კვირის ამბები

„ოღონდ გულგრილი ნუ იქნება..”

30.01.2014 • 1872
„ოღონდ გულგრილი ნუ იქნება..”

საუბრის დაწყებამდე ციალა ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტს ხვდება. ბევრ კითხვას უსვამს, ცდილობს ბევრი გაიგოს მათზე. შემდეგ საქმიანი კითხვებიდან შედარებით სახალისო კითხვებზე გადადის – „მეტი ფანტაზიისთვის“: „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?“ – კითხვას ვიმახსოვრებ.

ციალა დღის უმეტეს ნაწილს, არასამუშაო საათებსაც კი, სამსახურს უთმობს, იმიტომ არა, რომ ამის ვალდებულება აქვს: „მსიამოვნებს ამ ყველაფერზე ფიქრი და საქმის კეთება.“

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა. მაშინ ჩვენც პატარები ვიყავით, ახალი დაწყებული გვქონდა საქმიანობა. იყო ბევრი პრობლემა ეკომიგრანტების კომპენსაციებთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ხალხი გადასახლდა. გაგვიჩნდა ინტერესი, რატომ გადასახლდნენ, სად წავიდნენ? _ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და დავიწყეთ პროექტი ეკომიგრატებზე. იმ დროს სამთავრობო უწყებებშიც კი ბევრმა არ იცოდა, რას ნიშნავდა ეკომიგრატი,“  – მიყვება ციალა.

ციალას ეკომიგრანტებზე ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი, ამბავი ერთ ქალზე, ერთ ბავშვზე, ერთ ოჯახზე, ერთ სოფელზე, გზაზე, ჩავარდნილ ხიდზე, მარტო დარჩენილ ქალზე… ამ ამბებზე ხშირად, მისდაუნებურად ფიქრობს და „გული წყდება.“

„თაობები იზრდება ამ ადამიანების ოჯახებში. ჩვენ რაღაც დემოკრატიას ვაშენებთ, მესამე მთავრობა შეიცვალა, ვითომ სამოქალაქო სექტორის განვითარება გვინდა და ამ დროს ადამიანებს აქვთ კვების პრობლემა, განათლების მიღების პრობლემა. თუ მათთვის რაღაც არ შეიცვალა და ყველასთვის არ გახდა ხელმისაწვდომი ის, რაც ვითარდება, არ ვიცი რა იქნება. იცით რა ხდება? – ერთია, რაღაც პროექტი გააკეთე და დებ შედეგს. მობრუნდები და ისევ იქ ხარ, ამ ადამიანებისთვის არაფერი არ იცვლება.“

საკუთარი თავის დახასიათებისას ამბობს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აღელვებს, ყალბი პატრიოტიზმია: „რომელსაც ყველგან ვხვდები. ვითომ ქართველობა, ვითომ სიყვარული და ასე შემდეგ. ქართულ სუფრაზე შეიძლება ქალი აიყვანონ ზეცაში და  მეორე დღეს იგებ, რომ იგივე ადამიანები სხვა რაღაცას აკეთებენ, ყველაფერს ღირებულებას უკარგავენ. თუნდაც რელიგიასთან მიმართებაში – მაღიზიანებს ეს ფსევდორელიგიურობა. ადამიანებს, რომლებსაც ბიბლია არ წაუკითხავთ, ამბიცია აქვთ, რომ ყველაზე რელიგიურები არიან. არ ვეჩხუბები ასეთ ადამიანებს, მაგრამ შეიძლება ძალიან გავბრაზდე, როცა რაღაცას მიმტკიცებენ.“

პროფესიით იურისტია, მაგისტრატურა კონფლიქტოლოგიის განხრით გაიარა. ამბობს, რომ ეს არის მიმართულება, რომელშიც ამ ეტაპზე ჩართული არ არის, მაგრამ ძალიან აინტერესებს და მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება ამ კუთხით ქვეყანაში: „ერთ-ერთი პროგრამის მონაწილეც ვიყავი, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები მოლდოვაში ვსწავლობდით ამ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი.“

რაც მას სხვებისგან განასხვავებს, არის ის, რომ არ არის კონფლიქტური: „არასდროს მიჩხუბია, არ მიყვირია. უფრო განრიდებას ვახდენდი. როდესაც ვატყობ ჩემი მეგობარი გაბრაზებულია და უნდა რომ იჩხუბოს, ამ დროს ვარ ძალიან მშვიდი და არაფერს ვამბობ. მოგვიანებით იმ ადამიანს აუცილებლად ავუხსნი, რომ არასწორად მოიქცა.“

თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, მისთვის საუკეთესო დასვენება მეგობართან ერთად სადმე, მშვიდ ადგილზე წასვლა, ყავის დალევა და საუბარია. ახლა იმ დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს, როცა ორი თვით იმერეთში, დედის სოფელში ისვენებდა: „როცა ძალიან ცუდად ვარ, მინდა ისევ იქ წავიდე, ჩავწვე ჰამაკში, როგორც მაშინ და რაღაც წავიკითხო. ძალიან მინდა ის ორი თვე თუნდაც ერთ კვირად იქცეს და ისევ დაბრუნდეს. ახლა სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა მიწევს და მაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაცა სხვა წავიკითხო ოღონდ ისე, როგორც მაშინ. ახლა სხვანაირად ვკითხულობ. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ვერ ვეთიშები იმ ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივაა და ეს ძალიან ცუდია.“

ჩვენი საუბრის დასასრულს მისივე კითხვას ვუბრუნებ, „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას შეცვლიდი?“ რამდენიმე წამით დაფიქრდა. „მინდა, რომ ამ ქვეყნად გულგრილობა აღარ იყოს. ამაზე ბევრი მიფიქრია. სიტყვას, ადამიანის მიმართ ნათქვამს, თუნდაც ბავშვის მიმართ, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება შენ რაღაც გულგრილად ან ზერელედ თქვა, მაგრამ სხვა ადამიანისთვის ეს ემოციური იყოს. ყველა ამბავმა რაღაც შეცვალა ჩემში, რაღაც დამრჩა. იყო შემთხვევა, როცა მივიღე კედელი მეორე მხრისგან. აბსოლუტურად სხვა  გადავეცი და სხვა მივიღე. მერე მეც დისკომფორტი მექმნება. ოღონდ გულგრილი ნუ იქნება და თუნდაც ცუდი ან კარგი იყოს.“

გადაბეჭდვის წესი