კვირის ამბები

მინისტრებს ძვირადღირებული მანქანების ყიდვა ისევ არ ეკრძალებათ

01.03.2014
მინისტრებს ძვირადღირებული მანქანების ყიდვა ისევ არ ეკრძალებათ

 

 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ავტოპარკის განახლების წესების შესახებ, ყველაზე ძვირადღირებული, პირველი კლასის მსუბუქი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება მაქსიმუმ 47 000 დოლარი იქნება. ამ ტიპის მანქანა მოემსახურება მინისტრების პირველ მოადგილეებს, მოადგილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. ასევე,  საქართველოს  მთავრობის კანცელარიის უფროსს, მის მოადგილეს, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მრჩეველებს, თანაშემწეებსა და სხვა მათთან გათანაბრებულ პირებს. ჩამონათვალში მოხსენიებული არ არიან მინისტრები.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ მინისტრები 47 ათას დოლარზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს თუ იყიდიან, ამით კანონს არ დაარღვევენ.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულების თანახმად, ყველაზე იაფი მანქანა, რისი შეძენის უფლებაც საჯარო დაწესებულებებს ექნებათ – 15 400 დოლარად ღირებული იქნება.

 

“მინისტრების ავტომანქანების გამოცვლას არ ვგეგმავთ. შესაბამისად არ ჩავთვალეთ საჭიროდ მათი დადგენილებაში მოხსენიება”, – განუმარტა “ბათუმელებს” საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

 

მთავრობის წევრის ეს არგუმენტი “მიუღებელი და დაუსაბუთებელია” არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტისთვის. გიორგი გვალიას შეფასებით, რეგულაციების დადგენა საჭირო და დადებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის, რომ მასში მინისტრების ავტოპარკინგის განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული ზღვარის დაწესებაზე საუბარი არ არის, ხარვეზია.

 

“დადგენილებაში საუბარია განპირობებულ მანქანებზე, მაგრამ დაკონკრეტებული აღარ არის, თუ რა სახის სტანდარტი დაუწესდათ მინისტრებს. მხოლოდ დაბალი რანგის თანამდებობის პირებისთვის საჭირო ავტომანქანების შეძენაზე ზღვრული ღირებულების დაწესებაზეა საუბარი. კარგი იქნებოდა, შეემუშავებინათ ერთიანი სტანდარტი”, – ამბობს გიორგი გვალია.

 

მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდებიან: “ვიმედოვნებთ, რომ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ რეგულაციები მინისტრების ავტოპარკინგის განახლებაზეც დაწესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ დადგენილება უსამართლოა”.

 

კითხვაზე “რადგან მინისტრების ავტოპარკის განახლება არ იგეგმება ამიტომაც არ მოიხსენიეთ ისინი დადგენილებაში – იგულისხმებიან თუ არა აჭარაში მოქმედი მინისტრებიც?” – საქართველოს კანცელარიის უფროსი პასუხობს, რომ “მათზე უშუალო ზედამხედველობის უფლება საქართველოს მთავრობას არ აქვს, ამიტომ ამ ტიპის რეგულაციაზე დადგენილება აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს. მანამდე კი მათ, და იმ სხვა სტრუქტურებსაც, რომლებზეც რეგულაციის დაწესების უფლება მთავრობას არ აქვს, “ეთხოვათ ამ რეგულაციებით ისარგებლონ”.

 

დაწესებულებებში, რომლებსაც ეთხოვათ მთავრობის რეგულაციებით ისარგებლონ,  აჭარის უმაღლესი საბჭოც შედის.

 

აჭარის რეგიონში მოქმედი სამთავრობო უწყებებისთვის ავტოპარკის განახლების რეგულაციების დაწესებაზე  აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტი მუშაობს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილება ამ სამუშაო კვირაში გამოქვეყნდება.

 

2013 წლის ბოლოს საქართველოში ადგილი ჰქონდა სკანდალს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ძვირადღირებული მანქანების შესყიდვამ გამოიწვია. რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ხელისუფლება მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენაზე ტენდერის გამოცხადების გამო გააკრიტიკა. თუმცა კახა კალაძის კრიტიკას ხელი არ შეუშლია, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილისთვის სწორედ იმავე პერიოდში ეყიდა ძვირადღირებული ჯიპი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.