სპორტი

რას ითხოვს კრივის კლუბი

27.04.2014 • 4093
რას ითხოვს კრივის კლუბი

 

„უფულობაზე არ ვწუწუნებთ, ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ბათუმს, სადაც ჩატარდა გიორგი კანდელაკის ბრძოლა ამერიკელ მოკრივესთან, არ შეიძლება არჰქონდეს კრივის კლუბი“ –  ამბობს გივი კერესელიძე. ის კლუბს ორგანიზატორობას უწევს და „FIGHT CENTER“-ის ერთერთი დამფუძნებელია.

 

 „როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, მერიას თხოვნით მივმართეთ, დაგვხმარებოდნენ ბათუმის მუნიციპალური კრივის კლუბის შექმნაში. საქართველოს კრივის ფედერაციამ ბათუმის საკრებულოს მისწერა წერილი. მერიამ უპასუხა, რომ კლუბის დაფინანსების წყარო არ აქვთ. სიმბოლური თანხა – 15 ათასი ლარი გვინდა წელიწადში, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში სტატუსია“.

 

 კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი კრივის კლუბი იყოს მუნიციპალური, გივი კერესელიძე განმარტავს, რომ ინვესტორებს ამით მეტი ნდობა უჩნდებათ. „ყველას დავუმტკიცებთ, რომ შეგვიძლია უფრო მეტი შედეგის მიღწევა, ოღონდ გარდა მშობლების მხარდაჭერისა, გვჭირდება ქალაქის მხარდაჭერაც“, – ამბობს „FIGHT CENTER“-ის ხელმძღვანელი და მწვრთნელი გელა აბაშიძე.

 

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებ-ში აჭარიდან სამი სპორტსმენი ასპარეზობს: 22 წლის გელა აბაშიძე, 19 წლის დავით გორგილაძე და 22 წლის მარიკა ხორავა. მარიკა ხორავა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. გივი კერესელიძე ამბობს, რომ კლუბის გახსნის შემდეგ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტით და ბათუმ-ში წარმოდგენილი იქნება ქალთა კრივი, რომლის მონაწილეც იქნება მსოფლიო პრიზიორი.

 

 „გავმართავთ დიდებში შეხვედრებს –  ბათუმსა და ტრაპზონს, ბათუმსა და ერევანს, ბათუმსა და დონეცკს შორის. ადრე კრივი იყო ჩაფხუტებით. ერთი წელია მოიხსნა ჩაფხუტები და კრივი გახდა ნამდვილი შერკინება. ჩავატარებთ შეჯიბრებებს ზაფხულში და ტურისტულ სეზონს შევმატებთ ხალისს“, – ამბობს გივი კერესელიძე.

 

ამჟამად კრივის კლუბს სპორტული დარბაზი საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრისგან“ აქვს ნაქირავები და თვეში 500 ლარს იხდის. აქ ვარჯიში ყოველდღე მიმდინარეობს. გარდა ნაკრები 17 სპორტსმენისა, 31 ახალგაზრდაა კრივით დაინტერესებული. კლუბის წევრ 48 მოკრივეს შორის რვა ქალია. კლუბის წევრები საწევროს სახით 20 ლარს იხდიან. გოჩა აბაშიძე ამბობს, რომ ეს თანხა საიჯარო გადასახადსა და სპორტული ინვენტარის შეძენას ხმარდება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია მათ მხარდაჭერას აღმოუჩენს, სპორტსმენების გადასახადი განახევრდება.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია კრივის კლუბის დაფინანსება, რადგან ამის სახსრები არ არსებობს:

„ბათუმის მერია ცხრა სპორტულკლუბს აფინანსებს. გარდა კრივისა, მძლეოსნობის ფედერაციას და სპორტის სხვა სახეობასაც ჰქონდათ შემოტანილი დაფინანსების მოთხოვნა. ჩემი აზრით, სამომავლოდ ყველა კლუბი უნდა დაფინანსდეს კერძო სექტორიდან და ეს არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტების დასაფინანსებელი. ამ ეტაპზე სხვა ახალი კლუბისდაფინანსება არ განიხილება “.

გადაბეჭდვის წესი