სპორტი

ქართველი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებში

30.06.2015 • 2160
ქართველი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებში

 

 

მარცხნივ ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე | ”ბაქო 2015”

 

პირველი შემთხვევა იყო, როცა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი დიდი დელეგაციით გაემგზავრა. სპორტსმენები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა 8 ივნისს გააცილეს. პირველი შედეგი გუნდურად მოპოვებულია და მშვილდოსნებს ეკუთვნით. ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე ფინალურ შეხვედრაში იტალიასთან 3:5 დამარცხდნენ და მეორე ადგილზე გავიდნენ. მესამე ადგილი უკრაინას ერგო.

 

წარუმატებელი აღმოჩნდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ასპარეზობა. ეს სახეობა ტრადიციულ სპორტის სახეობადაც კი მიიჩნევა, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზობაზე ხშირად ლიდერობს საქართველო. სანაცვლოდ, 5 მედალი, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო ერგოთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან (1:3) დამარცხდა. მანამდე კი სძლია ლიტველ მინდაუგას რუმბუტის (4:1), უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს (3:1) და სლოვაკ ჯოზეფ იალოვიარს (3:1).

 

რუმინელი გეორგიტა სტეფანიდი და სანდრო ამინაშვილი

 

 

გაზიუმოვისა და ოდიკაძის შეხვედრა პირველი არ ყოფილა. ისინი გასულ წელს ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირში შეერკინენ ერთმანეთს, სადაც ოდიკაძემ გაიმარჯვა. „ხეთაგ გაზიუმოვი ძლიერი მოწინააღმდეგეა. ის მსოფლიოს ჩემპიონი, რამდენიმე გზის ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. დიდი იმედით შევედი საჭიდაო მოედანზე, რომ კიდევ უნდა დამემარცხებინა. მაგრამ ფინალში ისე არ იყო როგორც ვფიქრობდი. ცოტა ემოციურადაც ვიყავი განწყობილი, ძალიან მინდოდა მოგება და ალბათ მაგანაც იმოქმედა“, –  გვითხრა საქართველოში დაბრუნებულმა ელიზბარ ოდიკაძემ.

 

 

მეორე ადგილი მოიპოვა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა სპორტსმენმა 23 წლის ბექა ლომთაძემ. ის ფინალურ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ისინი გენო პეტრიაშვილს (125 კგ), სანდრო ამინაშვილს (86 კგ) და ჯუმბერ ქველაშვილს (74) ერგოთ. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, ამ შედეგს მოელოდნენ, თუმცა ნაკრებს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. „ჩვენი შრომიდან გამომდინარე ველოდებოდით მსგავს შედეგს. გუნდი გამოიკვეთა და ჩანს, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ველოდებოდით. ბექა ლომთაძემ ფაქტობრივად მოიგო, მაგრამ ბოლოს მსაჯებმა სხვანაირად შეაფასეს. რუსს შეხვდა ფინალში.

 

ოთხქულიანი ფანდი გაუკეთა, ჯერ მოგვცა მსაჯმა, მერე იმათ გააპროტესტეს და ასე დაგვაკლეს ქულა. ასევე ფინალში გადიოდა გენო პეტრიაშვილი, ოთხი ქულა ეკუთვნოდა მასაც. ქულა არ ჩაგვითვალეს. კიდევ ერთი მედლის მოპოვების ასპროცენტიანი შანსი გვქონდა 57 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასპარეზობდა, ინციდენტი რომ არ მომხდარიყო და ასპარეზობიდან რომ არ მოეხნათ. მოწინააღმდეგემ იუხეშა, ხინჩეგაშვილიც აჰყვა და ბოლოს ორივე მოხსნეს ასპარეზობიდან“.

 

საბოლოო ჯამში, 19 ივნისის მონაცემებით, ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს 6 მედალი აქვს, რაც ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ბაქოს პირველ ევროპის თამაშებში საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის შეფასებით, კარგი შედეგია: „სამწუხაროდ, მედალი ვერ მოვიპოვეთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სამაგიეროდ გაცილებით უკეთესი შედეგი გვქონდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არამარტო ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელობას, არამედ ჩვენი სპორტის გულშემატკივრებს, გვერჩივნა ერთი ოქროს მედალი ყოფილიყო. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ოქრო აუცილებლად იქნება. მინდა ვთქვა, ხათუნა ნარიმანიძემ და მისმა მეწყვილემ ლაშა ფხაკაძემ მოახერხეს და შევიდნენ ისტორიაში, როგორც პირველი ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც პირველ ევროპის თამაშებზე აიღეს პირველი მედლები. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო“, – უთხრა ელგუჯა ბერიშვილმა „ბათუმელებს“.

 

გარდა უპრეცედენტო მნიშვნელობისა, „ბაქო 2015“-ში მონაწილე სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის სალიცენზიო ქულებსაც მოიპოვებენ.

 

ბაქო 2015-ში ყველაზე მეტი 352 სპორტსმენი რუსეთიდან მონაწილეობს. 19 ივნისის შედეგებით რუსეთს ეკუთვნის ყველაზე მეტი საპრიზო ადგილიც, რომლის სპორტსმენებმაც სხვადასხვა სახეობაში 26 ოქროს, 12 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„ბაქო 2015“, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება სპორტის 20 სახეობაში, 28 ივნისს დასრულდება. ამავე დღესაა დაგეგმილი ძიუდოისტთა გუნდური  სპარეზობაც, რომლის პირველობისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: