კვირის ამბები

ოჯახი, კონსტიტუცია და სტერეოტიპები

24.04.2014 • 3389
ოჯახი, კონსტიტუცია და სტერეოტიპები

 

 

თამთა მიქელაძე




ქალბატონო თამთა, როგორ განმარტავს „ოჯახს“ ქართული კანონმდებლობა და ხომ არ არის ეს განმარტება დისკრიმინაციული?

 

 ქორწინებას ქართულ კანონმდებლობაში განმარტავს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. რაც შეეხება ოჯახის განმარტებას, კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ განმარტებას, თუმცა არის ცალკეული ჩანაწერები, მაგალითად, ქონების და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც წერია თუ ვინ არის პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე. თუმცა, ოჯახი უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ მეუღლეებს და შვილებს, ასევე, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებსაც.

 

სხვა ქვეყნების კანონმდებლობა თუ განმარტავს ოჯახს ან ქორწინებას განსხვავებულად?

 

სხვა ქვეყნების კანონმდებლობაზე არ მაქვს ინფორმაცია. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასაც და ის ამბობს, რომ ოჯახური ცხოვრება უფრო ფართოდ უნდა განვმარტოთ, რომ ოჯახი მოიცავს არა მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაზე დაფუძნებულ ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ ფაქტობრივ ურთიერთობებსაც. ლგბტ ჯგუფების თანაცხოვრებაც ამ მუხლით არის დაცული.

 

საზოგადოება ხშირად იყენებს ტერმინს „არასრულფასოვანი ოჯახი“. რა იგულისხმება ამ კონტექსტში?

 

 ის საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს მარტოხელა დედების მიმართაც, რაც არასწორია. ოჯახში შეიძლება ცხოვრობდეს დედა-შვილი ან მამა-შვილი, მაგრამ არასწორია განმარტება „არასრულფასოვანი“. ეს კულტურული სტერეოტიპია, რომელიც პატრიარქალური კულტურის შედეგია.

 

სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ოჯახურ დაზღვევას მხოლოდ იმ კლიენტებს სთავაზობს, სადაც ოჯახის ტრადიციული ტიპი – დედ-მამა და შვილები არიან. არის ეს დისკრიმინაციული მიდგომა?

 

 აქ ალბათ კომერციული ინტერესები უფრო მოქმედებს, რადგან მარტოხელა ქალები უფრო დაუცველები არიან და სოციალურ ჩაგვრას განიცდიან. კომერციული ორგანიზაციებისთვის სტერეოტიპული მიდგომა ალბათ უფრო მომგებიანია.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა დღეს ოჯახისა და ქორწინების თემა აქტუალური და რატომ დაუკავშირდა ამ საკითხის გააქტიურება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას?

 

 პრემიერ-მინისტრის განცხადების კონტექსტი ძალიან საინტერესოა. ხშირად, სხვადასხვა აქტორების მხრიდან, მაშ შორის ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ანტიდისკრიმინაციული კანონი აღიქმება როგორც თავსმოხვეული კულტურული ნორმების ლეგიტიმაცია, თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხე. იყო საუბარი იმაზე, რომ თუ უმცირესობებს აქვთ უფლებები, უმრავლესობასაც აქვს, ამიტომ სწორედ შეეცადა პრემიერი თავისი ინიციატივით დაებალანსებინა ის ინტერესები და წინააღმდეგობები, რომელიც აქვს კიდეც ამ კანონს. ნიშანდობლივია, რომ მის განცხადებებში, ისევე როგორც სხვა მოხელეთა განცხადებებში, ჩანს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის არა როგორც თავისთავადი ღირებულება, რომელთან დაკავშირებითაც თავად ხელისუფლებას აქვს ინტერესი, რომ სხვადასხვა მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფების თანასწორობა უზრუნველყოს, არამედ როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის სავალდებულო, ფორმალური ნაბიჯი, რაც არასწორი სულისკვეთებაა. ამიტომ პრემიერის განცხადებაც ამ ლოგიკის გაგრძელებაა.

მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ, ძალადობრივ განწყობებსა და სტერეოტიპებს თუ გავითვალისწინებთ, პრობლემურია ამ ტიპის განცხადება და მისი გამოყენება პოლიტიკურ დისკუსიებში. პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ თემის დეპოლიტიზება და უნდა მოხდეს მათზე, როგორც უფლებრივ კატეგორიაზე მსჯელობა. პრემიერმა კი, თავისი ინიციატივით კულტურული და პოლიტიკური წინააღმდეგობა ამ თემის მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა.

 

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში არის პუნქტი: „მისი არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ის სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდეს“. როგორ ფიქრობთ, ეს ჩანაწერი ანტიკონსტიტუციურია?

 

ასეთი ჩანაწერი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან თავად კონსტიტუცია ამბობს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ანტიდისკრიმინაციული კანონის წყარო კი კონსტიტუციით დაცული უფლებები და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებებია. სინამდვილეში, ეს ჩანაწერიც ერთგვარი პოლიტიკური არტეფაქტია, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ კანონმდებელი და ხელისუფლება არ ღალატობს დომინანტი ჯგუფების ინტერესებს.

 

რადგან ქორწინებას განმარტავს სამოქალაქო კოდექსი, მაშინ რა საჭიროა მისი კონსტიტუციაში შეტანა, რა მიზანი ჰქონდა რეალურად ამას?

 

 

 თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ნორმა ერთსქესიანთათვის მოსპობს ქორწინებაში შესვლის ან ასეთი უფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ეს საკითხი არც დგას. კონსტიტუციური შეთანხმება თავად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, ამიტომ, თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონში დარჩება ჩანაწერი და მას მოჰყვება ინტერპრეტირებული მსჯელობა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამართლიანი სასამართლოს პირობებში სადავო საკითხი ყოველთვის ადამიანის უფლებების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: