კვირის ამბები

რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

28.04.2014 • 1632
რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

ალეკო სარიშვილი

„დედაჩემი ლომაძე იყო და მისი ოჯახიც მახინჯაურში ცხოვრობდა. მამა და ბაბუა, ჩვენზე ცოტათი ადრე, სხვა ბრძანებით გაასახლეს. მამის დაკავების შემდეგ, მე და დედა ბებიასთან ვიყავით, თუმცა ლომაძეების გასახლებაც დაიწყეს და ჩვენც მათ გავყევით“, – იხსენებს დედის მონათხრობს ალეკო სარიშვილი. 1944 წლის ოქტომბერში მახინჯაურიდან ორი ეშელონი გავიდა. გადასახლება შეეხოთ დედის არასრულწლოვან ძმებს და სხვა ნათესავებსაც.

„ბაბუაჩემი შეძლებული კაცი იყო. ფინგანად მუშაობდა და ვაჭრობდა კიდეც. იმ დროს ცხენის ყოლაც სიმდიდრედ ითვლებოდა. მიწები იყიდა და თავისი ხელით გააშენა ბაღები. მაგრამ ხომ იცით, კომუნისტებს მდიდარი ადამიანები არ უყვარდათ. ყველას აკულაკებდნენ, ალბათ ჩემი ოჯახიც ამიტომ გაასახლეს“.

ერთთვიან გაუსაძლის მგზავრობის მძიმე დღეებს დედის ნაამბობიდან იხსენებს. „საშინელი იყო, როგორც მიყვებოდნენ. ანტისანიტარია, სიცივე და შიმშილი. მეც გავმხდარვარ ავად, მაგრამ მაინც გადავრჩენილვარ. საბნები ჰქონია წამოღებული და იმაში მფუთავდა დედა. ყველა ვერ უძლებდა, ბევრი ადამიანი გარდაცვლილა, მოხუცები, ბავშვები. როცა ვაგონი ჩერდებოდა, რაღაც წუთებში უნდა მოესწროთ მკვდრების დამარხვა, თუ ვერ მოასწრებდნენ, იქვე, გზაზე ტოვებდნენ. ხალხი ისეთ დღეში ყოფილა, ოღონდ დასრულდეს ეს გზა და თუნდაც ჯოჯოხეთში მიგვიყვანონო, ასე ამბობდნენ თურმე“.

გადასახლებულებისთვის ახალი განსაცდელი ყაზახეთში დაიწყო. „საქონლის თავლებში შეგვასახლეს. მე დედის ნათესავებთან ერთად ვიყავი. მამა და ბაბუა სულ სხვა რაიონში იყვნენ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივაწვდინეთ ხმა. მამა ჩამოვიდა, ბაბუა კი იქ დარჩა და გარდაიცვალა კიდეც. მისი საფლავი არასდროს მინახავს, არ ვიცით სად არის.

დედამ ბევრი რამ გადაიტანა. როგორც ამბობენ, წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა მხოლოდ მის თავზე, არც მამა ჰყავდა გვერდით. ავად გახდა, თუმცა გადაიტანა. პირველ წლებში ძალიან გვიჭირდა ცხოვრება. არც ექიმი, არც პირობები. შემდეგ ბიძებმა მძღოლებად დაიწყეს მუშაობა, დედა და ბებიაც მუშაობდნენ კოლმეურნეობაში და ბოლო წლებში საკვები გაგვიჩნდა. ყაზახეთში და-ძმა შემეძინა, წამოსვლის წინ კი დედას ტყუპებიც გაუჩნდა, თუმცა ერთი მაშინვე გარდაიცვალა. დაბრუნების შემდეგ მალე პატარა ძმაც გარდაიცვალა“.

ალეკო სარიშვილი სკოლის წლებსაც იხსენებს. ამბობს, რომ ქართულად საუბარი უჭირდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეოთხე კლასში ჩატოვეს. „მშობლები ცდილობდნენ ენა არ დამვიწყებოდა, თუმცა მაინც მიჭირდა საუბარი. სკოლა სახლიდან ორი კილომეტრით შორს იყო, არც სწავლის დონე იყო მაღალი“.

მახინჯაურში ალეკო სარიშვილის დედა და მისი ოჯახი უფრო ადრე დაბრუნდა, მამა კი ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს. ოჯახში უცხო ადამიანები დახვდათ და ცხოვრებაც მათთან ერთად გააგრძელეს: „რვასულიანი ოჯახი იყო, გარეთ ხომ არ გავაგდებდით. ერთი წლის შემდეგ ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, ჩვენ მიწა ჩამოგვაჭრეს და იმ ოჯახს მისცეს. გაპარტახებული დაგვხვდა ბაბუას მოვლილი ბაღები და სკებიც, მხოლოდ ორი ოჯახი იყო შემორჩენილი“.

ალეკო სარიშვილი კრიტიკულია სტალინის რეჟიმის მიმართ: „ეს იყო რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ. რაღაც საშინელი მანქანა“, – გვეუბნება ის. – „ადამიანის ღირსებას არ უნდა შეეხო. სტალინს მისტირიან… მე არასოდეს ვიტყვი მასზე კარგს, რადგან ჩემს ოჯახს ბევრი ცუდი გაუკეთა. ამ ბოლოს ისეთ რამეებს წერენ, სულ შეცვალეს მისი ბიოგრაფია. მისმა რეჟიმმა ყველაზე მეტად ქართველები დასაჯა. ნახევარი ქერჩში დაიღუპა, ათასობით კი გადასახლებაში ვიტანჯებოდით. რუსებისთვის გააკეთა კარგი, მაგრამ საქართველოს რა დაუტოვა?“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: