კვირის ამბები

ერთი სიუჟეტის ისტორია

15.03.2014 • 1374
ერთი სიუჟეტის ისტორია

 

 

 
„რა სარგებლობას მოუტანს გარემოს ენერგიის დამზოგავი საშუალებების გამოყენება“, – სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც გასაგებ და ჩემი აზრით, ნებისმიერი გარემოსდამცველისთვის მარტივ კითხვაზე  პასუხის მისაღებად უწყების რამდენიმე თანამშრომელს დავურეკე, მაგრამ საჯარო მოხელეები მთელი მონდომებით მიხსნიდნენ, რომ კითხვით მათი უწყებისთვის არ უნდა მიმემართა.

 

 

უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე და სამმართველოს უფროსს დავურეკე. დეტალური ახსნა-განმარტება და თხოვნა იმით დასრულდა, რომ ტელეფონის აპარატიდან გაისმა ტუ ტუ ტუ… მანამდე ვახტანგ წულაძემ მითხრა, რომ მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდა. შესაძლოა, სატელეფონო კავშირი ამის გამოც შეწყდა. სამმართველოს უფროსთან ხელმეორედ აღარ დამირეკავს. ამ ყველაფრის შემდეგ გულუბრყვილობა იქნებოდა, უწყებიდან შეხმიანების მოლოდინი მქონოდა.

 

 

ჩვენი სიუჟეტის „გადასარჩენად“ სხვა გარემოსდამცველებს გადავწვდით. პირველი, ვინც გაგვახსენდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ წევრი არჩილ გუჩმანიძე იყო. არჩილის კომპეტენციაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მასთან ურთიერთობა „ძვირი“ სიამოვნებაა. საქმე ისაა, რომ კომენტარზე იშვიათად გვთანხმდება. ამჯერადაც გაგვაწბილა.

 

 

თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ რამდენ ადამიანთან მოგვიხდა დარეკვა. ზოგმა არ გვიპასუხა, ზოგმა ბათუმში არყოფნა მოიმიზეზა და ზოგმაც – საკითხის არცოდნა. დღის ბოლოს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნოდარ ჩხეიძე დაგვთანხმდა ჩვენი მაყურებლებისთვის ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გაეცნო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია „თაროზე შემოდებას“ გადაურჩა.

 

 

სიუჟეტის არსი ასეთი იყო – შედის თუ არა ბათუმის მერიის გრძელვადიან გეგმებში დიოდური განათების გამოყენება და რატომ არის ეს პროექტი გარემოსთვის მნიშვნელოვანი. დღის დასაწყისში დაგეგმილი მასალის მოსალოდნელი ეფექტი დღის ბოლოს სამუშაო ჯგუფის ვერც ერთმა წევრმა ვეღარ ვიგრძენით.

 

 

მეორე დღეს, დილით, სიუჟეტის ავტორს, თამარ კიკნაძეს, ვთხოვე მასალა ამ თემაზე გამოცხადებულ კონკურსზე გაეგზავნა. ჟურნალისტმა, რომელსაც არაფერი დაუშურებია იმისათვის,  რომ სიუჟეტი სრულყოფილი გამოსულიყო, გაკვირვებულმა მკითხა, – „ეს საკონკურსოდ გამოდგება?“-  არაერთი ადამიანის მიერ გაწბილებული თამარის განწყობა და თვითშეფასების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.

 

 

ამ ისტორიის დასასრულს მინდა ვიკითხო – რა აზრი აქვს 11 374,200 ლარის დახარჯვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთვის, თუკი  215 თანამშრომელს შორის მარტივ კითხვაზე პასუხის გამცემი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მცოდნე არავინაა. და კიდევ, ამ თემაზე რეგიონში თითქმის ყველა ახალი პროექტის პრეზენტაციას ვაშუქებთ, არაერთი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიების ანგარიშებს ვისმენთ, მაგრამ როცა ჩვენ, ანუ მედიას სჭირდება პროექტების მონაწილეთა კომპეტენტური აზრი, ან უბრალოდ, პოზიცია, უმრავლესობა უარს გვეუბნება.

 

 

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, დაავადებული ტბის, ფეკალური მასებით დაბინძურებული ზღვის, პოლიეთილენის პარკებით მორთულ-მოკაზმული მდინარეების, გადაყრილი მანდარინისგან წარმოქმნილი ტბის და ნაგავსაყრელზე „მობალახე“ პირუტყვის მაცქერალი გარემოსდამცველების ნაწილს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: