ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია გამოაცხადა. მერის ბრძანების მიხედვით ცვლილებები შეეხებათ მერიის ორგანიზაციებსაც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი სავარაუდოდ მხოლოდ გადაადგილებებით არ შემოიფარგლება და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ.
მერიიდან მოგვწერეს, რომ ჯერ რეორგანიზაციის გეგმაა შესამუშავებელი:
„ამ დროისთვის გამოცხადებულია რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც ითვალისწინებს რეორგანიზაციის განსახორციელებელი გეგმის შემუშავებას, ასევე რეორგანიზაციის მეორე ეტაპის დაწყებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის შემდგომი ეტაპების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. რეორგანიზაციის მიზანია მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება“.
ბათუმის მერი თავის ბრძანებაში აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია „მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის“ სჭირდება.
ბრძანების მიხედვით ბათუმის მერს სჭირდება „სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებური განსაზღვრა და ჩამოყალიბება, მერიის მთლიანად ან ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება ან/და შემცირება“.
რეორგანიზაციის დაწყების ბრძანება 2026 წლის 9 იანვრით თარიღდება.
მერთან ერთად რეორგანიზაციის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებაზე პასუხისმგებლები არიან მერის მოადგილეები: ნუკრი დეკანაძე და სოფიკო ხალვაში.
რეორგანიზაციის ჩატარება დაევალათ ასევე მერიის ადმინისტრაციის უფროსს მარიამ ხაზარაძეს, ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს – კახა დიასამიძეს და ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – მუხრან ჯორბენაძეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით მერის ბრძანება რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე მერიის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს და ეს ხელმოწერითაც დაადასტურებინეს.
კანონის შესაბამისად რეორგანიზაციის დასასრულებლად მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უნდა გამოაცხადოს, თუმცა რიგ თანამდებობებზე მერს შეუძლია პირდაპირ დანიშნოს თავისი კანდიდატურა, მაგალითად ვიცე-მერი.
ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციას ახალი კადრი, მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ის გიორგი ცინცაძემ დანიშნა.
მარიამ ხაზარაძის გამოცდილების შესახებ მერიის ვებგვერდზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ იძებნება. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დენის სალუქვაძის მეუღლეა. დანის სალუქვაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მარიამ ხაზარაძე იურისტია და მერიაში დასაქმებამდე კერძო კომპანიებს უწევდა იურიდიულ დახმარებას.






