კვირის ამბები

ავთანდილ ბერიძის მანქანების რემონტში დახარჯული თანხა

26.12.2013 • 1538
ავთანდილ ბერიძის მანქანების რემონტში დახარჯული თანხა

 

 

უმაღლესი საბჭოდან მიღებული დოკუმენტების მიხედვით, ავთანდილ ბერიძეს ორი ავტომანქანა – SCA 001 და SCA 041  ემსახურება. ამ მანქანების რეცხვისთვის მთელი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 1957 ლარი დაიხარჯა. აქედან SCA 041  -სთვის 1215 ლარი, ხოლო SCA 001-სთვის 742 ლარი.

 

განსაკუთრებით დიდი ხარჯი ავთანდილ ბერიძის მანქანების რემონტისთვის უმაღლეს საბჭოს ივლისში გაუღია: მსუბუქი მანქანის სარემონტო სამუშაოებში, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2300 ლარია დახარჯული, ხოლო მეორე მანქანისთვის ყველაზე მეტი თანხა – 1331 ლარი ბიუჯეტს მაისში გაუღია.

 

 

ავთანდილ ბერიძის განკარგულებაში მყოფი ავტომანქანებიდან ერთ-ერთი 2010 წელს არის გამოშვებული, ხოლო მეორე – 2008 წელს.

 

ცნობილია, რომ უმაღლესმა საბჭომ გასულ კვირას გააუქმა ტენდერი, რომლის მიხედვითაც 83 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენას აპირებდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, რომელმაც თქვა, რომ ავთანდილ ბერიძის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილავდნენ. თავის მხრივ ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ მედიასთან ახალი მანქანის შეძენის აუცილებლობა ავთანდილ ბერიძის უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით ახსნა. მის განკარგულებაში მყოფი მანქანის სიძველეზე ისაუბრა ავთანდილ ბერიძემაც.

 

 

მანქანების სიძველის შესახებ არაფერი წერია უმაღლესი საბჭოდან მიღებულ დოკუმენტში. ამ დოკუმენტის მიხედვით, ახალი ავტომანქანის შეძენის მიზნობრიობა და აუცილებლობა ასეა დასაბუთებული: „მიზნობრიობა და აუცილებლობა არის ის, რომ უმაღლეს საბჭოში ადრე არსებულ ორ ფრაქციას დაემატა კიდევ სამი ახლადშექმნილი ფრაქცია და ერთი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია“.

 

 

უმაღლესი საბჭოდან მიღებულ დოკუმენტში ასევე განმარტებულია, ბიუჯეტის რომელი მუხლის საფუძველზე აპირებდნენ ავტომანქანის შეძენას: „ბიუჯეტის მუხლში – „არაფინანსური აქტივების ზრდა“ დიზელგენერატორის შეძენისთვის გათვალისწინებული იყო 150 ათასი ლარი, მაგრამ იმის გამო, რომ უმაღლესი საბჭოს დაბა ჩაქვში დარჩენის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, გენერატორის შესყიდვა აღნიშნული საკითხის გარკვევამდე გადაიდო და თანხა, წარმოშობილი საჭიროების შესაბამისად, წარიმართა ავტომანქანის შესაძენად“.

 

 

უმაღლეს საბჭოს, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, კიდევ 16 მსუბუქი ავტომანქანა და ერთიც მიკროავტობუსი აქვს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მანქანებიდან ორი ემსახურება ოპოზიციურ ფრაქციის თავმჯდომარეებს, ხოლო დანარჩენი -მმართველი გუნდის დეპუტატებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: