კვირის ამბები

უნივერსიტეტის ანსამბლის პრობლემები და წარმატება

17.01.2014 • 2157
უნივერსიტეტის ანსამბლის პრობლემები და წარმატება

 

 

თაობათა ცვლას ყველაზე ხშირად საუნივერსიტეტო ანსამბლები განიცდიან, გამონაკლისი არც ანსამბლი „ტბეთია”. ანსამბლში ამ დროისთვის 27 მოცეკვავეა, სამი თვის წინ ორმოცდაათნი იყვნენ, თუმცა პირველ ოქტომბერს ანსამბლი ცეკვის მსურველი სტუდენტების მიღებას იწყებს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ზურა სვანაძე ამბობს, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხმოცამდე სტუდენტი გამოთქვამს მათთან ცეკვის სურვილს: “ყოველ წელს ვატარებთ კონკურსს, დაახლოებით შვიდ-რვა მოცეკვავეს ვარჩევთ, ახალგაზრდებს ხშირად უბრალოდ სურთ იცეკვონ და არ იაზრებენ იმას, რომ ეს მოქმედი ანსამბლია, რომელსაც გააჩნია პროგრამა, ყოველწლიურად აქვს საგასტროლო მოღვაწეობა, ხელის გაშლა არ არის აქ საკმარისი, თუმცა ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა აგვყავს სრულიად გამოუცდელები, რომლებიც შემდეგ მაღალ დონეზე ასულან. ვიზუალურ მხარესაც ვაქცევთ მნიშვნელობას, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ სცენისთვის.” – ამბობს ქორეოგრაფი.

 

იგი ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ანსამბლს არ აქვს ბერკეტი მოცეკვავეების შესანარჩუნებლად: „სამი წელი მოცეკვავე არ ჩერდება ანსამბლში. მე არ მაქვს ბერკეტი, რომ სტუდენტები დავაინტერესო, დიდ ენერგიას ხარჯავენ ამ ანსამბლისთვის, სამაგიეროდ კი იღებენ მხოლოდ საშემსრულებლო სიამოვნებას, უყვართ ცეკვა და ცეკვავენ. გასტროლია და საკუთარი ჯიბიდან დებენ ფულს, “აზიაცკები” ეხევათ – თავიანთი ფულით აქვთ საყიდი. თუ კონცერტი დაემთხვა ლექციას ან გამოცდას, საპატიოდ არავინ უთვლის” – ამბობს ქორეოგრაფი.

 

მოცეკვავეებისთვის პრობლემაა გაუმართავი სცენაც, რომელიც ხშირად მათი ტრავმის მიზეზიც გამხდარა: „სცენასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ამ სცენაზე მუშაობდა თეატრალური დასიც, რომელთაც სპექტაკლისას სჭირდებოდათ ორმო, რომ მსახიობი ამოსულიყო იატაკიდან. ამოჭრეს იატაკი, შემდეგ კი კუსტარულად დაფარეს, ბევრმა მოცეკვავემ იტკინა იქ ფეხი, დღემდე საშიშია, ზედაპირული შეკეთება არ შველის.” – ამბობს ზურა სვანაძე.

 

“როცა ანსამბლისთვის ყველაფერს აკეთებ, დროს და ენერგიას არ ზოგავ, უნდა იგრძნო მხარდაჭერაც. რეპეტიციები მიახლოებულია სახელმწიფო ანსამბლების ტემპთან, ორსაათიანი რეპეტიციები გვაქვს კვირაში სამჯერ, ანსამბლს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდება.” – ამბობს მოცეკვავე ზურა კაციტაძე, რომელსაც ვიტალი სურმანიძეც ეთანხმება. ვიტალი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ანსამბლის გამო ბათუმის უნივერსიტეტში გეგმავს: „მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, ბევრს ვშრომობთ წარმატებისთვის, მე უკვე მეოთხე წელია ამ ანსამბლში ვცეკვავ.”

 

წელს ანსამბლი “ტბეთი” კულტურისა და ხელოვნების XIII საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფესტივალი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ანსამბლში მიიჩნევენ, რომ წარმატების მიზეზი მათი შემადგენლობა იყო: „წელს არის პირველი შემთხვევაა, როცა მგზავრობის ხარჯი უნივერსიტეტმა აიღო საკუთარ თავზე, აქამდე თავად გვიწევდა ყველაფრის დაფინანსება. ამის გამო ხშირად მოცეკვავეები გვაკლდებოდნენ, ფესტივალებისთვის ცეკვების გადაწყობა გვიწევდა და წარმატების შანსიც ნაკლები გვქონდა, წელს თითქმის სრული შემადგენლობით წავედით სტამბულში, უფრო მეტი ძალა გვქონდა, ალბათ ეს გახდა წარმატების მიზეზი. ცეკვისადმი სიყვარული ანსამბლის ყველა წევრს გვაერთიანებს, ერთი დიდი ოჯახი ვართ.” – ამბობს ნინო დუმბაძე, რომელიც უკვე მეოთხე წელია ანსამბლის მოცეკვავეა.

 

“12 წელია აქ ვარ და პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნების სფეროში მყოფ სტუდენტებს დახმარება გაუწიეს. წელს მგზავრობის ხარჯი უნივერსიტეტმა გაიღო, ეს დიდი შეღავათი იყო, ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გასტროლებზე წასვლას. უნივერსიტეტი ამ პრობლემაზე მხოლოდ იმას გვპასუხობდა, რომ კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაეფინანსებინა გასვლა.” – ამბობს ზურა სვანაძე.

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ ცდილობენ სისტემური ხასიათი მისცენ ამ მხარდაჭერას: “აბიტურიენტები, რომლებიც ცეკვავენ ჩვენს ანსამბლში, გვინდოდა რამენაირად დაგვეტოვებინა აქ, ამიტომ წავახალისეთ – თუ ისინი სწავლას ბათუმის უნივერსიტეტში გააგრძელებდნენ, ჩვენ მათ ხუთასი ლარით სწავლის საფასურს დავუფინანსებდით. ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა ეს დაფინანსება, ასევე ორ სტუდენტს ჩავურიცხეთ თანხა, მეორე და მესამე კურსზე არიან ის მოცეკვავეები, ერთ-ერთი მათგანი არის ობოლი, მეორე კი – წარმატებული სოლისტი. ამ ფინანსური დახმარების გაწევა შევძელით სტუდენტთა დახმარების ფონდისგან.”

 

ქრისტინა აფაქიძემ უნივერსიტეტში წელს ჩააბარა. ის ამბობს, რომ ეს არჩევანი ანსამბლის გამო გააკეთა: „არ მინდოდა ანსამბლიდან წასვლა, თან უნივერსიტეტმა წამახალისა, ერთჯერადად ხუთასი ლარით დამაფინანსეს, რაც სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის.”

 

ხუთასი ლარით დააფინანსეს თორნიკე მეგრელიშვილიც: “მომხიბლა იმან, რომ ანსამბლის მოცეკვავეს უნივერსიტეტი დააფინანსებდა სწავლის საფასურით, საბედნიეროდ მოვიპოვე ეს დაფინანსება – ხუთასი ლარი. როგორც დაგვპირდნენ, კარგი ქულების შემთხვევაში კვლავაც დაგვაფინანსებენ.”

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ სტუდენტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ: „მე ვფიქრობ, რომ სტუდენტები არ უნდა ყიდულობდნენ ცეკვისთვის საჭირო ატრიბუტებს, ამას უნივერსიტეტი უნდა აკეთებდეს, თუმცა გარკვეული რაოდენობა მოცეკვავეებისა არ არიან სტუდენტები და მათზე უნივერსიტეტი ფინანსური ხარჯების გაწევას ვერ შეძლებს.

 

ვფიქრობ, მომავალში აუცილებელია საკრავების პედაგოგის მოწვევა, ფესტივალმა დაგვანახა, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იმ ფესტივალზე მონაწილეობდა, ჰყავდა საკრავების ჯგუფები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა მათ გამოსვლებს, ამის მიუხედავად ჩვენ ყველა მათგანზე დიდი წარმატება მოვიპოვეთ.”

 

ანსამბლის გარდერობშიც პრობლემებია, ხუთი წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა “აჭარულის” შესრულება, რადგან შესაბამისი ფორმები არ იყო: „ხუთი წელი მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ ვცეკვავდით აჭარულს, და ხუთი წელი ყველას ვუხსნიდი, რომ არ გვქონდა შესაბამისი ფორმა, უნივერსიტეტი ვერ გვყიდულობდა ფორმას. ბოლოს რექტორმა ბატონმა ალიოშა ბაკურიძემ საკუთარი ჯიბიდან ამოიღო თანხა და გვიყიდა ფორმა.” – იხსენებს ზურა სვანაძე.

 

დაეხმარება თუ არა უნივერსიტეტი ანსამბლს ფინანსურად ტექნიკური საკითხების მოგვარებაში? ამ კითხვით უნივერსიტეტის კანცლერს, ედიშერ ჩავლეიშვილს მივმართეთ, თუმცა კანცლერი ამ თემაზე მოკლე პასუხით შემოიფარგლა: “არავითარი პრობლემა არ არის” – განაცხადა მან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: