Batumelebi | სამსახურიდან წასვლის იძულება – გადაღებულია ტელეფონით სამსახურიდან წასვლის იძულება – გადაღებულია ტელეფონით – Batumelebi
RU | GE  

სამსახურიდან წასვლის იძულება – გადაღებულია ტელეფონით

 

ვიდეომასალაში ისმის – „თავმჯდომარე…“ „ბატონი ირაკლი ჭეიშვილი…“ ამ ორ მოხელეს აჭარის მთავრობიდან გურამ სალაძე ახსენებს. ვიდეოს მიხედვით, გურამ სალაძე თემურ ბერიძეს უხსნის, რომ მისი სამსახურიდან გაშვება არჩილ ხაბაძემ და ირაკლი ჭეიშვილმა დაავალეს. გურამ სალაძე და თემურ ბერიძე საარქივო სამმართველოში მუშაობენ. სალაძე არჩევნების შემდეგ დანიშნული უფროსია, ბერიძე კი – წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული მუშაობს არქივში. ვიდეომასალა „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება.


ციტატა ვიდეომასალიდან 1 (ვიდეოკადრებში ჩანს გურამ სალაძე და თემურ ბერიძის ხელი. საუბარს გურამ სალაძე იწყებს):

 

„მე დაგიბარეთ ცოტა არასასიამოვნო თემაზე სალაპარაკოდ… იძულებული გავხდი დამეძახებინეთ რამენაირად, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ასეთი სიტუაცია, მოვიდა დავალება, რომ ბატონ თემურისთან მე მგონი მოგვიწევს დაშორება, ოღონდ თქვენი თანხმობით და არა ჩხუბით და დავიდარაბით. …თქვენთანაც ვიყავი და იქაურებმა შეაწუხეს თავმჯდომარე ძაან. მეც დამიბარა [არჩილ ხაბაძემ] ეხლა და მითხრა, რომ დაიბარე [თემურ ბერიძე] და ელაპარაკეო, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ჭკვიანი კაცია, შეხედავს და შეაფასებს სიტუაციასო. ეს ისეთი საქმეა, მე ამის თქმას სიკვდილი მირჩევნია“. 

 

ციტატა ვიდეოდან 2 (თემურ ბერიძე გურამ სალაძეს სთხოვს, შეახვედროს ირაკლი ჭეიშვილს, რათა აუხსნას თავისი მდგომარეობა, რაზედაც გურამ სალაძე ამბობს):

 

„სწორად გამიგეთ, თქვენი ნაბიჯი, რომ ირაკლისთან მიბრძანდებით და… ცოტა მძიმე კაცია, წინასწარ გეუბნებით, ცოტა მძიმე კაცია. თვითონ არის ინიციატორი ამის… რომ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ, ამას ჩაგითვლით დემარშში“.

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე, არჩილ ხაბაძისა და მისი მთავრობის აპარატის უფროსის – ირაკლი ჭეიშვილის სახელით ხულოს არქივის ხელმძღვანელს ეუბნება, რომ განცხადება დაწეროს სამსახურიდან წასვლაზე.

ვიდეოში არაერთგზის ისმის სახელი და გვარი – ირაკლი ჭეიშვილი.

 

ირაკლი ჭეიშვილი ჩანაწერის შესახებ:

 

ვინ იქნება ხულოს არქივში უფროსი – გურამისთვის ამ თემაზე არაფერი დამივალებია. პირიქით, ეგ ადამიანი [თემურ ბერიძე] მე დამიკავშირდა, როცა თავის უშუალო ხელმძღვანელთან საერთო ენა ვერ გამონახა, იმის შემდეგ დაახლოებით ხუთი თვეა გასული და ეგ ადამიანი მანდ ისევ მუშაობს. ხარვეზებზე გურამს ჰქონდა საუბარი… დეტალურად არ გავცნობივარ საკითხს. თუ ასე ჩიხშია საქმე შესული, შეიძლება დავინტერესდე და გავეცნო, აქვს თუ არა უსამართლობას ადგილი.

რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, რაც გურამი დაინიშნა თანამდებობაზე, თავმჯდომარემ ის სულ ერთხელ ნახა. მაგას თუ ამბობს [გურამ სალაძე], ეგ არის დიდი ტყუილი, თავმჯდომარემ ისიც კი არ იცის, ვინ არის ხულოს არქივის უფროსი.

 

გურამ სალაძე (საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელი) ვიდეოსა და თავის თანამშრომელზე:


გურამ სალაძე
გურამ სალაძე

 

 

რა შუაშია ბატონი ირაკლი, თუკი რამე მოდიოდა, უნდა წამოსულიყო ჩემგან ხომ, რა შუაშია ბატონი ირაკლი. ჩვენ ამ თემაზე საუბარი თავმჯდომარესთან, ბატონ არჩილთან და არც ბატონი ირაკლისთან არ გვქონია.

 

არ ვიცი რა ჩანაწერია, მაგრამ მე ასეთ ჩანაწერს არ ვიცნობ, თუ გამაცნობთ ასეთ ტექსტს, მერე დაგეთანხმებით… მასთან ყოველთვის მქონდა, როგორც ხელმძღვანელს ქვეშევრდომთან საუბარი, არანაირი სხვა მიმართვები ჩემგან არ ყოფილა.

 

ამ კაცს პარანოია დაეწყო, მე რომ მაგის თქმა დამჭირვებოდა, არასდროს მოვერიდებოდი ბატონ თემურთან ასეთ საუბარს… არ ვარ მე ის პიროვნება, ვინმეს რამე ვაიძულო.

 

ჩემი, როგორც ხელმძღვანელის და სამმართველოს გვერდის ავლით, მაგ ბატონმა [თემურ ბერიძემ] მოამზადა დოკუმენტაცია და პასუხი გასცა არასამთავრობო ორგანიზაციას ეკომიგრანტებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტები ჩვენთან, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ იყო შემოტანილი.

 

დავამატებდი – სისხლის სამართლისკენ მიდის ეს საქმე. აღურიცხავი დოკუმენტები მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე… არის ბევრი ნიუანსი.

სანამ კომისიის დასკვნა არ იქნება, ვერ გეტყვით ჩაიდინა თუ არა ამ ბატონმა დანაშაული. 11 რიცხვში ამ ბატონს უთავდება ვადა, რომ წარმოადგინოს საკუთარი წინადადება. მერე ვილაპარაკოთ.

 

თემურ ბერიძე (ხულოს არქივის უფროსი) თავის უფროსსა და სამსახურზე:

 

აგვისტოს ბოლოს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი განყოფილების მაგიდაზე შევნიშნე ექვსი წიგნი. აღმოჩნდა, რომ ეკომიგრანტების შესახებ მონაცემები იყო – სახელობითი სია, განსახლების თარიღი და სხვა. ვიფიქრე, არ დაიკარგოს ეს წიგნები-მეთქი და არქივში წამოვიღე, მაგრამ საცავში არ შემიტანია.

 

აგვისტოს შუა რიცხვებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტისგან“ მივიღე წერილი – ზუსტად იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, რაც ცოტა ხნის წინ ვიპოვე იმ 6 წიგნში. თანამშრომელს ვუთხარი, რომ დაექსეროქსებინა წიგნი, ამასობაში მე აღრიცხვის საკითხს მოვაგვარებდი. დაქსეროქსებული მონაცემებიდან 148 ფურცელს დავარტყი ბეჭედი და ხელი მოვაწერე. 43 ფურცელი კი ხელმოუწერელი მქონდა – ვიფიქრე, საჭირო პროცედურას რომ მოვრჩებოდი, მერე მოვაწერდი ხელს და გავცემდი ინფორმაციას. 10 დღის ვადა 29 აგვისტოს იწურებოდა.

 

27 აგვისტოს კომისია შემოვიდა უფროსთან ერთად ხულოს არქივის შესამოწმებლად. ვერაფერი არსებითი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ აქტი მაინც დამიწერეს ბეჭედდასმული 148 ფურცლის გამო, რომელიც „ინტელექტისთვის“ უნდა მიმეწოდებინა. იმას მედავებიან, თითქოს არქივში აღურიცხავი დოკუმენტის გაცემას ვაპირებდი. ეს დოკუმენტი მე არ გამიცია, ამას ვაპირებდი, მაგრამ აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ. კომისიამ აქტი დამიწერა 4 სექტემბერს, თუ მე ვაპირებდი ინფორმაციის გაცემას, მაშინ 10 დღის ვადა რატომ დავარღვიე? 

 

რატომ მე და არა სხვა მუნიციპალიტეტების არქივების უფროსები? – გურამ სალაძე მეგობარს ადგილს უთავისუფლებს, იბრძოდაო. მან ხულოში ყოფნის დროს თავის მეგობარს – როინ პაქსაძეს უთხრა, შენ იქნები არქივის უფროსიო. მეორე მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი.

 

შუახევში გურამ სალაძის მოსვლის შემდეგ ორჯერ შეცვალეს უფროსი. პირველად არ ვიცი ვინ იყო, ვიღაცას ბათუმიდან აგზავნიდა, მაგრამ უთხრეს, რომ ეს არ გაეკეთებინა, ამიტომ დანიშნული კაცი სამ დღეში მოხსნა. მერე შუახევის ყოფილი გამგებლის ძმისშვილის დანიშვნა უნდოდათ, მაგრამ, რადგან იმას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თანამშრომელი გადაიყვანეს უფროსად იმ პერსპექტივით, რომ გამგებლის ძმისშვილი ისწავლიდა მუშაობას და მერე ჩაანაცვლებდნენ. გამგებლის ძმისშვილი ახლა სამსახურის უფროსია. შესაბამისად, შუახევში არქივის უფროსის შეცვლის არანაირი ინტერესი არ აქვთ.

 

შეიძლება არც უნდა ვამბობდე, რადგან ქედის არქივის უფროსი ჩემი მეგობარია, მაგრამ ის გურამ სალაძესთანაც მეგობრობს. უფროსი მისი ბასეინის ხშირი სტუმარია.

 

რაც შეეხება ქობულეთსა და ხელვაჩაურს, აქ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს გურამ სალაძის მოადგილე – თენგიზ სალუქვაძე. რადგან გურამ სალაძეს არქივის მართვაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, თენგიზ სალუქვაძე მისი დასაყრდენია. ადრე თენგიზ სალუქვაძე ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ის ახლა დააწინაურეს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის არქივებში თენგიზ სალუქვაძის მეგობრები არიან ხელმძღვანელები.

 

ახსნა-განმარტებისთვის 11 სექტემბრამდე მომცეს ვადა. 12-ში ბრძანებას დაწერს გათავისუფლებაზე.

 

გია ქარცივაძე საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი:

 

თანამშრომლის იძულება – განცხადება დაწეროს სამსახურიდან წასვლაზე, არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება – ზეწოლა 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ვიდეოკადრები, სადაც ჩანს იძულება, ხმის იდენტიფიკაციის შემდეგ მტკიცებულებად მიიჩნევა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე