.

 

მეუფე სხვა ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა და სჩადის. ადრე თუ ვინმე ადგილობრივი რამეს იტყოდა, ყველაფერზე ვანო მერაბიშვილს ურეკავდა. ახლა სხვა ბერკეტს იყენებს – არავინ არაფერს იმის შიშით არ ამბობს, რომ სამსახურიდან გაგდების ეშინია.

 

სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერზე, მათ შორის ხიჭაურის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის „დათრევის“ შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმაცია იმიტომაც მაქვს, რომ როცა მეუფე ამ გეგმებს აწყობდა, მაშინ მე სტიქაროსანი ვიყავი.

 

სხვები თავს უხრიან, მაგრამ მე თავს არ დავუხრი. მეუფეს ასეთი წესი აქვს – პატიება უნდა სთხოვო, მუდმივად უნდა დაუჩოქო, კალთაზე ემთხვიო. ამბობს, ნამდვილი ქრისტიანი მაშინ ხარ, თუ მორჩილი იქნებიო. დიახ, მე, ისე როგორც სხვები, მეუფე სპირიდონისგან ბევრ უსამართლობასა და ძალადობას ვხედავ და ვიღებ.

 

მე მინდა საზოგადოებამ შეიტყოს ძალადობისა და დამცირების შესახებ, რომელსაც ის ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ეწევა. ასევე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე არაფერი დამიშავებია და არ ვაპირებ მეუფე სპირიდონისთვის პატიების თხოვნას.

 

სხვათა შორის, ბიბლია ძალადობას არ ქადაგებს.

 

P.S. მოსაზრებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად “ბათუმელები” დაუკავშირდა ხიჭაურის უნივერსიტეტს, სადაც მეუფე სპირიდონი რექტორია. ამ საკითხზე უნივერსიტეტში განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

 

ჯამბულ ჯაყელი

გადაბეჭდვის წესი