კვირის ამბები

მოგზაურობა დროში – „ბათუმელები“ წიგნის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ

22.04.2014 • 1562
მოგზაურობა დროში – „ბათუმელები“  წიგნის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ

 

 

„წიგნი ეძღვნება „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველს“ – ამ წარწერით იწყება წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების კრებული, რომელიც გაზეთმა 2014 წელს გამოსცა. პირველ რიგში სწორედ არსებულ და გაზეთის მომავალ მკითხველს ელის „ბათუმელების“ რედაქცია 30 აპრილს, სანაპიროსთან, ე.წ. „კაპიტან პორტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.

 

 

წიგნიდან გაცოცხლებული კადრები, ფოტოგამოფენა, კარგი მუსიკა, ქვიშაზე მოხარშული ყავა, სამახსოვრო ფოტო საგანგებოდ მოწყობილ ფოტოატელიეში, გასეირნება ეტლით – ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რასაც „ბათუმელების“ რედაქცია წიგნის პრეზენტაციისას გეგმავს. პრეზენტაციაზევე იქნება შესაძლებელი წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შეძენა, გაზეთ „ბათუმელების“ მთელი წლის ხელმოწერასთან ერთად, 50 ლარად.

 

 

„ეს არის წიგნი –  საგზური, რომელიც გაძლევს საშუალებას, იმოგზაურო დროში, მოხვდე საუკუნისწინანდელ ბათუმში, გაიარო მარიას პროსპექტზე, ბულვარში, რომელიც ეს-ესაა გააშენეს, შეისუნთქო ბათუმური ყავის და ზღვის არომატი, იგრძნო ზაფხულის ნესტიანი სიცხე და მოხვდე ბათუმის ისტორიაში ყველაზე ცივ ზამთარში, როცა ქუჩებში თოვლის ზვინები იდგა, შეხვდე ძველ ბათუმელებს, ქალაქში ჩამოსულ უცხოელებს, მოისმინო ჭორები და ნამდვილი ამბები, გადახედო ძველ გაზეთებს და შეიგრძნო ქალაქის რიტმი. როცა წიგნს ვადგენდით, სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, გაგვეცოცხლებინა ძველი ბათუმი ისე, რომ ნებისმიერი მკითხველისათვის ეს წიგნი ყოფილიყო მოგზაურობა. ვფიქრობ, ეს შევძელით. ახლა მკითხველზეა დამოკიდებული, უნდა თუ არა მას ძველ ბათუმში მოგზაურობა.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი იყიდება გაზეთის მთელი წლის ხელმოწერასთან ერთად, ეს მკითხველისთვის არის შესაძლებლობა, დაინახოს და შეაფასოს წარსული, ამწყო და მომავალიც“, –  ამბობს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე, რომელიც წიგნის შედგენაზე მუშაობდა.

 

 

რედაქციაში ამბობენ, რომ წიგნის პრეზენტაციას ვერც უამინდობა შეუშლის ხელს. „გვინდოდა, წიგნის პრეზენტაცია აუცილებლად ღია ცისქვეშ ყოფილიყო, ქალაქის შუაგულში და ყველას შეძლებოდა მასზე დასწრება. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ ზღვის პირას გაგვემართა. პრეზენტაციის თარიღის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზიც, მაგრამ თუ იწვიმებს, ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ბათუმელებს გაზაფხულის წვიმა ვერ შეაშინებს. პრეზენტაციაზე გვექნება კარგი ბათუმური ყავა, მუსიკა და კიდევ სხვა სიურპრიზი. ეს კარგი საღამო იქნება, ყველას ვურჩევ ოჯახთან, მეგობრებთან, შეყვარებულთან ერთად გამოისეირნონ სანაპიროსკენ 30 აპრილს,“ –  ამბობს ნანა კვაჭაძე.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: