სპორტი

სასჯელი ფანების გამო

10.04.2015
სასჯელი ფანების გამო

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, სადისციპლინო კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლების შესაბამისად, ბათუმის „დინამო“ 8 000 ლარით დააჯარიმა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ „დინამო“ საშიანო სამ მატჩს გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებს.

სადისციპლინო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება 8 მარტს მიიღო და კლუბს აცნობა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, კომიტეტის სხდომას ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი და სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე ესწრებოდნენ, რომლებსაც კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმშერ ტყებუჩავამ, წევრებმა _ ზვიად ქორიძემ და ზვიად დარასელმა განუმარტეს სანქციის მოტივი: „ბათუმის `დინამოს~ ქომაგებმა „ტორპედოსთან“ მატჩის დამთავრების შემდეგ აგინეს და აფურთხეს თანამსაჯებს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა ქომაგმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ფეხი ამოარტყა“.

„დინამოს“ ფანკლუბის „შავი ზღვის მეკობრეების“ ხელმძღვანელის გივი გაგუას თქმით, ინციდენტის დროს ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა.

„ხელის დარტყმა, ჩხუბი და სტადიონზე შეჭრა არ ყოფილა. გულშემატკივრებმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, რაც ფეხბურთის თამაშის დროს ხშირია, ამიტომ ვფიქრობ, არ ვიმსახურებდით ასეთ სასჯელს. იმედია, დისკვალიფიკაციას ერთ თამაშზე მაინც მოგვიხსნიან“.

გივი გაგუას განმარტებით, გულშემატკივართა უკმაყოფილება მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია: „მსაჯს ხუთი შეცდომა ჰქონდა. რომელსაც აშკარად ხედავდა და არ დააფიქსირა. ამან იმოქმედა შედეგზე. 1:0 ვიგებდით. ჩვენს კარში პირველი და მეორე გოლი დარღვევით გავიდა, რაც მსაჯს არ დაუფიქსირებია“.

ბათუმის „დინამომ“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის ზემდგომ ინსტანციაში სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა „ბათუმელებს“ უთხრა, კლუბმა სააპელაციო კომიტეტს გადაუგზავნა საჩივარი, რითაც სასჯელის შემსუბუქებას, კონკრეტულად კი, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემცირებას მოითხოვს.

„ვაპროტესტებთ ამ ჯარიმას. გამოძიება უნდა ჩატარდეს რა მოხდა. ვიღაცა თუ გადავიდა მოედანზე, კლუბი რა შუაშია?! ამდენი გულშემატკივარი საქართველოში არც ერთ თამაშზე არ დადის. ხალხი ძლივს დაბრუნდა სტადიონზე და ახლა ამ ხალხს ეუბნებიან, რომ არ მოვიდნენ თამაშზე“ – განაცხადა ფედიჩკინმა.

საქართველოს ფეხბუთის ეროვნულ ფედერაციაში განმარტეს, რომ კლუბს გასაჩივრების უფლება მხოლოდ ფინანსურ ნაწილში აქვს, სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია კი, ძალაში დარჩება.

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრის გარეშე ორი თამაში დარჩა – 15 აპრილს ლანჩხუთის „გურიასთან“ და 9 მაისს თბილისის „დინამოსთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: