კვირის ამბები

არასოდეს გამიშვა

01.03.2014 •
არასოდეს გამიშვა

 

 

უტოპიური წიგნია კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“. წიგნი – წინასწარმეტყველება, წიგნი –  გაფრთხილება, წიგნი –  სიგნალი, განგაშის ნიშნით „სდექ!“ უმძიმეს სამეცნიერო ეთიკურ პრობლემას ეხება წიგნი, იმიტომ, რომ მთავარი გმირები, არც მეტი, არც ნაკლები, კლონები არიან.
„არასოდეს გამიშვა“ არ არის ჩვეულებრივი წიგნი და მის არაჩვეულებრიობას მხოლოდ ორიგინალური სიუჟეტი არ განაპირობებს. უჩვეულო და მოულოდნელია სტრუქტურა –  ამბავი პირველ პირშია დაწერილი, ქეითი ეიჩი, კლონი, ჰყვება საკუთარ ისტორიას.

 

ყველაფერი სკოლის, ჰეილშემის ამბით იწყება. თავიდან არ არის გაცხადებული, რომ ყველა ის ადამიანი, რომელზეც ქეითი ჰყვება, კლონია. მაგრამ დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. არაფერია ისე, როგორც უნდა იყოს. დასაწყისი ძალიან აბნევს მკითხველს –  რა ხდება ჰეილშემში? სად არიან ამ ბავშვების მშობლები? რატომ იქცევიან მასწავლებლები ასე უცნაურად? რატომ სწავლობენ ასეთ უჩვეულო საგნებს?
ყველაფერი ქეითის, ტომისა და რუთის გარშემო ვითარდება. ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ეს სამნი მეგობრობენ, უყვართ ერთმანეთი, რაღაც სასიყვარულო სამკუთხედის მსგავსიც ვითარდება… მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ ეს ბავშვები წინასწარ არიან შეგუებულები რაღაცას, რაც მკითხველმა ჯერ არ იცის, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს რაღაცა თავზარდამცემი, სისხლისგამყინავი საშინელებაა.

 

„რაღაცა“, ანუ სიმართლე, მალე ირკვევა – კლონები იმიტომ იზრდებიან, რომ ჩვეულებრივი ადამიანების ორგანოების დონორები გახდნენ. მაგრამ ეს საშინელებები, როგორღაც, სულ უკანა პლანზე ვითარდება წიგნში. მთავარი სულ სხვა რამაა –  ის, რაც ყველგან და ყოველთვის მთავარია –  სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, თავისუფლება და სიცოცხლე.

 

ვერსად წაიკითხავთ სიცოცხლის ისეთ სიყვარულს, როგორც ამ სამეულს უყვარს სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ბავშვობიდანვე შეჩვეულები არიან. დიდი უიმედობის და დიდი იმედების წიგნია „არასოდეს გამიშვა“, უმძიმესი ემოციების და უპასუხო კითხვების. არის კი ჩვენი სიცოცხლე ამდენად მნიშვნელოვანი, რომ  ჩვენი ორეულები შევიქმნათ, დახურულ სკოლებში გამოვკეტოთ და შემდეგ ორგანოები ამოვაჭრათ? იქნება ჩვენი სიცოცხლე მათ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი? გვექნება უფლება, ვატაროთ სრულყოფილი ადამიანის გული, ღვიძლი, ადამიანის, რომელიც ზუსტად ჩვენნაირად ფიქრობს და გრძნობს? შეიძლება, ჩვენზე უკეთაც. იშიგუროს არა აქვს პასუხები. არც რუთს, ქეითის და ტომს. პასუხი ის განცდებია, რომელიც წიგნის დახურვის შემდეგ ჩნდება – ის უკიდეგანო სიძულვილი, რომელსაც იმათ მიმართ იგრძნობთ, ვინც ეს ამბები დაატრიალა. მათ მიმართ, ვინც ამ სამეულის მეგობრობას ხელი შეუშალა. ვინც ტომის და ქეითის არ მისცა სიყვარულის საშუალება. იმის მიმართ, ვინც მათ სიცოცხლე აუკრძალა.

ეს სიძულვილია ყველაფრის პასუხი.

გადაბეჭდვის წესი