კვირის ამბები

კეიპტაუნელი პროფესორის დანაშაული და სასჯელი

30.09.2013 • 3070
კეიპტაუნელი პროფესორის დანაშაული და სასჯელი

„სირცხვილის“ შესახებ ვიკიპედიაზე წაიკითხავთ, რომ ეს არის რომანი ხანშიშესულ პროფესორზე, რომელიც სტუდენტ გოგონასთან გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას და ეს შემთხვევა მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თითქოს რითი შეიძლება დაინტერესდეს მკითხველი, თითქოს უკვე ისე გაცვდა ლიტერატურაში ეს ჰუმბერტ ჰუმბერტები და ლოლიტები სხვადასხვა ბრუნვაში… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი სულაც არაა კიდევ ერთი თავგზააბნეული, კლიმაქსის ასაკს მიახლოვებული კაცისა და მორიგი სექსუალური, შოტლანდიურქვედაკაბიანი და ლოლიპოპიანი გოგოს შესახებ – ეს არის უმძიმესი ამბავი პურიტანული საზოგადოების ფსევდომორალზე, ამ ფსევდომორალის უარყოფაზე და უარყოფით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. ჰო, გაგიკვირდებათ და კიდევ მამაშვილობაზეა კუტზეეს ეს საოცრად დახვეწილი, ფაქიზი წიგნი.

დევიდ ლური კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორია და ძალიან, ძალიან მოიხიბლება სტუდენტი გოგონათი. საბოლოოდ, ამ გოგოსთან სექსუალურ კავშირსაც დაამყარებს, სხვათა შორის, გოგოს თანხმობით. მელანი ისააქსი სრულწლოვანია, თუმცა, პროფესორზე ბევრად უმცროსია და თან მისი სტუდენტი. უკვე სახეზეა გაბატონებული მორალური შეხედულებიდან აცდენა. უკვე იქმნება მოლოდინი, რომ ეს კავშირი დევიდ ლურისთვის იოლად არ ჩაივლის.

შოკისმომგვრელია საზოგადოების რეაქცია – დევიდ ლური მთლიანად მოკვეთილი ხდება, კარგავს სამუშაოს, მეგობრებს… და ქალიშვილთან მიემგზავრება, რომელიც სოფელში ცხოვრობს და სრულიად მარტო ეწევა ფერმერის ცხოვრებას. ამას არავინ აიძულებს, ეს ლუსის არჩევანია – ერთი შეხედვით, „კაცური“ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება, მუშაობა, როგორც პროტესტი პატრიარქალური საზოგადოების წინააღმდეგ.

რომანში ყველაზე ფაქიზი დევიდისა და მისი შვილის ურთიერთდამოკიდებულებაა. დევიდის ფიქრები ქალიშვილთან დაკავშირებით იმდენად სკრუპულოზურად, მიკროსკოპის ქვეშაა აღწერილი, რომ კუტზეე აშკარად ბეწვის ხიდზე გადის – თითქოს სულ ერთი ნაბიჯი და ლური მამაშვილობის აკრძალულ ზღვარს გადააბიჯებს, თითქოს სადაცაა, მისი ინცესტური მიდრეკილებები გამჟღავნდება.

ლუსი, თავის მხრივ, მიწას ეჭიდება და მამამისივით, ისიც ანგრევს საზოგადოებაში გაბატონებულ წესრიგს – საზოგადოება, ამჯერად, სოფლის მამაკაცური ნაწილია, მასკულინური, უხეში ძალა, რომელიც თვლის, რომ მიწაზე ქალი არ უნდა გაპარპაშდეს. დევიდის მსგავსად, ლუსისაც ძვირად უჯდება დოგმების მსხვრევა, მეტისმეტად ძვირადაც, მაგრამ სწორედ იმ უბედურებაში გამოჩნდება მისი ხსნა, რომელსაც მამაკაცები დაატეხენ თავს.

ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს წიგნი, ბოლო წლებში საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებიდან და მენტალური რყევებიდან გამომდინარე. უმრავლესობა ძნელად ეგუება წინააღმდეგობას. ეს არის კეიპტაუნი. ეს არის საქართველო. ეს არის ცხოვრება.

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: