სპორტი

რა პრობლემები აქვს ბათუმის საცხენოსნო კლუბს

29.09.2014 • 2929
რა პრობლემები აქვს ბათუმის საცხენოსნო კლუბს

ამჟამად საცხენოსნო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კლუბის დირექტორის ირაკლი ნაცვალაძის თქმით, სამუშაოების დამთავრებამდე ვარჯიში შეჩერებულია.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე რთული იყო საცხენოსნო კლუბის ფუნქციონირება. მოძველებული ღობის გამო სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობდით, ვერც ცხენს ვავარჯიშებდით, ვერც მსურველებს. ახლა დროებით ღობეს და საცხენოსნო ბაზისთვის აუცილებელ პირობებს ვაკეთებთ“, – ამბობს ირაკლი ნაცვალაძე.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში შედის ტერიტორიის შემოღობვა, საჯინიბოს რეკონსტრუქცია და სველი წერტილების მოწესრიგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე დემურ ტარიელაძე ასრულებს. კლუბსა და ინდმეწარმეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაო თვენახევარში 36 999 ლარად უნდა დამთავრდეს.

საცხენოსნო ბაზაზე ხუთი ადამიანი მუშაობს – ერთი მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორი, მეჯინიბეები და დამხმარე მეჯინიბეები. კლუბის 2014 წლის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია.

კლუბში ფუნციონირებს სააბონენტო სისტემა, ერთჯერადი გასეირნება და შემსწავლელი კურსები. თვის განმავლობაში 10 ვარჯიში 100 ლარი ღირს, ხოლო გასეირნება ერთი საათი – 20 ლარი. ზამთრობით, ცუდი ამინდის დროს, ვარჯიში ჩერდება.

ირაკლი ნაცვალაძე: „დახურული მანეჟი არ გვაქვს. პირველ რიგში პრიორიტეტია, რომ გაკეთდეს ღობე და გრუნტი ცხენის ვარჯიშისთვის და შემდეგ თუ იქნება საშუალება და პირობები, დახურული მანეჟიც გვინდა რომ გავაკეთოთ. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში ჩვენამდე არ არსებობდა საცხენოსნო სპორტი. საცხენოსნო კლუბი იყო, მაგრამ კერძო მოყვარულების დონეზე. თავისთვის ჰყავდათ ცხენები და დადიოდნენ ბათუმის სახელით შეჯიბრებებში. აჭარაში პროფესიონალ მხედრებს შორის ბათუმის სახელით გიორგი ძინძიბაძე ასპარეზობს. კლასიკურ სახეობაში კლუბი ასევე დამწყებ სპორტსმენს ნიკა ხაბაძეს ზრდის. ის 10 წლისაა და თავის ასაკში რეგიონში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. წელს ფოთში ჩატარებულ შეჯიბრზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

26 სექტემბერს ასევე ფოთში გაიმართება ვალერიან მაქაცარიას სახელობის შეჯიბრება, სადაც ნიკა ბათუმის სახელით იასპარეზებს. დღესდღეობით აჭარის სახელით შეჯიბრებებზე მხოლოდ ერთი ცხენი ასპარეზობს. აჭარის გუნდური ნაკრები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ცხენოსნობა ისეთი სახეობაა, რომ ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. რის საშუალებაც გვქონდა კლუბს, იმით ერთი სპორტული ცხენი შევიძინეთ. რთულია მისი ვარჯიშიც, რადგან მხოლოდ ორი მცირე მოედანი გვაქვს. დაინტერესებული ადამიანი ბევრია, ჩვენ ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ცხენის ტარება ისწავლონ ან გაისეირნონ ცხენით, მაგრამ აჭარაში ცხენოსნობის, როგორც სპორტის მძლავრ სახეობად ჩამოყალიბებას ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება“.

გასულ წელს საცხენოსნო კლუბმა ბათუმში პირველად ჩაატარა პროფესიონალ სპორტსმენებს შორის შეჯიბრება, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშის მოედანზე ჩატარდა. ირაკლი ნაცვალაძე ამბობს, რომ შეჯიბრების მოწყობა გაუჭირდათ, რადგან საასპარეზო არენა მცირე იყო და ცხენებისთვის არ ჰქონდათ დროებითი სადგომი, ამიტომ საცხენოსნო შეჯიბრებების ჩატარებას ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გეგმავენ.

ჯერჯერობით არც კლუბის ტერიტორიის საკითხია დაზუსტებული და კლუბის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, მომავალი წლიდან საცხენოსნო ბაზა დარჩება აეროპორტის გამზირის #253-ში, თუ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ეს საკითხი ბათუმის მერიის და აჭარის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რადგან კლუბი მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი სამინისტროს ეკუთვნის.

ირაკლი ნაცვალაძე საჯინიბოსთან / საცხენოსნო კლუბს ერთი ცხენის შენახვისთვის საშუალოდ 300 ლარი სჭირდება თვეში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: