მთავარი,სიახლეები

„არავითარი მოლოდინი არ აქვს“ – მზია ამაღლობელის ძმის კომენტარი დასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ

20.01.2026 •
„არავითარი მოლოდინი არ აქვს“ – მზია ამაღლობელის ძმის კომენტარი დასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ

„მადლობას გეუბნებათ ყველას მზია. არავითარი მოლოდინი არ აქვს, შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია მას არ გააჩნია… არც ხელმძღვანელობიდან მისულა ვინმე დღეს, ან გუშინ.

ამინდის გამო სატელევიზიო არხებს ვერ უყურებს. გუშინ 7 საათამდე გადიოდა მხოლოდ „ფორმულა“. მზია თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის,“ – უთხრა ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა.

დღეს, 20 იანვარს რუსთავის დაწესებულებაში მზია ამაღლობელს თავისი ძმა, მალხაზ ამაღლობელი შეხვდა. მან წუხელ რუსთავის ციხესთან გაატარა. პატიმრის ოჯახის წევრები, ახლობლები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები მთელი ღამე ელოდნენ პენიტენციურ დაწესებულებებთან შეწყალებულების გამოჩენას.

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეიწყალა „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. გუშინ, 19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: