სპორტი

ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდეს

03.02.2015 • 1245
ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდეს

გოჩა შავაძე: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ, რასაც ჩვენი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგებიც ცხადყოფს. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და მედალოსნები უკვე მრავლად გვყავს. ჩვენმა სპორტსმენმა მერაბ კაკაბაძემ 2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ოფიციალურ ტურნირებში გოგონათა შორის საქართველოს ისტორიაში პირველი მედალი ბათუმელმა მარინა ფუტკარაძემ მოიპოვა, რომელმაც 2011 წლის ევროპირველობა ვიცეჩემპიონის რანგში დაასრულა. მოკლედ, არც ერთ ტურნირს მედლის გარეშე არ ვტოვებთ.

 

როგორი სავარჯიშო პირობები გაქვთ?

 

აღსანიშნავია აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ლიპარტაშვილის დამსახურება, რომლის უშუალო თაოსნობით ემზადებიან ჩვენი მკლავჭიდელები. მონაცემები მართლაც კარგი აქვთ ჩვენს სპორტსმენებს! პირობებზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, ფედერაციას არ გააჩნია საწვრთნელი ბაზა, სპორტსმენები, უმეტესწილად სტუდენტები, რუსთაველის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ემზადებიან. მართალია, არის მაგიდა, მაგრამ სხვა ინვენტარის ნაკლებობას განვიცდით. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ გარკვეული წარმატებების მიღწევას იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ჩვენს ფედერაციას გვერდში უდგანან. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, შპს `აღმშენებლობის~ თავკაცი სულიკო ბაკურიძე და თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო მას.რაც შეეხება ტურნირებს _2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა პატივსაცემად ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ ტურნირს, წელსაც ასე იქნება. მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ბათუმი უმასპინძლებს ტურნირს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა `ვენდეტა~.

 

კი მაგრამ რა კავშირი აქვს კორსიკულ სისხლის აღებას (ვენდეტასისხლის აღების ადათი სარდინიასა და კორსიკაშიმკლავჭიდთან?

 

სპორტსმენები ერთმანეთს ხუთჯერ ხვდებიან, ანუ ბრძოლა მიდის სამ გამარჯვებამდე. თუ პირველი შერკინება წააგე, შანსი გაქვს, ასე ვთქვათ, შური იძიო და დანარჩენში დაამარცხო მეტოქე. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრების მომსწრენი გავხდებით. ტურნირი 26 ივლისს გაიმართება სასტუმრო `გენაცვალეში~, რომელიც ამ ტურნირის გენერალური სპონსორიც გახლავთ და მასში 1994-1995 და 1996 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა სპორტსმენი მხოლოდ ერთ _ 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მთავარი მსაჯი კი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია იქნება. ბათუმელთაგან ტურნირში ორი სპორტსმენი _ გიგა ჭაღალიძე და თამაზ კონცელიძე _ მიიღებს მონაწილეობას. ისინი უშუალოდ თემურ ლიპარტაშვილის მეთვალყურეობით ემზადებიან.

 

როგორც ვიცი, 12-19 სექტემბერს ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც გოგონათა შორის ორი ბათუმელი მიიღებს მონაწილეობას

 

დიახ, ესენი არიან მარინა ფუტკარაძე და დარინა ცეცხლაძე. ამათგან მხოლოდ ერთის, დარინა ცეცხლაძის გამგზავრების საკითხია გადაწყვეტილი, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა დაფინანსებას.

–  და მარინა ფუტკარაძე? აჭარის სპორტის დეპარტამენტი არ გაფინანსებთ?

 

გვაფინანსებდა, მაგრამ 3-4 თვეა რაც შეგვიწყდა ზოგიერთ ფედერაციას ეგ დაფინანსება. თუ რატომ, ეგ თავად დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰკითხოთ უმჯობესია.

 

კარგით, მაგ საკითხს დეპარტამენტთან გავარკვევთ. მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ერთი, ნომერ პირველი სპორტსმენი მონაწილეობს და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა მარინა ფუტკარაძის მხარესაა

ორივე სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობის მიღება. თუმცა, ერთიც რომ იყოს, ამ შემთხვევაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას. მე როგორც ვიცი, ცეცხლაძის დაფინანსების საკითხი გარკვეული აქვს, რაც შეეხება ფუტკარაძეს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

გამოდის, რომ ის გაემგზავრება, ვინც ამისთვის აუცილებელ ფინანსებს იშოვის და ცეცხლაძეს ეს საკითხი უკვე საქართველოს პრეზიდენტთან გადაუწყვეტია

მოდით, ამ საკითხზე მე არ დავკონკრეტდები და თავად სპორტსმენებს გაესაუბრეთ.

დარინა ცეცხლაძე: მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა რომ არ მქონდა, იძულებული გავხდი, თავად საქართველოს პრეზიდენტი შემეწუხებინა. ანაკლიაში შევხვდი მას და ველაპარაკე. დახმარება აღმითქვა და დაავალა აჭარის სპორტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის მოგვარება. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს ჩემი დაფინანსების საკითხი.

 

მარინა ფუტკარაძე: ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფები, არ მაფინანსებენ. იმედია, სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას შევძლებ. პირადად მე ტურნირისთვის მზად ვარ.

 

გოჩა შავაძე: ერთი სპორტსმენის გამგზავრება დაახლოებით 4500 ლარი ჯდება. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას აღნიშნული თანხა არ გააჩნია. მივმართეთ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას, პირადად პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს, რომლის თქმითაც მისთვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ ვაჟთა ნაკრებისთვისაა საკმარისი, რომელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები არიან. თავის მხრივ, ეროვნული ფედერაცია საქართველოს სპორტის დეპარტამენტისგან ელის დაფინანსებას, რათა ჩვენმა გოგონებმა შეძლონ ტურნირზე გამგზავრება. პირადად მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ორივე სპორტსმენი ჩინებულ ფორმაშია და მზად არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ამაზე მათი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი ზრუნავს, რომელიც პირადად ამზადებს ჩვენს გოგონებს.

 

ბათუმელები~ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლევან ჯიოშვილს დაუკავშირდა.

 

ლევან ჯიოშვილი: ამ დროისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ყველაზე დიდი ყურადღება მიექცა სპორტის იმ სახეობის ფედერაციებს, რომელთა წარმომადგენლებმა მოიპოვეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. ამით ჩვენ საშუალება მივეცით სპორტულ ფედერაციებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯზე არ გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და დონორი ორგანიზაციებიდან  დამატებით მოეზიდათ მათთვის საჭირო თანხებივფიქრობთ, რომ ამით მაქსიმალურად შეეწყობა ხელი სპორტისა და ბიზნესის დაახლოებას, რაც ორივე სფეროსთვის სასარგებლო იქნება

აქვე დავძენ, რომ სპორტული ფედერაცია თუ ჩავარდება გამოუვალ მდგომარეობაში და ვერ მოიძიებს შეჯიბრების ჩატარების თანხებს, დეპარტამენტი აუცილებლად გამოუყოფს საჭირო ხარჯებს, რათა სპორტული შეჯიბრება ორგანიზებულად ჩატარდეს.

გადაბეჭდვის წესი