კვირის ამბები

დღეს ქობულეთის მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინება

29.04.2014
დღეს ქობულეთის მუზეუმში  უცნობი ხელნაწერები გამოიფინება

 

 

ხელნაწერები  საგამოფენოდ ჟურნალისტმა ზურა ბაუჟაძემ  შეარჩია. ჟურნალისტის თქმით ხელნაწერთა უმრავლესობა ათეული წლების განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისათვის,  რამდენიმე მათგანი კი მხოლოდ მკვლევართა ვიწრო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 

„საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია, რომ საუკუნეეების განმავლობაში აჭარაში განვითარებული ისტორიული პროცესების გამო, წერილობითი ძეგლების თითქმის არ შემორჩენილა. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ხელნაწერთა ნიმუშებს შორისაა მე-15 საუკუნის თეთროსნის (ხუცუბნის) მინიატურებიც, რომლებიც შუასაუკუნეების ქართული მინიატურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად არის აღიარებული,“ – ამბობს ზურა ბაუჟაძე.  

 

გამოფენა „უცნობი ხელნაწერები“  მოიცავს ქართული დამწერლობის ევოლუციის ყველა ეტაპს.  მასზე წარმოდგენილია ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით და დედაბრული ხელით ნაწერი ტექსტების ნიმუშები. აღსანიშნავია „ჩურუქსის დავთარიც“ (ქობულეთის), რომელიც ოსმალური დამწერლობის ნიმუშია, ამჟამად ინახება თურქეთის პრემიერის არქივში და 1803-1806 წელსაა შექმნილი. „ჩურუქსის დავთარი“  ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ძეგლია, თუმცა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია აჭარის რეგიონის ისტორიის შესწავლისათვის, რადგანაც წარმოადგენს იმდოროინდელი ქობულეთის მხარის მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის დაწვრილებით და უზუსტეს აღწერილობას.

 

ხელნაწერთა ნიმუშები რომლებიც დღეს გამოფენაზე იქნება  წარმოდგენილი, ქობულეთის მუზეუმს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა.  

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.