Batumelebi | ეკომიგრანტები ისევ დახმარების მოლოდინში ეკომიგრანტები ისევ დახმარების მოლოდინში – Batumelebi
RU | GE  

ეკომიგრანტები ისევ დახმარების მოლოდინში

 

 

მას შემდეგ, რაც მათთან მოსალაპარაკებლად ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პრობლემის მოგვარების პირობა მისცა, აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართული კარვები  დაშალეს, შიმშილობა შეწყვიტეს და სახლებში დაბრუნდნენ. როგორ ცხოვრობენ დღეს წალკაში დაბრუნებული ეკომიგრატები და შეასრულა თუ არა მთავრობამ დაპირება? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას ცდილობდა.

 

„ამ ერთ კვირაში ექვსი ოჯახი დაგვრჩა უსახლკაროდ, თოვლსა და სიცივეში. ბერძენმა მეპატრონეებმა ქირის გადაუხდელობის გამო სახლებიდან გამოყარეს. ვინც სხვაგან ვერ წავიდა, ქირას უხდის ბერძენ მეპატრონეებს, სხვანაირად გარეთ დარჩებიან. აქ უკვე აღარავის აქვს ადგილი, რომ ვინმე შეიფაროს. თუ ოჯახი გარეთ დარჩა, აჭარაში უნდა დაბრუნდეს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ახლა დავდივართ, აღწერებს ვატარებთ, ვაკონტროლებთ ვინმე გარეთ არ დარჩეს.“ –  ამბობს თემურ გელაძე. ის აჭარიდან წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტია. მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ წალკის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი გახდა, ცდილობს სხვებზეც იზრუნოს და წალკაში განვითარებულ ამბებზე ინფორმაცია ორგანიზაციას დროულად შეატყობინოს.

 

 

თემურ გელაძის ინფორმაციით უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახებმა „დოსააფის“ ორსართულიან შენობას შეაფარეს თავი. `გავიგეთ შენობა გამგეობის ბალანსზე იყო და ეს ოჯახები შევასახლეთ, თუმცა გამოსახლების საფრთხე არსებობს. ვიღაც იყო მოსული, დაგვემუქრა, შენობა ჩემია და გამოგასახლებთო, ეს ვიდეოზეც გვაქვს გადაღებული. წალკის გამგებელი საქმის კურსში ჩავაყენეთ.“

 

 

დროებით საცხოვრებლად „დოსააფის“ შენობაში შესახლებულ ეკომიგრატებს ისევ ღია ცის ქვეშ დარჩენის ეშინიათ. „გვინდა, როგორმე ეს ზამთარი გამოსახლების გარეშე გადავიტანოთ.“ –  ამბობს ფრიდონ კახაძე. ის შენობის ერთ ოთახში მეუღლესთან და ცხრა წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ფრიდონ კახაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზაფხულში აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

 

 

 

„პატიმარი ვიყავი, ამ მთავრობამ ამნისტიით გამათავისუფლა. აქ რაღაც ჩხუბი მომივიდა და დამაპატიმრეს. ამ მთავრობამ გამათავისუფლა და არ მინდა რამე ცუდი ვიკადრო, მაგრამ ასე უსახლკაროდ როცა ცხოვრობ და ცხრა წლის შვილს სკოლაში „პონჩიკის“ ფულს ვერ გაატან, როგორია? ვიცი, გაუძლებს, მაგრამ არ მინდა ბავშვს თავმოყვარეობა შეელახოს. ამის შემდეგ ცუდს არ იფიქრებ? ღმერთმა დამიფაროს! არ მინდა კიდევ ციხეში მოვხვდე და ჩემი ცოლი და შვილი უჩემობით დაიტანჯოს.“

 

 

ფრიდონის მეუღლე 32 წლის თეა რვა თვის ფეხმძიმეა. ბოლოს ექიმთან ვიზიტი ხუთი თვის წინ ჰქონდა: „მესამე თვეში ექიმთან ვიზიტი უფასოდ მეკუთვნოდა, შემდეგ აღარ მივსულვარ.“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

 

ფრიდონი სამუშაოს ეძებს: „ყველაფრად ვიმუშავებდი, დამლაგებლად, მრეცხავად, მხვეტავად, ყველაფრად ოღონდ კი სამუშაო მქონდეს და ოჯახს მივხედო. აჭარაში მთავრობას რომ შევხვდით, იქ მითხრეს, ამხელა კაცი რას მათხოვრობო. ძალიან ცუდად მითხრეს. ასეთ დროს თავმოყვარე კაცი არ ვიცი როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ცუდი ღმერთმა მაშოროს. ერთადერთი, ვინც მთავრობაში სიტყვით მაინც მაიმედებს, რამაზ ჯინჭარაძეა, მხოლოდ მას ვენდობი.“

 

რამაზ ჯინჭარაძის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ინფორმაციით კი წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტების ოჯახები, რომლებიც მთავრობის ყურადღების მიქცევას ჯერ მთავრობის სახლთან კარვების გაშლით შემდეგ კი შიმშილობის გამოცხადებით ცდილობდნენ, წალკაში დაბრუნდნენ და საცხოვრებლის პრობლემა აღარ აქვთ.

 

წალკა. ციალა ქათამიძის ფოტო
წალკა. ციალა ქათამიძის ფოტო

 

წალკაში შექმნილი ვითარებისა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი ექვსი ოჯახის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ზაზა იმედაშვილი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სამინისტრო წალკის გამგებელმა სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში ეკომიგრანტების შესახლებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა.

 

 

„ამ შენობიდან მათ გამოსახლებით ემუქრებოდეს ვინმე, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ეს არ არის საცხოვრებლად ვარგისი შენობა, ალბათ ეუბნებიან, რომ იქ არ შეიძლება საცხოვრებლად დარჩენა, თუ შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, შეიძლება რჩევას აძლევენ, რომ მათთვის საშიშია იქ ცხოვრება.“

 

 

კითხვაზე, თუ ისინი „დოსააფის“ შენობას დატოვებენ სახელმწიფო მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს თუ არა? – ზაზა იმედაშვილი პასუხობს, რომ „სახელმწიფოს ამის საშუალება არ აქვს.“ 

 

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ოთხი საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რომლებიც ეკომიგრატების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ. მათ შორის ერთი ბათუმში გაიხსნება.

 

 

„იანვრის შუა რიცხვებიდან ყველა ოჯახმა, რომელიც სტიქიით არის დაზარალებული, უნდა მიმართოს ამ ცენტრს განცხადებით, წარუდგინოს დოკუმენტები, რომელსაც სპეციალური კომისია განიხილავს, შეაფასებს ამ ოჯახებს და ყველაზე მეტად რთული მდგომარეობა ვისაც ექნება, მათგან ორმოცამდე ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლებით. მომავალ წელს კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები გატარდება წალკაში.“

 

 

ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლის მიზნით გასულ ზაფხულს მთავრობამ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ადგილზე უნდა შეესწავლა პრობლემები და მოემზადებინა ანგარიში, რომელიც აჩვენებდა სურათს რეალურად რამდენ ეკომიგრანტს აქვს საცხოვრებლის პრობლემა და რამდენი ოჯახია მათ შორის, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს და არამიზნობრივად გამოიყენეს. თუმცა რა დაადგინა კომისიამ, ამის შესახებ ანგარიში არ გამოქვეყნებულა, პრობლემა კი პრობლემად დარჩა.

 

 

„ამ ჯგუფის მუშაობას მოყვა ის, რომ კონკრეტულმა პირებმა ეკომიგრანტების პრობლემების შესახებ გაიგეს. მათ უნდა დაედოთ დეტალური ანალიზი ყველა სოფლისა, რაც არავის არ გვინახავს.“ –  ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე. მისი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია რაც ეკომიგრანტების პრობლემებს სწავლობს და პარლამენტს შესაბამისი რეკომენდაციებითაც მიმართა.

 

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით სამთავრობო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება არ სჭირდებათ, „შესაბამისად არ უჭირთ“. ციალა ქათამიძის თქმით კი „რაც აჭარიდან წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტები უკან დაბრუნდნენ, წელიწადნახევარი გავიდა. ეს იყო საკმარისი დრო იმისთვის, რომ სახელმწიფოს გამოეკვლია და სრული სურათი დაედო იმისა, თუ ვინ ვინ იყო. სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ჰყავს ეკომიგრანტები აღრიცხული და არა აქვს შესაბამისი ბაზა. ხელს თუ გაანძრევდნენ, დაზუსტებული ინფორმაცია მაინც ექნებოდათ.“

 

 

საქართველოს კანონმდებლობაში კი არ არსებობს არც ერთი სახის დოკუმენტი, რომელიც სტიქიური უბედურების შედეგად გადაადგილებულ პირთა საკითხებს დაარეგულირებდა. საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ დევნილად მოიაზრებს მხოლოდ კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობას,  ბუნებრივი კატასტროფების გამო ადგილნაცვალ პირებს კი კანონი მოქმედების გარეთ ტოვებს. ევროპულ ქვეყნებში კონფლიქტური რეგიონებიდან გადაადგილებული პირი და სტიქიური უბედურების შედეგად ადგილნაცვალი, აბსოლუტურად გაიგივებულია ერთმანეთთან.

 

 

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა, წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, წალკაში დაახლოებით 2400 ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება. ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ 600 000 ლარი გაითვალისწინეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე