კვირის ამბები

ექვსი ბათუმელი სტუდენტი ნორვეგიაში

08.05.2014
ექვსი ბათუმელი სტუდენტი ნორვეგიაში

 

 

ანა სანიკიძე ბათუმის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის ტელემარკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ტურიზმისა და მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. „ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტისთვის ყველაზე მასშტაბური და კარგი პროგრამაა.

 

ანა სანიკიძე
ანა სანიკიძე

მოლოდინები დიდი მაქვს, ერთი წლის განმავლობაში ვისწავლი ევროპის უნივერსიტეტში, რომლის განათლების ხარისხი ძალიან მაღალია, სტიპენდია და სწავლის პირობები კი მომცემს საშუალებას ევროპის 16 ქვეყანაში ვიმოგზაურო. ძალიან დიდი პერსპექტივა მომეცემა ამ პროგრამაში მონაწილეობით.

 

პროგრამაში ჩართვამდე ვცადე მევლანას პროგრამაში მონაწილეობა, სადაც ორი ქულა დამაკლდა, მერე გერმანიის პროგრამაში გავიმარჯვე, სადაც მშობლებმა არ გამიშვეს. ამ პროგრამაზე მშობლებმა უარი ვეღარ მითხრეს, რადგან დავანახე ის შესაძლებლობა, რასაც მაძლევს ეს პროექტი,” – ამბობს ანა.

 

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვახტანგ გვენეტაძის დიდი ხნის სურვილია. ის ფიქრობს, რომ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი განვითარებას ყველაზე კარგად ამ გზით შეძლებს: „პირველ რიგში პროგრამა დამეხმარება ცოდნის მიღებაში, მეორე მომცემს საშუალებას ინგლისური ენა გავიუმჯობესო და მესამე – დასაქმების შანსებს გამიზრდის. გამარჯვების მოპოვებაში დამეხმარა ჩემი სამუშაო გამოცდილებაც. რუსულენოვანი გიდი ვარ, სხვადასხვა კომპანიასთან ვმუშაობ. ნორვეგიიდან დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ პროფესიულ განვითარებას. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მინდა მაგსტრატურა მთლიანად საზღვარგარეთ გავიარო, ამჯერადაც გული ევროპისკენ მიმიწევს.”

 

ვახტანგ გვენეტაძე
ვახტანგ გვენეტაძე

პროექტი სამი წელია ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ირმა დოლიძე პირველივე წლიდან ცდილობს გამარჯვებას, თუმცა აქამდე არ უმართლებდა: „ბედნიერი ვარ, ჩემი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ჩვენ ხომ ნორვეგიაზე ვსაუბრობთ, ქვეყანაზე, სადაც ადამიანის განვითარების ინდექსი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა ეს პრესტიჟია. მეორეც, ინგლისური ენის დახვეწის საშუალება მეძლევა და მესამე, ლექციებს წაგვიკითხავენ კომპეტენტური ლექტორები. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მიღწევებს. ვიმედოვნებ, როცა დავბრუნდები საქართველოში, იქაური განათლება და ენის ცოდნა კარგი სამსახურის პოვნაში დამეხმარება.”

 

ირმა დოლიძე
ირმა დოლიძე

ირმა სასწავლებლად ნორვეგიაში ერთი სემესტრი დარჩება. ის სწავლას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების ფაკულტეტზე გააგრძელებს, მისი სტიპენდია 1200 ევრო ექნება.

 

ანა ჯაფარიძე
ანა ჯაფარიძე

ანა ჯაფარიძესაც მეორე ცდაზე გაუმართლა: „შარშან ათეულში გავედი, თუმცა სამ გამარჯვებულს შორის ვერ მოვხვდი, პირველ კურსზე ვიყავი, გამოცდილება მაკლდა. წელს ექვსი სტუდენტს შეეძლო წასვლა, ამან სტიმული გამიზარდა, აკადემიური მოსწრება წელს უფრო მაღალი მქონდა, ენაც გავიუმჯობესე, შესაბამისად, ექვს სტუდენტს შორის მოვხვდი. როდესაც უნივერსიტეტი გაძლევს ასეთ შანსს, ის უნდა გამოიყენო. სხვა პროგრამებში არ მიცდია ბედი, ნორვეგიაზე ვიყავი ორიენტირებული, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა განათლების მხრივ. ტურიზმს რადგან ვსწავლობ, უფრო პრიორიტეტულიც არის”.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: