საპატრიარქოს ეზოში მანქანის შევარდნის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს ხულიგნობას და ნივთის დაზიანებას ედავებიან.
„2026 წლის 20 მაისს ბრალდებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.
ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 22 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით [სხვისი ნივთის დაზიანება] და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით [ხულიგნობა].
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
______________
ამ თემაზე:
საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა – დაზიანებულია ჭიშკარი და შლაგბაუმი