მთავარი,სიახლეები

ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

13.01.2026 •
ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

„რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში,“ – გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ სუსტდება რუსეთის პოზიციები.

„რუსეთმა ბაქი-ბუქი ატეხა, რომ „S 300“-ები და ათეული მილიარდობით პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას, ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული. სულ რაღაც საათ-ნახევარში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ჩინური რადარები დამწვარი ჯართის გროვა გახდა…

ფაქტია, რომ გამწარებულია პუტინი. უკვე 1418 დღე გავიდა ამ ომის დაწყებიდან – იგივე დრო, რაც ე.წ. სამამულო ომის [როგორც რუსებს უყვართ დარქმევა] ხანგრძლივობა იყო, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსებმა ვოლგიდან დაიწყეს და ბერლინში ჩავიდა საბჭოთა ჯარი, ხოლო პუტინი ჯერ კიდევ კუპიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ვერ ლაპარაკობს,“ – აღნიშნა გადამდგარმა გენერალმა „ბათუმელებთან“.

სამხედრო ანალიტიკოსის კიდევ ერთი აქცენტი შავ ზღვაზე თურქეთის ფლოტის გაძლიერებაა:

„თურქეთი უკვე აღარ თვლის რუსეთს ძალად შავ ზღვაზე თავისი საზღვაო ძალებიდან გამომდინარე. თურქეთი უკვე უკრაინასთან იწყებს თანამშრომლობას იგივე უკრაინის შავი ზღვის ფლოტის აღდგენასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, უკრაინელები აწვდიან თურქებს საზღვაო დრონების ტექნოლოგიებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, კიევში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი გათბობის გარეშე დარჩმას შემდეგ, რაც რუსეთმა ისევ მოახერხა მასობრივი თავდასხმა კიევზე. რამდენად ცვლის ეს ამბავი რუსეთ-უკრაინის ომის მოცემულობას?

ეს ისეთივე ამბავია, როგორც რუსეთში ბელგოროდია დაბნელებული, იქ 500 000 კაცზე მეტია დარჩენილი შუქის გარეშე, ასევე, კასპიის ზღვაში მოხდა დარტყმები რუსეთის მცურავ, საბურღ ჭაბურღილებზე…

ახალი აქ არაფერია. ასეთი თავდასხმით კრემლს აქცენტი გადააქვს  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ფაქტია, რომ გამწარებულია პუტინი. უკვე 1418 დღე გავიდა ამ ომის დაწყებიდან – იგივე დრო, რაც ე.წ. სამამულო ომის, როგორც რუსებს უყვართ დარქმევა, მაგრამ იქ განსხვავება ის იყო, რომ ვოლგიდან დაიწყეს და ბერლინში ჩავიდა საბჭოთა ჯარი, ხოლო პუტინი ჯერ კიდევ კუპიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ვერ ლაპარაკობს. რუსეთი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც ტაქსა კავკასიურ ნაგაზს!

  • თავდასხმა კიევზე უფრო პუტინის უსუსურობის მაჩვენებელია, ვიდრე წარმატების? ის ვერაფერს აღწევს ფრონტის ხაზზე და ცდილობს, გათბობის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას აიძულოს დათმობა?

უდავოდ ამაზეა აქცენტი. პლუს აქ არის, რა თქმა უნდა, მორალურ-საინფორმაციო შემადგენელი: აი, რას ვუშვრებით ხომ ხედავთ უკრაინელებს? ვანადგურებთ უკრაინის ქალაქებს. რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი ძალა.

„ორეშნიკით” რუსებმა გაზის გამანაწილებელს დაარტყეს, ერთი კორპუსი, დაახლოებით 400 კაცი დარჩა დროებით გაზის გარეშე. თვითონ რუსები იძახიან, სულ არ გაეშვათ, ჯობდაო, ამის იმედი მაინც გვქონდაო. როგორც ნამსხვრევების დათვალიერებიდან ჩანს, „ორეშნიკის“ მრავალი დეტალი ჯერ კიდევ 60-იან წლებშია გაკეთებული, არაფერი ახალი მიღწევა რუსებისა ამაში არაა. ესაა 60-იანი წლების საბჭოთა რაკეტის ცოტათი გაუმჯობესებული ვარიანტი.

  • უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა იცვლება, რა სიახლეებია?

ამინდის ცვლილებებით გარკვეულწილად ისარგებლეს რუსებმა, ვინაიდან ნისლიანი, ცივი ამინდები იყო და ნიადაგიც მოიყინა. რუსებს გარკვეული, ტაქტიკური წინსვლა ჰქონდათ ზაპოროჟიეს რაიონში გულიაიპოლეს მიდამოებში, თუმცა სრულ კონტროლქვეშ ვერ მოაქციეს. მთელი ქალაქი მაინც „ნაცრისფერ ზონაში“ რჩება, სადაც უკრაინელებს ჰყავთ ცალკეული მცირე ჯგუფები და ახერხებენ რუსების ბლოკირებას გარკვეულ რაიონებში.

რუსებმა გამოიყენეს ნისლიანი ამინდები, როცა უკრაინელების მხრიდან დრონების მოქმედებას არ ჰქონდა მაღალი ეფექტიანობა, მაშინ როცა მოწმენდილი ცის პირობებში ზოგჯერ ერთეულ მიზანზე 12-14 დრონიც კი მოქმედებდა. ამან საშუალება მისცა რუსებს, ჯავშანტექნიკა გამოეყენებინათ უფრო აქტიურად.  შეეცადნენ 2-3-კაციანი ცალკეული ჯგუფების ნაცვლად, ათეული-ოცეულის ზომის დანაყოფებით შეეტიათ, რაც ასევე გამოწვეული იყო რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევის მცდელობით.

ყველაზე მეტად წარმატება მაინც გულიაიპოლესთან აქვთ რუსებს, ტაქტიკური და მცირე ზომის წარმატება, რაც გულისხმობს იმას, რომ გულიაიპოლე ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული. ამის მიუხედავად უკრაინელები ახერხებენ ქალაქში ბრძოლას და გარკვეულ კონტრშეტევებს, პლუს კიდევ დრონებით მოქმედებენ, როცა ამინდი უწყობს ამას ხელს.

გულიაიპოლე რუსებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქედან მათ შეუძლიათ ზალიზიჩნის მიმართულებით წინ წაწევა. ზალიზიჩნი აკონტროლებს ტრასას, რომელიც აკავშირებს ზაპოროჟიეს დნეპრთან.

უკრაინელების მხრიდან მისაღებია დროული გადაწყვეტილება: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა გულიაიპოლესთვის. ასევე, მისაღებია გადაწყვეტილება: დროზე გაიყვანონ ჯარები, თუ გააგრძელონ ბრძოლა? მიჭირს რამის თქმა, ვინაიდან იმავეს ვიძახდი პოკროვსკის მიმართულებაზე, რომელიც ფაქტობრივად აღებული ჰქონდათ რუსებს, თუმცა ისიც დღემდე ვერ გააკონტროლეს ბოლომდე.

  • იქ ალყაში აგრძელებენ ბრძოლას უკრაინელები ისევ?

ალყაში იყო მირნოგრადი, რომელიც პოკროვსკის მომიჯნავე ქალაქია. პოკროვსკის ჩრდილოეთი მონაკვეთები კი უკრაინელებს აქვთ კონტროლქვეშ აღებული, რაც არ აძლევს საშუალებას რუსებს, საბოლოოდ შეკრან ალყა ამ აგლომერატის მიმართულებით.

კუპიანსკზე კი ისევ სტაბილური ვითარებაა: რუსების ჩარჩენილ 100-150-კაციან დაჯგუფებას მეთოდურად ანადგურებენ უკრაინელები. კუპიანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთია რუსების გარკვეულწილად კონტროლქვეშ, ე.წ. ნაცრისფერი ზონა.

აქვე განვმარტავ, რომ ტერმინი „ნაცრისფერი ზონაა“ არის ტერიტორია, როცა მას ბოლომდე ვერ აკონტროლებს მოწინააღმდეგე, ის ჯერ კიდევ ბრძოლის არენაა. „შავ ზონას“ მთლიანად აკონტროლებს მოწინააღმდეგე. „შავ ზონამდე“ ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ რუსები.

შედარებით აქტიურად  მიმდინარეობს ბრძოლები ასევე ყოფილი კახოვკის წყალსაცავის რაიონში – სტეპნოგორსკის და პრიმორსკის მიმართულებებზე. აქ რუსები ფაქტობრივად მიადგნენ უკვე მდინარე კონკას დელტას, მაგრამ მისი გადალახვის უნარი და ტექნიკური შესაძლებლობები არ გააჩნიათ. ამიტომაც, იძულებული იქნებიან შეიცვალონ შეტევის ვექტორი უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით.

რუსები აკონტროლებენ სევერსკის, თუმცა ისევ „ნაცრისფერი ზონაა“, მას ვერ აკონტროლებენ სრულად, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან უკრაინელები გავიდნენ.

სწორად მოიქცნენ ტაქტიკური თვალსაზრისით უკრაინელები, მათ დატოვეს ქალაქი, რომელიც არის ჩავარდნილ ადგილას. მისი ძველი სახელიც კი ადრე იყო „იამა”, ანუ ორმო. ამიტომაც, უკრაინელებმა დაიკავეს მის გარშემო მდებარე გაბატონებული სიმაღლეები და იქიდან არ აძლევენ რუსებს საშუალებას, სევერსკი მთლიანად დაიკავონ იგივე დრონების და არტილერიის დარტყმების საშუალებებით.

მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ უკრაინელებს ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის ქალაქებში. მაშინ ტყუილად შეალიეს ძალები სევეროდონეცკის დაცვას, როცა ლისიჩანსკიც სიმაღლეზეა. ამიტომაც, სჯობდა ლისიჩანსკი დაეკავებინათ, შემდეგ იქიდან შეეფერხებინათ რუსები, მაგრამ მაშინ ეს შეცდომა დაუშვეს და ორივე ქალაქი დაკარგეს.  ახლა მსგავს შეცდომას უკრაინელები არ უშვებენ.

ძალიან ნელა, დიდი დანაკარგებით, რაღაც გარკვეული ტაქტიკური წინსვლა გააჩნიათ რუსებს, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს ფრონტის ხაზზე. უკრაინელებს კი, უჭირთ, პირველ რიგში, ცოცხალი ძალა, ვინაიდან გადაჭიმული ფრონტის გამო როტაცია რთულდება.

მაგალითისთვის, რუსების დანაკარგის 50-70% მოდის უკრაინელების დრონებზე, რომლის დანაყოფებიც მხოლოდ 2%-ს შეადგენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.  უპილოტო ძალების მეთაურის – მადიარის გათვლებით, 5%-მდე რომ გაიზარდოს ეს შესაძლებლობები, დამატებით, მომზადებული 1500 ოპერატორი მაინც არის საჭირო. ეს ხალხი მოსაზიდია და მოსამზადებელია. ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ამ ტიპის ოპერატორობა ყველას არ შეუძლია და ყველას ვერ ასწავლი.

ამის გამოძახილია სავარაუდოდ გერმანიის გადაწყვეტილებაც, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციას განახორციელებს გერმანიიდან, რათა დაბრუნდნენ და იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისათვის. თუ ეს განხორციელდა, რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მამაკაცი დაუბრუნდება უკრაინას. ეს იქნება გარკვეული რეზერვი უკრაინისთვის.

  • ასევე, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინამ 6 იანვარს ხელი მოაწერეს უსაფრთხოების გარანტიების დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს მრავალეროვნული სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი მზადყოფნა თურქეთმაც გამოხატა, სხვა ქვეყნებმაც, მაგრამ ეს ეხება ცეცხლის შეწყვეტას.

  • თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი რჩება ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტისთვის?

მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც რესურსი რჩება, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ბინოკლი აშშ-ს გადატანილი აქვს სხვა მიმართულებაზე: ეს იყო ვენესუელა, ახლა ირანია.

რაც უფრო მეტ ზარალს მიაყენებენ უკრაინელები რუსებს, მით უფრო ჩქარა მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. იმედი მქონდა, რომ ეს  ახალ წლამდე მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა, ვინაიდან ძნელია რუსეთის პროგნოზირება, მითუმეტეს ამას დაემატა ტრამპის არაპროგნოზირებადობაც.

ვფიქრობ მაინც, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთს ისე გაუჭირდება, მოუწევს დაფიქრება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი საკითხია ამ პუნქტებში, რაზე შეთანხმებაც ვერ ხერხდება – ტერიტორიების დატოვების საკითხი. დანარჩენი ფაქტობრივად შეთანხმებულია.

უკრაინას უჭირს, მაგრამ არ ულხინს არც რუსეთს: დონბასში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყალი არ არის უკვე რამდენი ხანია, არც შუქია. ამას ემატება გაზრდილი გადასახადები, ფასების ზრდა, მოკავშირეების დომინოს პრინციპით ხელიდან გამოცლა რუსეთისთვის.

  • თქვენი აზრით, როგორ აისახება მადუროს დაპატიმრება და ირანში გააქტიურებული პროტესტი რუსეთ-უკრაინის ომზე?

ფაქტია, რომ ირანი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რუსეთისა ტექნოლოგიურად და შეიარაღებითაც. იგივე „შაჰედები” გავიხსენოთ. ირანის გამოკლება მთლიანად კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ყოფნას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ირანი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ამ რეგიონში. ირანი თუ ასე გამოაკლდა რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ფაქტობრივად, საქართველოში თუ დარჩება რუსეთს გავლენა.

მეორე საკითხია დარტყმა პოლიტიკურ-საინფორმაციო თვალსაზრისით: რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში.

ბოლო წლებში რუსეთმა ბაქიბუქი ატეხა, რომ “S-300“-ები, „ბუკები“, „გრომები“ და ათეული მილიარდობით ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას. ასევე, მილიარდობით დოლარის ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული, მიწოდებული იქნა ბოლო პერიოდში.  მადუროს პირადი დაცვა კუბელი სპეცდანაყოფის მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული, ჯარების წვრთნებს ხელმძღვანელობდნენ რუსი ინსტრუქტორები და რა?! სულ რაღაც საათ-ნახევარში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ჩინური რადარები დამწვარი ჯართის გროვა გახდა.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩინურ სამხედრო ძალასთან შედარებით რამხელა ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს აშშ-ს სხვა ყველაფერთან ერთად.

ამ ყველაფრის შემდეგ რომელმა ქვეყანამ უნდა მოინდომოს და რუსეთიდან შეიარაღება იყიდოს ან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები? რის იმედი უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოკავშირეებს, თუკი მათ უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება?

ამას დაემატა რუსულ ჩრდილოურ ტანკერებზე ამერიკელების აბორდაჟული ჯგუფების გადასხმა და მათი დაკავება, როცა გვერდზე წყალქვეშა ნავი და რუსული სამხედრო ხომალდი იმყოფებოდა. მგონი, იმ გემებიდან არც დაუსტვენიათ, ისე იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ცხვირწინ დააკავეს ვითომდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი გემები. ამ ყველაფერს ხედავენ რუსეთის მოკავშირეები, ან მომავალი მოკავშირეები.

  • ეს რა სიგნალი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისთვის უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში?

გზავნილი უნდა დაინახოს რუსეთმა – აშშ თავის საქმეს აკეთებს!

ჯერ თვითონ უკრაინა იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ არის ძალა, რომელთანაც დაპირისპირება არ შეიძლება. აშშ აჩვენებს, რომ რუსეთს არ თვლის მოწინააღმდეგედ აბსოლუტურად, ის აკეთებს იმას, რაც უნდა. ეჭვი მეპარება აშშ-მ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაიმე აქტიურობა დაიწყოს, ვინაიდან მას სჭირდება მოკავშირეები ირანთან მიმართებაში და ევროპასთან დაპირისპირება არ აწყობს.

არ არის გამორიცხული ევროპამ გრენლანდიის საკითხი აშშ-ს მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის კონტექსტში გამოიყენოს.

  • კასპიის ზღვაში ლუკოილისსაბურღ პლატფორმაზე დარტყმები როგორ შეძლო უკრაინამ და ეს რა მასშტაბის ზიანია რუსეთისთვის?  

უკრაინას აქვს ამის შესაძლებლობა იგივე „ფლამინგო” და იგივე „შორი ნეპტუნი”. თანაც, ეს პირველი დარტყმა არაა კასპიის ზღვაში. სამ ჭაბურღილს დაარტყეს კასპიის ზღვაში და კიდევ მხარდამჭერ გემს დაარტყეს.

უკრაინელებს აქვთ საშუალება, აწარმოონ დრონები, რომლებიც მიწვდებიან მსგავს სამიზნეებს.

საერთოდ, რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები რომ საკმარისი არ აქვს, ამას აჩვენებს რუსეთის სხვადასხვა ენერგო ობიექტზე გამუდმებით დარტყმაც.

საინტერესოა ის ინფორმაციაც, რომ ბრიტანეთი უშუალოდ უკრაინისთვის დაიწყებს NAIGHTFALL-ის ბალისტიკური რაკეტების წარმოებას.  დარწმუნებული ვარ, მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ.

  • რამდენად ახერხებს ევროკავშირი აშშ-ს აქტიური ჩართულობის გარეშე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისე, რომ რუსეთს მოუწიოს უკან დახევა?

ჩემი აზრით, ახერხებს. ჯერ კიდევ არ ამუშავებულა ბოლომდე ეს მანქანა. მთავარია, რომ დაწყებულია ეს პროცესი. დღეს არამარტო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა საუბარი, არამედ უკრაინისთვის მხარდაჭერაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნების ძალისხმევა: მაგალითად, ბოლო პერიოდში თურქეთის შავი ზღვის ფლოტი მნიშვნელოვნად ძლიერდება. მოგეხსენებათ, ერდოღანმა 2 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთი იწყებს თავისი წარმოების წყალქვეშა ნავის, ნაღმოსნისა და ავიამზიდის მშენებლობას.

ამავდროულად, თურქეთის შავი ზღვის ფლოტი გაცილებით ძლიერია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენილ ნაწილზე.

თურქეთი უკვე აღარ თვლის რუსეთს ძალად შავ ზღვაზე თავისი საზღვაო ძალებიდან გამომდინარე.

თურქეთი უკვე უკრაინასთან იწყებს თანამშრომლობას, იგივე უკრაინის შავი ზღვის ფლოტის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩაშვებულია და გამოცდებს გადის უკრაინისთვის წარმოებული კორვეტი „ივან მაზეპა“.  სამაგიეროდ, უკრაინელები აწვდიან თურქებს საზღვაო დრონების ტექნოლოგიებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: