სპორტი

დაბრუნება კრივში

24.05.2015 • 3837
დაბრუნება კრივში


ავთანდილ, როდის მიხვედით კრივში?

– ჩემი ძმა დადიოდა კრივზე. მეც გამიჩნდა ინტერესი. ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ წავყევი, მაგრამ მწვრთნელებს ჩემი ასაკის გამო შევეცოდე და არ გამაგრძელებინეს ვარჯიში. ქუთაისში, გორის უბანში, #6 საშუალო სკოლაში ვსწალობდი, სადაც მოვიდა კრივის მასწავლებელი. ბავშვები რომ აყავდა, კითხულობდა – შენ მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენეო. ჩემს თანაკლასელს რომ ჰკითხეს, მან უპაუხა, რომ მემარჯვენე იყო, მწვრთნელმა კაი ბიჭი ხარო – უთხრა და გადაუსვა ხელი თავზე. მე მემარცხენე ვიყავი, მაგრამ ვიფიქრე, მემარჯვენე რომ არის, იმიტომ აიყვანა ეს ბიჭი, თუ ვიტყვი, რომ მემარცხენე ვარ, არ ამიყვანს-მეთქი, მოვიტყუე და დამაყენა მემარჯვენეში.

პირველი მწვრთნელი მერაბ ლორთქიფანიძე იყო. რაღაც პერიოდი ვივარჯიშე, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ტურნირში და მერე დავანებე კრივს თავი. ეს იყო ბავშვური გატაცება. 15-16 წლის რომ ვიყავი, კვლავ მივედი კრივის სკოლაში და მითხრეს, – დიდი ასაკის ხარ, ვეღარმიაღწევ ვერაფერსო. მაშინ ქუთაისში ახალი შემოსული იყო კიკ-ბოქსი – მურთაზ ბებია ავარჯიშებდა ბავშვებს. მან სიამოვნებით მიმიღო, მაჩხუბა ერთთან, მეორესთან. ბებიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, ჩემ გვერდით იდგა ყოველთვის. სინამდვილეში არც მეგონა, რომ მართლა გავხვდებოდი მსოფლიო ჩემპიონი და პროფესიონალი მოკრივე. ის კი მავარჯიშებდა და მეუბნებოდა, შენ ჩემპიონი გახდებიო. ის დღესაც წვრთნის ბავშვებს და 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩემი მწვრთნელია. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მურთაზ ბებია მავარჯიშებს. რომელი სტილიც შემირჩია და რომელი დარტყმებიც მან გამოკვეთა ჩემში, მისი მოგერიება აქ, ამერიკაში უჭირთ.

რატომ მიანიჭეთ უპირატესობა პროფესიონალურ კრივს, ეს იყო თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა?

– ასეთი გათვლა არ მქონია. ფეხბურთი არ მიყვარს და გარდა ფეხბურთისა, თითქმის ყველა სპორტში ვიყავი, ყველაზე მეტხანს კი – თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ორი წელი ვივარჯიშე. კრივი მომწონდა _ ჩხუბი უფრო მიყვარდა, ვიდრე ჭიდაობა.

გყავდათ ბავშვობაში კუმირი მოკრივე?

– კუმირი დღემდე მყავს, მაიკლ ტაისონი. სხვათა შორის, კრივში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტაისონის ჩხუბები ვნახე. მე და ჩემი მეგობრები მაშინ „პრისტავკას“ რომ ეძახდნენ, იმას ვქირაობდით და ვუყურებდით. ისე მომეწონა ეს კაცი, მეორე დღესვე გადავწყვიტე, დამეწყო კრივში ვარჯიში. დღემდე ვადევნებ მაიკლ ტაისონის სპორტულ ასპარეზობას თვალს. ის ჩემთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიო მონდომებითა და ვარჯიშით და რა შეიძლება მოგივიდეს საპირისპირო მიმართულებით. ბევრი მამსგავსებს კიდეც ტაისონს, რადგან ჩემსავით დაბალია თავისი წონისთვის.

რამდენჯერმე მოიპოვეთ მსოფლიო წარმატება. რამ განაპირობა ეს შედეგიმხოლოდ მონდომებამ, თუ გარემო ფაქტორებმაც?

– კრივში მარტო შენი სიძლიერე არ კმარა, ის იმ ხალხზეცაა დამოკიდებული, ვინც კრივით ცხოვრობს შენთან ერთად, ესენი არიან: ორგანიზატორი, პრომოუტერი, მწვრთნელები და თუ არ მოხვდები საჭირო მიმართულებით, აუცილებლად დაიკარგები. თუმცა, რასაც მივაღწიე, ძირითადად, ჩემი პრინციპულობის დამსახურებაა. შრომასა და მონდომებას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს შედეგები მოვიდა ჩემი მონდომებით და იმ ხალხის დახმარებით, ვინც იყო ჩემ გვერდით, მათ შორის ყველაზე მეტად მურთაზ ბებიას დამსახურებით. მე ნებისმიერ პირობებში შემიძლია ვივარჯიშო: დარბაზში არ გვქონდა შუქი, გათბობა… შხაპზე გამორიცხული იყო ლაპარაკი. ცივ წყალს ვუსხამდით ერთმანეთს ბავშვები. ბნელოდა, თვალები სიბნელეს ეჩვეოდა და მერე ვვარჯიშობდით… ძნელი ეტაპები სულ არის. ახლაც რთული პერიოდიმაქვს _ ჩემი სახლიდან მოშორებით, სხვა ქვეყანაში ვარ, სადაც დიდი ძალისხმევა უნდა გაიღო, რომ შენი შესაძლებლობები აღიარონ. ისე, სასიამოვნო კი იქნებოდა ყურადღება საქართველოდანაც, ან „ზბორები“ ჩაეტარებინათ ჩემთვის, ან ვაჯიშების ჩასატარებლად მოვეწვიე. ჩამოვიდოდი ამერიკელ მწვრთნელებთან ერთად. ისინი მსოფლიო დონის სპეციალისტები არინ. ბავშვები შეხვდებოდნენ, მეტი სტიმული მიეცემოდათ. მე ასეა თუ ისე ჩემი სახელი მოვიხვეჭე. დიდი-დიდი ხუთი წელი და მივდივარ ბოქსიდან. ზედმეტ სახელად „ჩაქუჩას“ მეძახიან. თბილისსა და ქუთაისში ბავშვები რომ მხვდებიან, უხარიათ ჩემთან შეხვედრა და იძახიან _ მე ჩაქუჩა უნდა გამოვიდეო. სასიამოვნოა ეს. ვფიქრობ, ჩემი ჩამოსვლა უფრო საინტერესო იქნება საქართველოში, ვიდრე ახლა აქ ყოფნა, რადგან არ არის გასაოცარი ის ამბავი, რომ ჩემი დონის მოკრივეს ამერიკელი მაღალი დონის პრომოუტერი ჰყავდეს და ამერიკაში გადიოდეს „ზბორებს“, ეს ნორმალურია პროფესიონალურ კრივში. ჩემი ჯგუფით ჩამოსვლა, ვარჯიშების ჩატარება პატარა ბავშვებთან, თუნდაც დიდებთან სამომავლო საქმე იქნებოდა.

ვინ უნდა გამოიჩინოს ყურადღება?

– ალბათ იმან, ვინც სპორტშია, ვინც კრივშიადა უნდა სერიოზული შედეგი ჰქონდეს. სპორტსმენისთვის დიდი სტიმულია იმასთან შეხვედრა, ვინც შენსავით პატარა იყო და დიდ წარმატებას მიაღწია.

– 36 წლის ხართ და დიდი ხანია მოღვაწეობთ აქტიურ სპორტში. ცხოვრების რომელ ეტაპზე გქონდათ რთული პერიოდი, როგორც სპორტსმენს?

– რთული პერიოდები სულ არის, არამარტო მაშინ, როცა რინგზე გასვლისთვის ვემზადები… არა მარტო ის, რომ საქართველოში გინდა რაღაც გააკეთო და მომავალი არ გიჩანს. არ ვიცი როგორაა სხვა პროფესიებში, მაგრამ კრივი ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. შეიძლება ვთქვათ, რომ პროფესიული კრივი არ არსებობს, არ ტარდება არანაირი ტურნირი. ბოლო პერიოდი მქონდა ძალიან რთული, როცა მსოფლიო ჩემპიონობა ვიზეიმე, დავაცხიკვებდი თუ არა ოთხი კაცი გამორბოდა პირსახოცით ცხვირის მოსამშრალებლად. გაიარა ეს პერიოდი და ჩემს უკრაინელ პრომოუტერთან მომივიდა უთანხმოება, რადგან ის ბრძოლას მაძლევდა იტალიაში, მოკრივესთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ნომერი იყო, მე კი ამ დროს მეორე ვიყავი… უარი მათ ბრძოლებზე 2012 წელს ვთქვი, ოთხწლიანი კონტრაქტი კი, ერთი წლის წინ მქონდა დადებული. ამიტომ პრომოუტერი ამ სამი წლის განმავლობაში არ მაძლევდა სხვა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას. ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა. ვიჯექი სახლში და ვუყურებდი როგორ იგებდა სხვა იმ ტიტულებს, რომელსაც მე ვფლობ…

როგორ მოხვდით ამერიკაში და რატომ წახვედით?

– არასოდეს მიოცნებია წავსულიყავი სხვა ქვეყანაში. ჩემ აქ ყოფნაზე იმანაც იმოქმედა, რომ 16 წლისა, ასაკის გამო, კრივის დარბაზიდან გამომიშვეს. ქუთაისში ამერიკელი პრომოუტერი ლუი დიბელა დამიკავშირდა. მითხრა, რომ ამერიკისთვის საინტერესო ვიყავი. მე ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. თავიდან კალიფორნიაში, ლოსანჯელესში ჩამოვედი. მერე ჩემს მეგობართან, გიორგი დონაძესთან გადავედი ფილადელფიაში, იქ, სადაც 12 წლის წინ, 21 წლის ასაკში კრივში მეორედ დავბურნდი და ჩემი დებიუტი შედგა ამერიკაში. რამდენიმე თვის წინ კი ნიუ იორკში დავბინავდი. ამ ქალაქშია ჩემი პრომოუტერიც. ამერიკაში რაც ჩამოვედი, სამი ბრძოლა ჩავატარე და სამივე ნოკაუტით მოვიგე.

მესამედ რინგზე 2014 წლის ივნისში დავბრუნდი, მერე სექტემბერსა და თებერვალში. ახლა 10 დღეში უნდა მომცენ სერიოზული ბრძოლა. თუმცა ეს ყველა სარეიტინგო შეხვედრაა. დიდია კონკურენცია პროფესიულ კრივში, მსოფლიო ათეულში მოსახვედრად – 10 წლის მანძილზე ათეულში ვიყავი და პირველი ან მეორე ნომერი. ორი წლის წინ კი ათას მოკრივეშიც არ ვიყავი. დღეს – მე-14 ნომერი ვარ.

იბრუნებთ ძველ პოზიციას?

– მახსოვს კიდეც ჩემი ქამრები ვისაც აქვს. ყველაფერსდავიბრუნებ, რაც დავკარგე.

ახლა რისთვის ემზდებით?

– 12 ივნისს უნდა მქონოდა ჩხუბი, მაგრამ ვისაც უნდა შევხვედროდი, მან ვერ გადაწყვიტა ჩემთან ბრძოლა. ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, როდის ვიჩხუბებ, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევარში გამოვალ რინგზე.

ოთხი წელი კიდევ იქნებით ამერიკაში. ამის შემდეგ რა გეგმები გაქვთ? ახსენეთ კრივში მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელობა.

– კარიერის მერე, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმა. ჩემი მწვრთნელი მურთაზ ბებია მთხოვს, გავხსნათ ჩემი სახელობის ან ზოგადად კიკ-ბოქსის დარბაზი. ახლაც არის დარბაზი, მაგრამ არ არის პირობები.

რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს?

– ვუსურვებდი ბედნიერებას, წარმატებას. ვიცი ბევრი გულშემატკივარი მყავს, ისინი ამაყობენ ჩემით. აქ მცხოვრები ბევრი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა ჩემთან, ბოლოს რომ ვიჩხუბე. ისეთი ამბავი იყო, რინგიდან გამოხედვა გაგიხარდებოდა, სულ საქართველოს დროშები მოჩანდა. ვპირდები ჩემს ქართველ ქომაგებს, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევ. ახლა მე-14 ვარ, გავხვდები მსოფლიოში პირველი – საქართველოს დროშას ავწევ. ვდებ პირობას, სხვა ქვეყნის სახელით არ გამოვალ – როგორც დავიწყე საქართველოს სახელით ასპარეზობა, საქართელოს სახელითვე დავასრულებ კარიერას.



ავთანდილ ხურციძე რინგზე საქართველოს დროშით გამოდის




გადაბეჭდვის წესი


ასევე: