Batumelebi | ცხოვრება ამნისტიის შემდეგ ცხოვრება ამნისტიის შემდეგ – Batumelebi
RU | GE  

ცხოვრება ამნისტიის შემდეგ

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, ამნისტიის შედეგად 17 735 მსჯავრდებული გათავისუფლდა. ამნისტირებულ პირთა ნაწილი, რესოციალიზაციას ინდივიდუალურად ცდილობს, რადგან სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მწირი პროგრამები, ყველა ბენეფიციარს არ წვდება. ყოფილი პატიმრების ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. „საქართველოში ამის ყველა რესურსი ამოწურულია“, – ამბობს ერთ-ერთი ამნისტირებული პატიმარი. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი ქალია.

 

 

 

 

სვეტა ჩ. 34 წლისაა. მას ცხრა წლის შვილი ჰყავს, რომელიც რუსთავში, მაზლის ოჯახში ცხოვრობს. შვილის ნახვას სამ თვეში ერთხელ თუ ახერხებს. სვეტა სენაკის ბავშვთა სახლში გაიზარდა. ამბობს, რომ ნათესავები არ ჰყავს. მშობლების პოვნასაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას არც საკუთარი საცხოვრებელი აქვს. სვეტა სოციალურად დაუცველია და მას ბინის ქირას სახელმწიფო უხდის.

 

„ჩემი ქმარი 30 წლით იყო ჩემზე უფროსი. ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ გავიცანი და ცოლად გავყევი. მას თითქმის ჩემი ასაკის შვილები ჰყავდა, ამიტომ არ მოსწონდათ, ცოლად რომ მომიყვანა. ხშირად ეჩხუბებოდნენ. რთული ცხოვრება მქონდა მასთან, სვამდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ დანით დავჭერი. მე შვილს და საკუთარ თავს ვიცავდი, თუმცა მაინც შვიდი წელი მომისაჯეს. სასჯელის დიდი ნაწილი მოვიხადე, შემდეგ ამნისტია შემეხო“.

 

სვეტა ამბობს, რომ ის სრულიად მარტო და დაუცველია. „ჩემი ნივთები, რომელიც ნაქირავებ ბინაში დავტოვე, ვეღარ ვიპოვე. გადაეყარათ. ციხეში ვქსოვდი, ვქარგავდი. ახლაც მინდა გავაგრძელო ქარგვა. თითქმის არ იყიდება, მაგრამ სხვა რა გავაკეთო. ვაჭრობა რომ დავიწყო, სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ“.

 

სვეტა ამბობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობას ერიდება. „ბევრი მეკითხება ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ არ ველაპარაკები. არავის ვენდობი. ვცდილობ, ჩემთვის ვიყო. ვლოცულობ და ვმარხულობ. მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს. ბევრი რამე გადავიტანე ცხოვრებაში და ალბათ კიდევ უნდა გადავიტანო. იმაზე ვდარდობ, რომ ჩემს შვილს ცხრა წელი ვერ ვნახავ. არადა, ვიცი, რომ ვენატრები. მაზლის სახლში არ მიშვებენ, შვილის ათი წუთით ნახვა კი ჩემთვის საკმარისი არ არის“.

 

საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს 31 წლის გურამ მ. როგორც გვეუბნება, იგი ბრალდებული უბედური შემთხვევის გამო გახდა. „ავარია მომიხდა. ავტომანქანაში რამდენიმე მეგობარი მყავდა. ერთად მივდიოდით სამსახურში. მათგან ერთ-ერთი დაიღუპა“. ამნისტიის შემდეგ ის ძველ სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ნასამართლეობის გამო უარი უთხრეს. „გადამტეხა წელში, ყველგან უარს მეუბნებიან. სამი წელი ვერც მართვის მოწმობას ავიღებ, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებ. სიტუაციას რომ ვუყურებ, აქ არანაირი შანსი და პერსპექტივა არ არის, ისევ თურქეთია ჩემი იმედი, შეიძლება წავიდე და იქ ვიმუშაო. საქართველოში ყველა იმედი ამოწურული მაქვს“.

 

გურამს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ისინი მამის და მოხუცი ბებიის პენსიის იმედად ცხოვრობენ. გურამი ამბობს, რომ მსგავს მდგომარეობაში ბევრი ამნისტირებული პირია: „გაუარესებულია მდგომარეობა. ზიან სახლში, რადგან არ აქვთ სამუშაო“.

 

რამაზ ჯ. 39 წლისაა. ამბობს, რომ ერთადერთი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოსგან მიიღო, ამნისტიის შედეგად მიღებული თავისუფლების წლებია. „მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ზრუნავს ჩემზე – „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, სადაც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გავდივარ. გარემო უარესობისკენ არის შეცვლილი, სანამ დამაკავებდნენ, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, დისტრიბუციაში მაქვს გამოცდილება, ვაიზერიც კი ვიყავი, ახლა არანაირი შანსი არ მაქვს, ძალიან ჭირს სამუშაოს პოვნა. ორივე ფეხი მოტეხილი მაქვს და ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ, ჩემი სპეციალობით კი სამუშაო არ არის. თუ არის, იმდენად დაბალია ანაზღაურება, რომ არც კი გიღირს“.

 

რამაზსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მეუღლეც უმუშევარია. ამბობს, რომ დედის პენსიით ირჩენენ თავს. „ზოგჯერ ძმაც მეხმარება რუსეთიდან“.
47 წლის ხვიჩა ბ. სასჯელს კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანის გამო იხდიდა. ამბობს, რომ იმ დროს ცხინვალიდან შემოტანილ ტვირთზე ნახევარი საქართველო იყო დამოკიდებული: „სიგარეტი შემოვიტანე, ამით ვარჩენდი ოჯახს. როცა დამაკავეს, ჩემი შვილი იმ წელს სკოლას ამთავრებდა, რამდენი ვეხვეწე პროკურორს ჯარიმა გადამახდევინეთ, ოჯახის მარჩენალი ვარ და ნუ ჩამსვამ-მეთქი, მაგრამ რად გინდა, ისე მიყურებდნენ, თითქოს საერთოდ არ ეხებოდათ ეს საქმე“.

 

ხვიჩა ამბობს, რომ არავის აინტერესებს ბრალდების მუხლი. მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ნასამართლეობა საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დამსაქმებელმა უარით გამოგისტუმროს. „ყველა გზა გადაკეტილი მაქვს. სადაც მიხვალ, ყველგან ბარიერი გხვდება. ბათუმის ტრანსპორტში მძღოლად მინდოდა მუშაობა, კონკურსიც გავიარე და ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ, მაგრამ მაინც არ დამიძახეს. ერთადერთი იმედი მაქვს, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მპირდება რეკომენდაციის გაწევას და იქნებ, ამით გამოვიდეს რამე“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გენო გელაძის თქმით, საქართველოში ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით სახელმწიფო ინსტიტუტები გასაძლიერებელია. „ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ საჭირო იყო გარკვეული სერვისების შექმნა. თუმცა მხოლოდ დანაშაულის პრევენციის ცენტრების გახსნა არ კმარა. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ თუ ქვეყანაში რეალურ სტრატეგიად ჩამოყალიბდება ყოფილ პატიმართა გაძლიერების, სრულფასოვანი რესოციალიზაციის სისტემა და ეს არ იქნება ვალის მოხდის მიზნით, შესაბამისი ფინანსებიც გამოინახება. რესოციალიზაციის სერვისები კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“.

 

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროცესში ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გრანტის ფარგლებში ახორციელებს ყოფილ პატიმართათვის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, თუმცა ფინანსური რესურსები შეზღუდულია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე