მთავარი,სიახლეები •

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო

30.09.2026
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.

პრემიის ჟიურიმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“.

„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართულნი და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია“ – აცხადებს საია.

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის, თქმით: „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო“.

საია ფეისბუქზე ავრცელებს Right Livelihood-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლე ფონ იუქსკიულის  ციტატას:

„ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.

Right Livelihood-ის პრემია 45 წელზე მეტია გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.

„საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

____________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: