Batumelebi | სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები – Batumelebi
RU | GE  

სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები

 

(რაღაა იგი აბჯარი, თუკი თან ახლავს ხვრელია)

 

წინამდებარე წერილი საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის თუ არა, მინიმუმ მისი მოადგილის  კორუფციულ სქემაში აშკარა ჩართულობამ დამაწერინა. 

 

 

ჯემალ ჯიჯავაძე
ჯემალ ჯიჯავაძე

ამჟამად ჩემი ცხოვრების 67-ე წელს ვითვლი, ანუ ვარ ასაკით პენსიონერი, შვილმა ირაკლიმ, ვიდრე პენსიაზე გავიდოდი, ორ-ნახევარი წლის წინ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგის 50-ლარიანი „მედი პრემიუმის“ პოლისით გამანებივრა. ყველაფერი ეს გაამართლა იმით, რომ ქვეყანას აქვს სახანძრო სამსახური, სადაც მეხანძრეები წლების განმავლობაში დომინოს თამაშში კლავენ დროს და არავის ახსოვს მათი არსებობა, მაგრამ ერთი უბედურება (ხანძარი) და ყველა იმედის თვალით შეჰყურებს მათ ოსტატობას, რომელზეც მთლიანადაა დამოკიდებული წლების განმავლობაში შექმნილი მატერიალური დოვლათის გადარჩენის ბედი.

ასეა სადაზღვევო პოლისიც.

 

 

ღმერთმა ნუ ქნას მისი საჭიროება, მაგრამ თუ მაინც დადგა ამის აუცილებლობა, მაშინ ნამდვილად დარჩები მზღვეველის მადლიერი. ჩემ შემთხვევაშიც ორწლინახევრის მანძილზე წელიწადში ერთხელ თუ შევუვლიდი ყურადღებიან და კვალიფიციურ  პირად ექიმ თამრიკო დონდუას, რომლის მიმართვით ვაბარებდი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას ანალიზებს, იმავე დღეს ვიღებდი პასუხს, რომ მაქვს შესაშური ჯანმრთელობა. ამით პრაქტიკულად მთავრდებოდა სადაზღვევო კომპანიის ზრუნვა ჩემს ძვირფასს ჯანმრთელობაზე.

 

 

მოხდა ისე, რომ 2012 წლის 22 სექტემბერს ავტოავარიის შედეგად მივიღე ზედა მარჯვენა კიდურის მხრის იდაყვთან შემაერთებელი ძვლის მრავლობითი მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრ `მედინაში~ გადამიყვანა.  მკურნალობა მორიგე ქირურგ-ტრავმატოლოგ ლევან გვასალიას ანდეს, რომელმაც თავი დამამახსოვრა, როგორც მაღალი კვალიფიკაციის დაუზარელმა, გულისხმიერმა და პერსპექტიულმა ახალგაზრდა სპეციალისტმა. მან მრავლობითი მოტეხილობის მქონე მხარ-იდაყვის შემაერთებელი ძვლის გასამრთელებლად მეტალის ფირფიტა და ბურღხრახნი (შურუპები) გამოიყენა.

 

 

მკურნალობის მეთოდი წარმატებული გამოდგა. ოპერაციიდან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში საჭირო იყო მეტალის 35 სმ. ფირფიტის ამოღება. მე, რაღა თქმა უნდა, პირადი ექიმის მიმართვით კვლავ სამედიცინო ცენტრ „მედინას“  და მკურნალ ექიმ ლევან გვასალიას ვეწვიე, რომელმაც ჩასატარებელი გეგმიური ოპერაციისთვის 1129 ლარის ღირებულების ანგარიშფაქტურა მომართვა „ჯი პი აი“ ჰოლდინგში წარსადგენად.

 

 

ამ უკანასკნელმა (დეა ქაჯაია) როცა იხილა ინვოისი, განმიმარტა, რომ ვინაიდან მე მაქვს სახელმწიფო საპენსიო სადაზღვევო („იმედი L“) პოლისი, თანახმად ჩვენი შიდა შეთანხმებისა, მომსახურების ღირებულების 90 პროცენტი უნდა დააფინანსოს  „იმედი L“-მა, ხოლო დარჩენილის 80 პროცენტს დააფინანსებდა „ჯი პი აი“ ჰოლდინგი. ჩემს პროტესტზე, რომ მე ვარ „ჯი პი აი“ ჰოლდინგის 50-ლარიან „მედი პრემიუმის“ მფლობელი და ყველა ლოგიკით მეკუთვნის 10 000 ლარის ფარგლებში გეგმიური ოპერაციის დაფინანსება, მათ ურცხვად გამიმეორეს კომპანიას და სახელმწიფოს შორის გარიგებაზე, რომლის კორუფციული ფესვები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს (ცნობისათვის, ყველა ლოგიკით ზემოთ ნახსენები შეთანხმება გაფორმებულია 2012 წლის 22 სექტემბრამდე, ე.ი. „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს, მაგრამ ხალხზე ზრუნვით დამშვრალმა „საოცნებო“ ხელისუფალმა დღემდე ვერ მოიცალა მის გაკეთილშობილებაზე – ამჟამად წარმატებით აგრძელებენ მოსახლეობის ყვლეფას).

 

 

ჩემს პროტესტს და კანონიერ მოთხოვნას იმ კუთხით, რომ განმეორებით ოპერაცია წესით იმ ექიმის გასაკეთებელი იყო, ვინც თავის დროზე მკურნალობის ეს მეთოდი აირჩია, გაგებით მიუდგა და ბიუროკრატიასთან 25-დღიანი ჯახირის შემდეგ ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა რომან ბოლქვაძემ, რომელმაც ისევ „იმედი L“-ი დაითანხმა მედინაში გეგმიური ოპერაციის ღირებულების –  1129 ლარის 90 პროცენტით, ანუ 1016 ლარით დაფინანსებაზე (დარჩენილი 123 ლარიდან წუწურაქმა „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა მხოლოდ 90 ლარი გამოიმეტა. იმ დროს თუ მე არ მექნებოდა სხვა დაზღვევა გარდა „ჯი პი აი“-სა, იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა 903 ლარი. გულისხმიერებისა და გაწეული ჯაფისათვის  ბატონ რომან ბოლქვაძეს გულწრფელი მადლობა.

 

 

 

 

ზემოთ აღწერილი ბატალიების შემდეგ მე დავინტერესდი, თუ რამდენით დააფინანსა „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა 2012 წლის 22-26 სექტემბერს „მედინაში“  ჩემს მკურნალობაზე გაწეული ხარჯები. აღმოჩნდა, რომ ნული ლარით. აქაც სახელმწიფოს ხარჯზე 3048 ლარის გადახდა აირიდა, რამეთუ თაღლითური ხელშეკრულება ამის საშუალებას აძლევდა. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ მე „ჯი პი აი“-სთან ხელშეკრულება გავაუქმე.

 

 

მე, ერთი მოქალაქე, სახელმწიფო სამსახურს არ განვიხილავ, როგორც მამინაცვალს, რომელსაც რაც შეიძლება მეტი უნდა გამოსტყუო. მარტო ჩემს ეპიზოდში, რომ არა ზემოთ მოტანილი კორუფციული გარიგება, სახელმწიფო დაზოგავდა 3048 ლარს,  რომლითაც შეეძლო შეშველებოდა სხვა შეჭირვებულს. სათაურში გამოტანილი აბჯარი, რომლითაც სადაზღვევო პოლისი იცავს ბენეფიციარებს, თაღლითური  სქემის ნაწილი ხდება და უხილავი ხვრელით ქართული სადაზღვევო კომპანიები 65-68 პროცენტ წლიურ მოგებას იჯიბავენ მაშინ, როცა მსგავსი პროფილის კომპანიები მოწესრიგებულ დასავლეთში 4-6 პროცენტ მოგებას ყაბულდებიან.

 

 

„ქართული ოცნების“ მთავრობის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მინისტრ დავით სერგეენკოს რევოლუციური გადაწყვეტილებით, პირველად დემოკრატიული საქართველოს პირობებში, მოახერხა ის, რომ დღეს ქვეყანაში არ მოიძებნება არც ერთი კატეგორიის მოქალაქე, რომელსაც რაღაც დოზით არ შეხებია ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულობა.  ეს ძალიან კარგია, მაგრამ არა –  საკმარისი. გასაგებია, მთავრობას ამ ეტაპზე მეტის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაგრამ იგივე ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია შექმნას მსურველთათვის დაზღვევის თანადაფინანსების პროდუქტი, რომელიც მე, 46 წლის სტაჟის მქონე პენსიონერს და მრავალ სხვა მსურველს, მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენსავე პენსიიდან, სახელმწიფოს მიერ ბოძებულ 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ჯიბიდან შევაშველოთ ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი და მეტი ლარი, რათა სამედიცინო დაზღვევის პოლისმა უფრო სრულყოფილად დაუფინანსოს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ჯემალ ჯიჯავაძე, პენსიონერი