კვირის ამბები

„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

19.03.2014 • 2380
„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

თორნიკესგან განსხვავებით ნაგავსაყარზე სხვა ადამიანები ვინაობას არ მიმხელენ და არც ფოტოს გადაღების უფლებას მაძლევენ. ამბობენ, რომ არ უნდათ ახლობლებმა გაიგონ, თუ რა სამუშაოს შესრულება უწევთ. მეუბნებიან, რომ ჩემ გარდა აქ  უამრავი ჟურნალისტი უნახავთ, მაგრამ მათთვის არაფრით იცვლება და ჩემთან საუბარი მხოლოდ დროს კარგვაა.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მიყვება, რომ ოჯახში ექვსნი არიან. მას  ოთხი უმცროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ და მისი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო აქ მუშაობა და მის მიერ შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების ჩაბარებით აღებული თანხაა.

„აბა სხვა შემოსავალი ან სამსახური რომ იყოს, აქ ვინმე იმუშავებდა? არის დღეები, როცა საერთოდ პურის ფულსაც ვერ გამოიმუშავებ. ისეთი დღეებიც არის, როცა ორმოც ლარამდეც გამომდის.” – ამბობს ის.

ნაგავსაყართან პატარა ქოხებია, სადაც წვიმის ან  სიცხის დროს აფარებენ თავს და შეგროვებულ ჯართს და ფერად მეტალს ინახავენ მანამ, სანამ მისი ქალაქში გასაყიდად გატანის საშუალება მიეცემათ.

ჯართის შეგროვება უფრო მომგებიანია, ჯართი უფრო ძვირია, თან შეუძლიათ ნებისმიერ მიმღებ პუნქტს მიჰყიდონ, ბოთლების მიღებაზე კი მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს უფლება მოპოვებული  და სხვაგან ვერ გაყიდიან მეტ თანხასაც რომ სთავაზობდნენ. კომპანია კი კილოგრამში 20 თეთრს იხდის. აქ ქოხებს ნომრებიც აქვს, მეუბნებიან, რომ ეს გასართობად გააკეთეს.

ქოხებთან დაბალი ხე დგას, რომლის ტოტებზეც საქართველოს რამდენიმე დროშაა ჩამოკიდული. ამბობენ, რომ ეს ნატვრის ხეა:  „ერთი დროშა ერთი ნატვრაა, ჩვენ ვაბამთ მაგ დროშებს… ჯერ მე არ ამსრულებია, სხვას თუ აუსრულდა არ ვიცი, მაგრამ მაინც ნატვრის ხეა..”

უსახლკარო ძაღლებისა და გადამდები დაავადებების აქ არ ეშინიათ: „დაავადებები და ძაღლები ჩვენ არ გვეკარება, მთავარია სამუშაო იყოს, აქ იმდენი ხალხია, უკვე მუშაობა შემცირდა და მაგის გვეშინია ულუკმაპუროდ არ დაგვრჩეს ოჯახი.”

უკან დაბრუნებისას  აქ დასაქმებულ ტრაქტორის მძღოლს მანქანით მოვყავარ. გზაში მიყვება, რომ რამდენჯერმე „გაიქცა” ამ სამუშაოდან, მაგრამ მაინც დააბრუნეს. ამბობს, რომ დღეს რატომღაც ძალიან ცოტა ხალხია, ჩვეულებრივ კი აქ ორმოცდაათზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი იყრის თავს. მისი თქმით,  ნაგავსაყარზე ხანდახან საქონელი კვდება  და ტრაქტორის დახმარებით ნაგავთან ერთად ჭაობში აგდებს, თუ მომაკვდავი საქონლის დაკვლა ხალხმა არ მოასწრო:

„თუ მოუსწრეს და წაქცეული დაკლეს, მაშინ ხალხს მიაქვს ხორცი, თუ არა და, ლეშის გატანა მიხდება ადგილის გასაწმენდად, მანქანამ ნაგავი რომ ჩამოცალოს. აქ ყველაფერს ნახავ, ბავშვებიც მოჰყავთ. ბევრჯერ დამინახია, აქ ნაპოვნ ხილს ან რამეს რომ ჭამენ ბავშვები და სულ მეშინია, რამე არ დაემართოთ, ამიტომ მინდოდად წასვლა.“

სუნი, ტალახი, ლეშიჭამია ფრინველები და ძლიერი ქარი – ნაგავსაყარის განუყოფელი ნაწილია, მუხლამდე ნაგვის გროვაში მომუშავე ქალებით, კაცებით და ბავშვებით.

”ნატვრის ხე” კი ისევ დგას ქოხების ეზოში, ნაგვის გროვის ბორცვზე და ზედ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს ნატვრების შესრულების მოლოდინში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: