კვირის ამბები

ჩვენ, ყველანი, სალტკროკელები ვართ

28.05.2014 • 5239
ჩვენ, ყველანი, სალტკროკელები ვართ

როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ემილის ამბების მიმართ. როგორ შეიძლება, სულ, მთელი ცხოვრება არ გახსოვდეს, როგორ გაეჩხირა თავი საწვნეში, როგორ შეღება დაიკო იდა, როგორ გამოთვრა თვითონ და დაათრო გოჭუნა, როგორ უნდა დაგავიწყდეს მისი თოფუკა და კეპუკა, ოინების უსაზღვრო მარაგი და დიდი, უზარმაზარი, ბავშვური და კეთილი გული…

ან კარლსონის დავიწყება იქნება? შინამტანჯველისა და ფუნთუშების, ბოსესა და ბეტანის, ბიჭუნასა და ბიმბოს ამბები და ზომიერად ფერხორციანი გოდორას ისტორიები, მხიარულად რომ გადასძახებს ხოლმე ქალაქს: უტი, ბოსე, ბუსე, ბასე, დავისვენოთ, ვიყოთ ასე!

book_4dd67d3725658

პეპი, ტომი და ანიკა, ფუღუროიანი ხე, ბრაზიანი დეიდები, უზარმაზარი ფეხსაცმელები და პატარა გოგო, რომელიც წიგნის ფინალში ძილმორეული თვალებით უყურებს სანთლის ალს და ამ დროს არ შეიძლება, არ აგეტიროს, მაგრამ ვერ გაიგებ, მაინც რა გატირებს.

ბიულერბიუელობაზე კიდევ ვის არ უოცნებია? ექვსი ბავშვი ერთმანეთის მეზობლად, ნადირობები, თევზაობები, ღამის თევები, მშობლები და კეთილი ბაბუა, ან კალეს გამოძიებები, ევა-ლოტა, ვარდების ომი, ან მიო, ან რონია, ეშმაკის ფეხი, პატარა ლოტა, და უამრავი უსაყვარლესი გმირი, რომლებმაც უამრავი ადამიანის ბავშვობა შექმნა. მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ფავორიტს, დაუვიწყარ და საყვარელ წიგნს, რომელიც მილიონჯერ წავიკითხეთ და კიდევ მილიონჯერ წავიკითხავთ -ცოტა ნაკლებად დაფასებული, „ჩვენც სალტკროკელები ვართ“.

კუნძული სალტკროკა ის აღთქმული კუნძულია, რომელზეც ყველას უოცნებია ოდესღაც. მელკერსონები, გრანკვისტები, სტინა, ბაბუა სიოდერმანი და ამ კუნძულის სხვა მცხოვრებები ის სახეებია, რომლებსაც ერთხელ თუ შეხვდით, მერე მთელი ცხოვრება არ მოგასვენებენ.

ყველაფერი ზაფხულში იწყება, როცა მელკერსონები, სრული შემადგენლობით, კუნძულ სალტკროკაზე ჩადიან. მელკერი, მალინი, იუხანი, ნიკლასი, მალინი და პელე. კუნძულზე კი საოცარ ადამიანებს ხვდებიან და უამრავი თავგადასავალი გადახდებათ. ყველაფერი რეალური და ადამიანურია, თითქოს ყველას ზაფხულის ამბები იცოდა ასტრიდმა, თითქოს ყველას სიზმრები და ოცნებები ნახა და გაითვალისწინა: საიდუმლო კუნძულები, ქოხი, შინაური ცხოველები, მარტო წასვლა სათევზაოდ, უფროს და უმცროს ბავშვებს შორის მუდმივი ომი, მძიმე წუთები, ცრემლები, განსაცდელი…

და რაც მთავარია, ეს წიგნი ნამდვილად მოჯადოებულია: ყველა გვერდის მერე, ყველა ყელში მოწოლილი ბურთის მერე სულ უფრო უკეთესი ხდები, უფრო მეტად გიყვარს ადამიანები და ამ სიყვარულს მერე მთელი ცხოვრება ვეღარ აღწევ თავს. მთავარი ისაა, რომ იჯერებ – ადამიანი ისეთი ცუდი არსება სულაც არ არის, როგორსაც ზოგჯერ მწერლები ხატავენ, ან როგორც ჩვენი უარყოფითი გამოცდილება აჩვენებს.

„ეს ქვეყანა მართლა ჭმუნვა, სევდის კუნძული როდიაო“, ამბობს ჩორვენი და მართალიცაა, ცხოვრებას მეორე მხარეც აქვს, აი, ასეთი მხარე: შეიძლება, ძალიან მშიერი იჯდე და უეცრად სრულიად უცნობი ქალი მოგადგეს მოხრაკულხორციანი ქვაბით, შეიძლება, მთელი კუნძული ფეხზე დადგეს, რომ შენ შენი საოცნებო სახლის ყიდვა შეძლო, ადამიანებს შეიძლება ცრემლები მოადგეთ ცხოველის დაღუპვაზე, თოვლში თუ ჩავარდებით, შეიძლება, ლამაზმა, მწვანეთვალება გოგომ ამოგიყვანოთ, თავის ლოგინში ჩაგაწვინოთ და გაყინული ფეხები გაგითბოთ…

„ნეტავ თუ მომცემს ფრთებს განთიადი, რომ დავესახლო მე ზღვის კიდეზე“… განთიადი არ ვიცით, მაგრამ ეს წიგნი ნამდვილად იძლევა უხილავ ფრთებს, რომლებიც მერე, ცხოვრებაში, ბევრი განსაცდელიდან გარიდებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

ავტორები: მარი კორინთელი, ირაკლი ბაკურიძე. მაღაზია „წიგნები ბათუმში”

 

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: