სპორტი

42 წელი კორტებზე

20.04.2015 • 2229
42 წელი კორტებზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარტინ ხუმარიანი

ჩოგბურთის კორტებზე სიცხეა. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ოთხი საჩოგბურთო კორტია, ერთს – სათამაშოდ ამზადებენ, დანარჩენ სამ კორტზე ბავშვები თამაშობენ. კორტებიდან ერთი  სავარჯიშო კორტი დანარჩენი სამი მოედნისგან დაბლა მდებარეობს. აქ 14-15 წლის ბავშვები ვარჯიშობენ. მარტინ ხუმარიანი მათთან მიდის და თამაშის დროს რჩევებს აძლევს. მერე უკან ტრიალდება და 9-10 წლის ბავშვების თამაშს ადევნებენ თვალს. ბავშვები ხალისით თამაშობენ და მოგებულ ქულებს ხმამაღლა ითვლიან. მარტინ ხუმარიანი მათი მწვრთნელია. ახლა ის შიდა ტურნირს ატარებს ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000-2001; 2002-2003; 2004-2005; 2006-2007; 2008-2009 წლებში დაბადებულებს შორის. მასში 88 ბავშვი მონაწილეობს. მწვრთნელი ამბობს, რომ მათგან აჭარის ნაკრები გუნდი უნდა შეარჩიოს.

მარტინ ხუმარიანის დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში 8 აპრილია, თუმცა, როგორც თვითონ გვეუბნება, ის 70 წლის წინ 8 მარტს ბათუმში, ბონის სამშობიარო სახლში დაბადებულა და პირადობის მოწმობა ერთი თვის დაგვიანებით შეუდგენიათ. მან სამწვრთნელო საქმიანობა ერევანში ფიზკულტურის ინსტიტუტში ისწავლა. ბავშვობა ბათუმში გაატარა, აქვე დაამთავრა #12 საშუალო სკოლაც. „ბულვარის კორტებზე ვვარჯიშობდი. ასე გავატარე ბავშვობა“, – გვეუბნება ის.

სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. სამწვრთნელო საქმიანობა 1973 წლიდან დაიწყო, როცა ერევანში ჩოგბურთის მიმართულებით ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა. „ადრე ფიზკულტურის ინსტიტუტები იყო. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავხვდი მასწავლებელი და ჩოგბურთის, მინდვრის ჰოკეის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. რვა წლის მანძილზე მოვამზადე მწვრთნელების ორი ნაკადი. ზოგი მათგანი ახლა ამერიკაშია, ზოგიერთი _ ერევანში, ზოგიერთიც – თბილისში“.

მარტინ ხუმარიანი 1983 წელს ბათუმში დაბრუნდა და კლუბ „სპარტაკში“ დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, ვლადიმერ ასათიანის გვერდით. 40-წლიანი საქმინაობიდან

ყველაზე წარმატებულ პერიოდად ის 1986-1990 წლებს მიიჩნევს. „ამ დროს კარგი შედეგები გვქონდა, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებშიც. ხშირად დავდიოდით შეჯიბრებაზე საქართველოს ფარგლებში, ყოველ წელიწადს რუსეთში – ნიჟნინოვგოროდში (ქალაქი დასავლეთ რუსეთში. 1932-1990 წლებში ქალაქს ეწოდებოდა გორკი, რუსი მწერლის პატივსაცემად) გვქონდა კარგი შედეგები. გვყავდა კარგი ჩოგბურთელები – ზვიად ხარაზი, ზვიად მურვანიძე, ირაკლი დარცმელიძე, დები – ნონა და რუსუდან მოწყობილები, 12 წლამდელებს შორის თათა ახობაძე, 14 წლამდელებში – მაგდა კვაჭაძე, ანა ლიპარტია, რომელიც საქართველოში რეიტინგით მე-3, მე-4 იყო. ძალიან კარგი ჩოგბურთელი გვყავდა

ირაკლი ჟორდანია. მას რამდენჯერმე აქვს პირველი ადგილი მოპოვებული გორკის ტურნირზე. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ორი-სამი წელი არაფერს ვაკეთებდით.

ქაოსი იყო. არავის სჭირდებოდა ჩოგბურთი“, – გვიყვება მარტინ ხუმარიანი.

70 წლის მარტინ ხუმარიანი ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში ახლა მთავარი მწვრთნელია. ის აქ ორი წლის წინ კომპლექსის გახსნიდან – 2013 წლის 1 მარტიდან მუშაობს. ბაზაზე კიდევ ხუთი მწვრთნელია, ისინი კომპლექსში რეგისტრირებულ დაახლოებით 160 ბავშვს ავარჯიშებენ. მათგან ავეტიკ ხუმროიანისა და ირაკლი ჟორდანიას პირადი მწვრთნელი მარტინი იყო. ირაკლი და ავეტიკა წამყვანი მწვრთნელები არიან საჩოგბურთო კომპლექსში. მარტინ ხუმარიანი ამბობს, რომ ასევე კარგი პერიოდი იყო ჩოგბურთში 1997-2014 წლები, როცა დაიწყო ტურნირი „ლედის ოუფენი“. „ახლაც ტარდება ლედის ოუფენი, მაგრამ მაშინ ბევრი მონაწილეობდა ამ ტურნირში. პირველად „ლედის ოუფენი“ 1997 წელს ჩავატარეთ, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი იყო, მომდევნო წლებში საპრიზო ფონდი გაიზარდა და 1998 წელს 25 000 ლარს, 1999 წელს – 50 000-ს, ხოლო 2002 წელს – 75 000 ლარს შეადგენდა. მერე გაძვირდა ჩოგბურთის სწავლა და ბავშვებიც წავიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩოგბურთი კარგია ჯანმრთელობისთვის, ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს შორის. ჩოგბურთის თამაშის გადრა ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, ქცევას ქუჩაში, ეზოში, სახლში. ყველა მათგანი, ვისაც ვასწავლიდი, კარგი პროფესიონალი გახდა არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ სხვა მიმართულებითაც – ზოგიერთი კარგი ჟურნალისტია, ზოგიერთი – აკადემიკოსი.

       “ ჩემი ცხოვრება ბავშვებთან გავატარე, ათასობით

              ბავშვს ვასწავლე. ჩემთვის მთავარი შედეგი ისაა,

              რომ ვასწავლიდი ბავშვებს და ისინი დროს ქუჩაში

              ტყუილად არ კარგავდნენ. ვისურვებდი, რომ

              ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკავდნენ

             ჩოგბურთით, და არ ჰქონდეთ სათქმელი: „მინდა

             ვივარჯიშო, მაგრამ საშუალება არ მაქვს“.

მარტინ ხუმარიანს შედგენილიაქვს 2015 წლის საჩოგბურთო ღონისძიებათა კალენდარი – ბათუმის ჩოგბურთის კომპლექსის აღსაზრდელები წელს, შიდა ტურნირის გარდა, კიდევ რვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. უახლოესი ტურნირი – აჭარის ღია პირველობა თვის ბოლოს (27აპრილი – 3 მაისი) ჩატარდება, მას მოჰყვება თეიმურაზ კაკულიას სახელობის ტურნირი (25-31 მაისი, თბილისი,), საერთაშორისო გუნდური ტურნირი (10-14 მაისი, ბათუმი), 2014-2015 სასწავლო წლის შემაჯამებელი ტურნირი (ივნისი), ნიაზ ჟორდანიას და ვლადიმერ ასათიანის მემორიალი (6-12 ივლისი, ბათუმი), ვანო ელარდაშვილის ხსოვნის მემორიალი (ნოემბერი, თბილისი), „ოქროს შემოდგომა“ (28 სექტემბერი-4 ოქტომბერი), ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის საახალწლო ტურნირი (დეკემბერი).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: