კვირის ამბები

დეპრესია სტუდენტის ხედვით

18.02.2014 • 2433
დეპრესია   სტუდენტის ხედვით

 

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ დეპრესია აფექტური სინდრომია, რომელიც ხასიათდება უგუნებობით, აზროვნებისა და მოძრაობის შენელებით, რომელიც ახლავს ყველა ფსიქიკურ დაავადებას. საჭიროა განვასხვავოთ ნორმალური და პათოლოგიური შემთხვევები. ნორმალური ან პერიოდული დეპრესიული მდგომარეობის დროს  ადამიანებს აერთიანებთ  დარდისა და წუხილის გრძნობა. პათოლოგიურს კი მიეკუთვნება დეპრესია და მელანქოლია. ამ ყველაფერს კი, საერთო ჯამში, იწვევს სულიერი ტკივილი, ვინმეს, ან რაიმე მნიშვნელოვანის დაკარგის გრძნობა, სიყვარულისა და პირადი ცხოვრების არქონა, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გრძნობების ერთმანეთთან შერწყმის დანაკლისი. განსხვავება ისაა, თუ როგორ ძალუძთ ადამიანებს მათ თავს დამტყდარ პრობლემებთან გამკლავება, დაუბრუნდებიან თუ არა გარესამყაროს და თავს მისი მთლიანობის ნაწილად განიხილავენ, რა ხანგრძლივობა ექნება დეპრესიულ მდგომარეობას.      

  

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდანვე მოწყენილები არიან, არ სწამთ გარესამყაროს, გარშემომყოფი ადამიანებისა და საკუთარი თავისაც კი. ფიქრობენ, რომ ცუდები არიან და არ იმსახურებენ სიყვარულს. სწორედ ეს არის დეპრესია – მათი ჩვეული მდგომარეობა, რომლის არარსებობაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ. საკუთარი თავისა (თვითპერცეფცია) და გარესამყაროს ასეთი აღქმის მიზეზი ადრეულ ასაკში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, დედის ან მისი შემცვლელი, მზრუნველი ადამიანის ქცევაში. როგორც ჩანს, შფოთვისა და დაძაბულობის სიტუაციებში ეს ადამიანი ვერ რეაგირებდა ბავშვის მოთხოვნილებებზე დროულად და ადეკვატურად, მაშინ, როდესაც ბავშვისთვის დედა მთელ სამყაროს წარმოადგენს, ის მისთვის ყველაფერია, როგორც ემოციონალურ, ასევე ფიზიკურ კონტექსტში, მიღებულია სანდო პიროვნებად, ასეთი არასრულყოფილი გამოცდილების შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა, რომ მის ირგვლივ ყველაფერი სასტიკია, რისი ნდობაც არ შეიძლება, მას ვერ გაუგებენ და ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი ფიქრობს, რომ არც თვითონ არის სიყვარულის, სითბოსა და მზუნველობის ღირსი. ამგვარი დეპრესიული მდგომარეობის კიდევ ერთ წყაროდ ითვლება ფრუსტრაცია (იმედგაცრუება, რომელიც ტკივილს აყენებს). ბავშვი ვერ ბედავს დედის მიმართ გამოხატოს საკუთარი გრძნობები, რადგან ფიქრობს რომ აწყენინებს მას და ამით დაკარგავს მზრუნველ ადამიანს, მას განუდგებიან და აღარ ეყვარებათ, შესაბამისად, ის აღარ გამოხატავს თავის ემოციონალურ მდგომარეობას და მთელს ბრაზსა და სიძულვილს შინაგანად ავლენს, მიმართავს საკუთარ თავზე, რის შედეგადაც იგი ცუდ პიროვნებად აღიქმება.

 

თუ ბავშვი რეალურად კარგავს საყვარელ ადამიანს, მშობელს, განქორწინებისა თუ სიკვდილის შემთხვევაში, პირველ რიგში, იგი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ყველაფერში დამნაშავე სწორედ თვითონ არის, რადგან არასაკმარისად კარგი იყო, რაღაც ცუდი ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ამ საკითხის განხილვა ბავშვთან, მიუხედავად მისი ასაკისა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თვითონ გამოიტანს არასწორ დასკვნებს, რაც ცუდად იმოქმედებს მასზე მთელი სიცოცხლის მანძილზე და იცხოვრებს დანაშაულის გრძნობით.

 

დეპრესია ყოველთვის უკავშირდება რაღაცის დაკარგვის, დანაკლისის შესახებ განცდებს, იქნება ეს საყვარელი ადამიანის, ურთიერთობის დაკარგვა, თუ სასიყვარულო იმედგაცრუება, იმედებისა და ილუზიების მსხვრევა. ყველა ამ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას კარგავს, რაზეც ემოციონალურად ძლიერ იყო მიჯაჭვული. თუ დედისადმი ადრეული ურთიერთობების გამოცდილება მყარი იყო, მაშინ ადამიანი მსგავს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციას ადვილად გადაიტანს და ყველაფერს თავს გაართმევს, შემდეგ კი ინტერესსა და სიყვარულს ახალ ობიექტზე გადაიტანს. მაგრამ დეპრესიის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აქ საქმე გვაქვს ერთგვარი გაშვების პრობლემასთან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი რეალურ სამყაროში აღარ არის, ის არსებობას მეორე ადამიანში აგრძელებს, შინაგანი დიალოგების, სწავლებების, დადანაშაულების სახით, რაც საკუთარი თავისადმია მიმართული, თითქოს ყველაფერი ამ ადამიანის შეცდომის გამო მოხდა და შესაძლოა დანაშაულის გამოსყიდვაა საჭირო.

 

დეპრესიის მთავარი სიმპტომი ცუდი ხასიათია, ან საერთოდ უხასიათობა, სიყვარულის შეუძლებლობა, კავშირების დამყარების სურვილი არც არსებობს, ინტერესს არაფერი იწვევს. ამ ყველაფერს კი იმ ფაქტით ვხსნით, რომ ამ ადამიანის გული თავისუფალი არ არის და აგრძელებს იმ ობიექტის სიყვარულს, რომელმაც იგი მიატოვა. 

 

დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მისგან თავის დაცვას მანია ეწოდება. ის ახასიათებს ადამიანის ტრიუმფს საყვარელი ობიექტის მიმართ, როდესაც თავისუფლდება მისი სიყვარულისგან და მასზე დამოკიდებული აღარ არის. ადამიანი ასეთ დროს საკუთარ ყოვლისშემძლეობას გრძნობს, როდესაც თვითონ ძალუძს წარმართოს და დაიქვემდებაროს ობიექტი, რომლის სიყვარულზეც ადრე თვითონ იყო დამოკიდებული.

 

დეპრესიისაგან განკურნების ფორმები ერთმანეთს გვანან და ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მელანქოლიური დეპრესია საჭიროებს ანტიდეპრესანტების დანიშვნას ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ არსებობს სუიციდის საფრთხე, საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელია. ანტიდეპრესანტები ნევროტული დეპრესიული სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაშიც დადებითად მოქმედებს. თუმცა, ანტიდეპრესანტები პანაცეა არ გახლავთ. მათი მიღება ისეთი დეპრესიული ინდივიდების მიერ, რომლებიც დამოკიდებულების მიმართ მიდრეკილნი არიან, ახალი დამოკიდებულების საფრთხეს გვიქადის. ამასთანავე, ანტიდეპრესანტებისა და ალკოჰოლის თანამედროვე მიღება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ქიმიური კომპონენტების არასასურველი ურთიერთქმედების გამო.

 

რაც შეეხება დეპრესიისადმი ბრძოლის მეორე გზას, ფსიქოთერაპიას, ის არ არის სწრაფი, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდია. საქმე ეხება არა ფსიქოანალიზსა და ფსიქოლოანალიზურ ფსიქოთერაპიას, არამედ რაციოანალურ, თანადგომისადმი მიმართულ ფსიქოთერაპიას. მხოლოდ ხშირი ეგოისტური ტრამვების ღრმა გამოკვლევა დაეხმარება ინდივიდს გამოვიდეს ხანგრძლივი დეპრესიული მდგომარეობიდან. ფსიქოანალიზის დროს ცნობიერად იკვეთება აქამდე არაცნობიერად არსებული ურთიერთობების პატერნები, ხდება მათი წყაროების გაანალიზება. ადამიანი ხელახლა სწავლობს საკუთარი თავისა და გარესამყაროს აღქმასა და ძველი შეხედულებებისაგან გათავისუფლებას.

და ბოლოს, ფაქტები დეპრესიის შესახებ:
 
●  დეპრესიით იტანჯებიან 2%-დან 10%-მდე  ადამიანები;
●  დეპრესიას 2-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით ქალებთან;
●  ის ხშირად 25-დან 35-წლის ასაკში გვხვდება;
●  სუიციდის შემთხვევების 80%-ის მიზეზად დეპრესია სახელდება;
●  დეპრესიული მდგომარეობის ნახევარი პაციენტებისა და ექიმების მიერ ვერ ამოიცნობა;
●  დეპრესია ხშირად სომატური დაავადებების მიღმა იმალება, ან ხელს უწყობს მათ გაუარესებას.

გადაბეჭდვის წესი