კვირის ამბები

რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

26.02.2014 • 2611
რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

 

 

ნუნუ


ნუნუ 86 წლისაა. მისი კომუნისტი მამა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც კი იყო. ძმა პირველი ბათუმელია, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტში ხარისხი დაიცვა. ნუნუ ასპირანტურისთვის დაიწუნეს, თბილისელმა პროფესორებმა, რომლებიც ნუნუს მაშინ „ღმერთებად მიაჩნდა“, „აჭარიდან პირველ ქალს მხოლოდ ანკეტის გამო“ უთხრეს უარი.

 

ნუნუს ახსოვს, ერთ-ერთმა ბიძამ 10 წლის ბავშვს ეზოში „ტროცკისტის ბარტყი“ რომ დაუძახა. ფიქრობს, რომ შეიძლება ეს თავის გადასარჩენად დასჭირდა.

მამაზე ყვება და ცრემლი სდის. თეა ამბობს, რომ ბებიას თვალზე ცრემლი არ ახსოვს. ნუნუ იმან ააფორიაქა, რომ მისი ისტორია ხალხმა უნდა გაიგოს.

 

 

მამა


ნუნუს მამა, მევლუდ ოქროპირიძე ზუგდიდში დააკავეს. ბრალდება – ანაკლიაში საიდუმლო ანტისახელმწიფოებრივ კრებაზე დასწრება. მაშინ ის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო. ნუნუ დედის – ფატის მონათხრობს იხსენებს.

 

ზუგდიდელი კაკებეშნიკი მისულა მამასთან და ერთი ბინა უთხოვია, საყვარლისთვის. მამა სახლს ინსტიტუტის მუშებისთვის აშენებდა. `უთხრა, სამაგიეროს თუ მომცემ, დაგითმობ ბინასო. ამაზე გაბრაზებულა კაკებეშნიკი. `უარი როგორ გაბედე და გამაწბილეო~. ამის გამო მამა დააპატიმრეს.

 

„მგონი M-1 რომ ეძახდნენ, იმ მანქანით მოვიდა ორი კაცი. ჩხრეკის სცენა არ მინახავს, ეზოში ვიყავი. მამა მაშინ დავინახე, როცა მანქანაში სვამდნენ. 10 წლის ვიყავი“.

 

 

მამა აღარ დაბრუნებულა – „ტროიკამ“ 10 წლით კიროვის ოლქში გადაასახლა.

 

 

ხუბუა და ხაბურზანია –  ამ ორმა გლეხმა მოაწერა ხელი მევლუდის დასმენას. ერთ-ერთმა უთხრა კიდეც მევლუდს `საშვილიშვილო ცოდვა ჩავიდინე, მაგრამ ცემაში მომკლეს, შენ თავს ჩემი თავი ვარჩიე. თუ სასამართლო იქნება, ყველაფერს ვიტყვიო“. მაშინ სასამართლო არ ხდებოდა. მამის ბედი ტროიკამ გადაწყვიტა.

 

 

ნუნუმ იცის იმ კაცის გვარი, ვინც მამა დააპატიმრა, მაგრამ არ უნდა მისი დასახელება: `შთამომავლობა ჰყავს. ნორმალურად აღზრდილები თუ არიან, გული ეტკინებათო“.

 

მამა ბერიას ცოლის კურსელი ყოფილა.

 

დედა

 

„მორცხვი, ნაზი ქალის სხეულში საიდან ამდენი ძალა, დღემდე ვერ ვხვდები“, – ამბობს ნუნუ. ფატის მეუღლის დაპატიმრების დროს გული წაუვიდა. მერე იყო მტანჯველი წლები სამ შვილთან ერთად. სოფელში დაბრუნებული ჩაის კრეფდა. ღამღამობით ანგარიშობდა, ერთი კილო კარაქის საყიდელი ფული თუ გამოიმუშავა. ომის წლებში ტყიდან შეშის ნაფოტებს `მეშოკებით ეზიდებოდა“.

 

 

მერე ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. დედას ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩაზე ურიკების ხრიგინი აშინებდა, ხრუშოვის მოსვლამდე. ელოდა, რომ მასაც წაიყვანდნენ და თადარიგი დაიჭირა. თავის დისშვილს, რომელიც თითქმის მისი ტოლი იყო, სთხოვა, თუ გადამასახლეს, ხელის საკერავი მანქანა და ყველაფერი, რაც მაქვს, შენი იყოს, ოღონდ შვილებს უნდა მიმიხედოო“.

 

 

„დედას როცა ძალიან უჭირდა – ღმერთმა ჩემსავეთ სტალინის და ბერიას ცოლშვილიო, ვითომ წყევლიდა მისებურად“.

 

 

წერილები

 

მევლუდი გადასახლებიდან წერილებს აგზავნიდა –  დახმარებას ითხოვდა. ერთხელ ნუნუსაც მოსწერა – შვილს სთხოვა, სტალინისთვის ხმა მიეწვდინა. თუ რა უნდა მიეწერათ ბავშვებს ბელადისთვის, იქვე ეწერა. წერილი ასე იწყება: „საყვარელო დიდო ბელადო, მამავ და მასწავლებელო“.

 

იყო სხვა წერილებიც:

„ძმაო ხუსეინ, იცოდე, რომ სიცრუეა ჩემზე წამოყენებული ბრალდება…“

 

 

„ძვირფასო დაო რეხიმევ!… ამანათზე არაფერს ვწერ, რადგან იცით, რომ მე უამანათოდ ძალიან გამიჭირდებოდა სიცოცხლის შენარჩუნება. უსუფმა მის ტანზე შეაკერინოს ბლუზი, რომ გამომიგზავნა, ისეთი ან უფრო უბრალო მატერიიდან, გალიფე შარვალიც გამომიგზავნოს“…

 

 

„ძმაო ხუსეინ, ერთ დროს თუ იყო მორიდება და თითქოს საშიშიც ძმებისგან გამოხმაურება, ეს პერიოდი წავიდა და ახლა ძმებიც კი კითხულობენ ძმის ამბავს. საშიში და სათაკილო არ არის მე მგონი…. ფატის არ შეუძლია თბილისში წასვლა, რიგში დგომა და პროკურორის ნახვა, მაგრამ ძმებმა ცოტა რამე იზრუნეთ, ბიჭო!“

 

 

მევლუდ ოქროპირიძე სახლში არ დაბრუნებულა. ოჯახმა კიროვიდან მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ მისი საფლავი არ არსებობს.

 

 

სტალინი

 

ფატიმ, ისე როგორც ნუნუმ, მაინც იტირა სტალინის გარდაცვალების გამო. „რადიოში ვისმენდით, ავად არისო. ერთ დღესაც, დილის 6 საათზე, გემების საყვირის ხმა გავიგონეთ; ალბათ, სტალინი მოკვდაო, დედამ. ასე მახსოვს, 04:06 საათზე მოკვდა. არ გაგიკვირდეთ, სტალინის გარდაცვალება ჩვენ არ გაგვხარებია“.

 

 

ნუნუ ცდილობს მაშინდელ ტირილს ახსნა მოუძებნოს:  „სტალინი არაფერ შუაში იყო, კეკებეშნიკები ჰყავდა მიშვებული სრულუფლებიან ძაღლებად. ბერია უბოროტესი კაცი აღმოჩნდა.

 

 

პრესიდან მახსოვს, სტალინი უგონო მდგომარეობაში რომ იყო, თურმე ცეკას წევრები დასცქეროდნენ. ჩათვალეს, რომ მოკვდა. ბერიას უთქვამს – „ვზდოხ იშო ადინ ტირან“. ამ დროს სტალინს თვალი გაუხელია. ბერია მუხლებზე დაცემულა და იძახდა, `პრასტი ტავარიშ სტალინ“.

 

ერთხელ ბიძამ მითხრა – ულვაშამ მამა წაგართვა და მაგი გიყვარსო? მე არაფერი მითქვამს. ჩვენ პიონერულ ორგანიზაციაში გვზრდიდნენ… ახლანდელი ადამიანი ბევრი რამისგან გათავისუფლდა“.

 

თეა

„ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მიმიწვიეს. სტუდენტებს დიდად არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის მაგალითზე მოვუყვებოდი ერთი ადამიანს ბედს, თუ როგორ გააქრეს 37 წელში. ეს იყო ემოციური მომენტი ჩემთვის, პირველად ცხოვრებაში, ევროპის შუაგულში, ულამაზეს ადგილზე ვგრძნობდი ვენდეტას – ამით ვუხდიდი სამაგიეროს იმ რეჟიმს.

 

 

მოვყევი იმაზე, თუ როგორ მეზიზღებოდა ფორტეპიანო ბავშვობაში. როცა გავიზარდე, მაშინ მოვისმინე, რომ ბებია ბავშვობაში ოცნებობდა ფორტეპიანოზე. მივხვდი, რომ ის, რასაც მე ვერ ვაფასებ, ბებიასთვის იყო მწვერვალი –  ბედნიერებასა და მამასთან დაკავშირებული ნივთი. ამას რომ ვყვებოდი, ახალგაზრდები ცხარე ცრემლებით ტიროდნენ… რაც იმ მომენტში ვიგრძენი, ნამდვილი კათარზისი იყო“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: