კვირის ამბები

კითხვის პროექტი – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის

14.05.2014 • 2176
კითხვის პროექტი – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის

 

დაწყებითი განათლების პროექტში აჭარაში თორმეტი სკოლა მონაწილეობს. პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ სკოლაში პედაგოგებს სპეციალურად მომზადებული ტრენერები გადაამზადებენ. საჯარო სკოლის მასწავლებლებს ასწავლიან, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს კითხვა და მათემატიკა.

 

 

პროექტში ჩართვამდე ტრენერები თავად გადიან მომზადებას. ქვეყნის მასშტაბით სულ 100 ტრენერია შერჩეული. პერიოდულად ტრენერთა რიგები ახალი კადრებით ივსება.

 

 

სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით შეარჩიეს. ამჟამად საპილოტე სკოლები იყოფა სამ კატეგორიად: მცირე ზომის სკოლები (200 მოსწავლემდე), არის საშუალო (600 მოსწავლემდე) და დიდი ზომის სკოლები (600 მოსწავლეზე მეტი).  სამივე ტიპის სკოლები საქართველოს თითოეული რეგიონიდან იმის პროპორციულად არის წარმოდგენილი, თუ რამდენი ასეთი სკოლაა ამ რეგიონში.

 

 

„პროექტის მიზანია I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეთა კითხვისა და მათემატიკური აზროვნების უნარების განვითარება. მიზნის მისაღწევად ხდება მასწავლებელთა გადამზადება, დირექტორთა კონსულტაციები, საბავშვო ლიტერატურის შექმნა, დაბეჭდვა და შეტანა საპილოტე სკოლებში, მათემატიკის სასწავლო ბარათების შექმნა და საკლასო ოთახებში გამოყენება, სხვა სასწავლო თვალსაჩინოებების შექმნა და დარიგება. პროექტი ასევე მუშაობს მშობელთა ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და სასწავლო გარემოს და მეთოდების განახლებაზე,“ – ამბობს USAID GEORGIA -ს განათლების პროექტების მართვის სპეციალისტი მედიკო კაკაჩია.

 

 

პროექტის ერთ-ერთი ამოცანა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების უნარ-ჩვევების გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით არიან შერჩეული ტრენერები, რომლებიც მასწავლებლებს გადაამზადებენ.

 

 

„პროექტის ძირითადი ბირთვი არის ეროვნული ტრენერები, რომელთა მოვალეობაში შედის საპილოტე სკოლების დაწყებითი სწავლების, ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთა გადამზადება კითხვისა და მათემატიკის უნარების სწავლებაში. ეროვნული ტრენერები შევარჩიეთ 2012 წელს კონკურსის წესით. ტრენერთა საჭირო რაოდენობა წინასწარ იყო განსაზღვრული რეგიონების მიხედვით. სულ შერჩეულია და დღეისთვის პროექტში მონაწილეობს 50 ტრენერი კითხვის უნარების მიმართულებით და 50 – მათემატიკის უნარების მიხედვით,“ – ამბობს მედიკო კაკაჩია.

 

 

მიმდინარე წელს 25 კითხვისა და 25 მათემატიკის ტრენერის ვაკანსია გამოცხადდა.   უკვე შერჩეულ ტრენერთა კორპუსის შევსება დამატებითი ტრენერებით საქართველოს შემდეგ რეგიონებშია საჭირო: სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი-ნინოწმინდა), აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, იმერეთი და გურია. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენერად მომზადების პროგრამას და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვებიან პროექტში. 

 

 

პროექტი ხორციელდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მხოლოდ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ვამზადებთ, ხოლო მეხუთე-მეექვსე კლასიდან ჩართული არიან მხოლოდ ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები. დღეისათვის პროექტისთვის მუშაობს 100 ტრენერი, რომლებიც, ჯამში,  2300 მასწავლებელს გადაამზადებენ.

 

 

„პროექტის დასაწყისში დიაგნოსტირება ჩატარდა ბავშვების კითხვისა და მათემატიკის უნარებში. მაგალითად, განისაზღვრა გამართული კითხვის დონე, გაგება-გააზრების უნარი, და ა.შ. პროექტის დასრულებისას იმავე უნარებს და შედეგებს შევადარებთ საწყის მონაცემებს. ამ ანალიზის შედეგად შეიქმნება კითხვისა და მათემატიკის უნარების განვითარების საბოლოო მოდელი, რომელიც გადაეცემა განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ მოხდეს მისი რეპლიკაცია სხვა სკოლებში სამინისტროს მიერ,“ – ამბობს მედიკო კაკაჩია.

 

 

„საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ 8,7 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული და კიდევ ორი წელი გაგრძელდება.

 

 

რაში დაეხმარება ტრენინგები მასწავლებლებს? როგორც მედიკო კაკაჩია ამბობს, მასწავლებლებს ტრენინგებზე მიღებული კრედიტები პროფესიულ განვითარებაში ჩაეთვლებათ:

 

 

„სამინისტრო კრედიტებს აძლევს მასწავლებლებს ტრენინგის გავლაში და ამ ტრენინგებზეც იღებენ მასწავლებლები კრედიტებს. პროფესიული განვითარების  სქემის მიხედვით, რაღაც რაოდენობის კრედიტებს რომ დააგროვებენ, მერე გადადიან მომდევნო საფეხურზე, რაც საბოლოოდ აისახება პედაგოგთა  ანაზღაურებაზე“.

 

 

 

ტრენერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება  მათემატიკის, ქართული ენის სპეციალობით, ან დაწყებითი საფეხურის საგნების შესაბამის დისციპლინებში – მათემატიკა, ქართული და/ან ქართული, როგორც მეორე ენა. ტრენერს ასევე უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში ტრენინგების ჩატარებისა და  დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: