კვირის ამბები

მშენებარე ჰესი და ბრალდებული გლეხები

23.04.2014 • 1790
მშენებარე ჰესი და ბრალდებული გლეხები

ხელვაჩაურში მოქალაქეები მიწის ყალბი რეგისტრაციის ბრალდებით დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ პირებს ხელვაჩაურიდან ყალბ საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებასა და მდინარეების _ ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფო მიწების მისაკუთრებას ედავებიან. დაკავებულთა შორის რამდენიმე სოფლის რწმუნებულიცაა, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა დასძენენ, რომ ისინიც და მოსახლეობაც შეცდომაში სახელმწიფომ შეიყვანა.

ჯუმბერ ზაქარაძე აჭარისწყალზე ცხოვრობს. ის ერთ-ერთია იმ კომისიის წევრებიდან, რომელიც კირნათ-მარადიდსა და აჭარისწყლის თემში სადავო მიწის ნაკვეთების საკითხს სწავლობს. მას მიაჩნია, რომ გლეხები ბრალდებულებად სახელმწიფომ აქცია:

„ყველაზე დიდი დანაშაული ამ პროცესში აქვს ხელისუფლებას. ჯერ ინვესტორი მიაგზავნა ხალხთან და უთხრა სარგებლობაში არსებული მიწები დაერეგისტრირებინათ. შემდეგ კი, როცა კომპენსაციის გადახდის საკითხი დადგა, მიწების რეგისტრაცია უკანონოდ გამოაცხადეს. გლეხი დამნაშავეა იმაში, რუკა თუ არ იცის? მე რომ რუსთაველის ქუჩაზე ნაკვეთი მოვინიშნო, საჯარო რეესტრი დამირეგისტრირებს? რაღა თქმა უნდა, არა. ხალხი შეცდომაში სახელმწიფომ შეიყვანა, დანაშაული ჩაადენინა. ახლა იჭერენ და გირაოს ახდევინებენ“.

ჯუმბერ ზაქარაძე გლეხის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „ალბათ მეტი დაფიქრება მართებდათ, მაგრამ რომ დაინახა ხუთი-ათი ნაკვეთი დაარეგისტრირეს, შემდეგ ყველა შეეცადა რაღაცის გაფორმებას“.

მიწების საქმეში ჯუმბერ ზაქარაძე ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაინტერესებასაც ხედავს: „მაშინ სად იყო ხელისუფლება, როცა გლეხი ლაგადკით თესავდა სიმინდს და ასეთ ადგილებში მიწის ფულს ახდევინებდა? მაშინ სად იყო სახელმწიფო, სოფლის რწმუნებულს ოთხი ლარი რომ ჰქონდა ხელფასი, ცხრა ლარს კი მიწის გადასახადში ართმევდა? არჩევნებს ელოდებიან თუ ფული შემოაკლდათ ბიუჯეტში. მოიკითხეთ ჰესების მეწილეები, მოიკითხეთ რა უნდოდა კახი კალაძეს ღამის სამ საათზე ინვესტორის ოფისში, თუკი გარიგებაში არ არის მათთან. გასაგებია, რომ ენერგეტიკის მინისტრია. სახელმწიფოს ბრალია ის, რომ დღეს აჭარისწყლის მოსახლეობა, ოთხი ათასი კაცი, კრიმინალებად არის გამოცხადებული“.

როინ შუშანიძე კირნათის თემის ყოფილი რწმუნებულია. ის სასამართლომ სამიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამბობს, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს: „ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ მდინარის ნაპირის დარეგისტრირება არ შეიძლებოდა. ასეთი რეგულაციები არ გვქონია. საჯარო რეესტრი ყველაზე წარმატებული უწყებააო ამბობენ და მან არ იცოდა ეს? შეიძლება ორი ან სამი შეგეშალოს, მაგრამ ას შეცდომას რომ დაუშვებ, ეს სხვა ამბავია“.

უკანონო რეგისტრაციების საქმეში სახელმწიფოს ბრალს ხედავს ფეზლი ლასტაკანიძეც. მისი განცხადებით, რწმუნებულები შეცდომაში სწორედ სახელმწიფომ შეიყვანა: „თავდაპირველად გასცეს ბრძანება, რომ ყველა ნაკვეთზე მოწმობა უნდა გაგვეცა. შემდეგ ეს ბრძანება უკან წაიღეს და ჩვენ ბრალი წაგვიყენეს. მდინარე ჭოროხთან ტერიტორიის დარეგისტრირებაზე მე მივეცი მეზობელს ნებართვა, იმიტომ, რომ მისი მამაპაპისეული მიწა იყო, თვითონ ამუშავებდა. რწმუნებულები ვალდებულები ვიყავით ხელი მოგვეწერა“. ლასტაკანიძის აზრით, მიწის ნაკვეთების საკითხი სადავო მას შემდეგ გახდა, როცა ინვესტორმა კომპენსაციის გაცემაზე უარი განაცხადა: „22 ჰექტარზე უნდა გაეცა ინვესტორს კომპენსაცია, ამიტომ გახადეს მიწები სადავო“.

მაჭახლისპირის რწმუნებული „ქართული ოცნებიდან“, ნოდარ ზაქარაძეც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მასაც, ისევე როგორც სხვა რწმუნებულებს, მიწის ნაკვეთებზე უკანონო ნებართვის გაცემაში ედება ბრალი: „მე მოვაწერე ხელი მიწაზე და შემდეგ აღმოჩნდა წყალი. ინვესტორმა მიუშვა მდინარე და დაიტბორა. ნებართვის გაცემამდე მოვიკითხე ინფორმაცია, უხუცესებს ვკითხე და შემდეგ გავეცი ნებართვა“.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს სოფელ მარადიდის ყოფილი გამგებლის, ჯემალ ლომაძის მეუღლე მედეა საფარიძეც. ჯემალ ლომაძე ამ დროისთვის დაკავებულია: „სახელმწიფომ ხალხს მისცა იმის გაკეთების საშუალება, რაშიც ახლა ედავებიან. მაშინ არ იყო რაიმე რეგულაცია, 2013 წელს გამოვიდა ბრძანება, რომ მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დაკანონება არ შეიძლებოდა. ამ დროს ჩემი მეუღლე აღარ იყო რწმუნებული. იმედია, სასამართლო ამ ფაქტს გაითვალისწინებს“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განმარტებით, კანონმდებლობით საჯარო რეესტრს ყალბი დოკუმენტაციის გადამოწმების ვალდებულება არ აქვს: „აქ ვხედავ როგორც მოქალაქეების, ასევე თვითმმართველობის პრობლემას. რწმუნებული ვალდებულია გადაამოწმოს ინფორმაცია. მასზე მოდის მომეტებული პასუხისმგებლობა, რადგან ის არის ადგილზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და გლეხი სამართლებრივ კონსულტაციებს მისგან იღებს. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რწმუნებულებმა და მოქალაქეებმა უნდა გადაინაწილონ“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფელ კირნათსა და მარადიდში მცხოვრებ პირებს ბრალი უკვე წაუყენა. მათგან შვიდი ადამიანი სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა. ბრალდებულთა შორის როგორც სოფლის რიგითი მცხოვრებლები, ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლები და სოფლის მოქმედი თუ ყოფილი რწმუნებულებიც არიან. სადავო ტერიტორიაზე ჰესის აშენება იგეგმება, ანუ ეს ადგილი უნდა დაიტბოროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: