პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
„ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“ – წერს პროკურატურა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.