მთავარი,სიახლეები

კობახიძე თუ არ არის კორუფციაში ჩაფლული, ეს სულ არ ნიშნავს, რომ სისტემა ხელს არ შეახოცავს – ინტერვიუ

23.12.2025 •
კობახიძე თუ არ არის კორუფციაში ჩაფლული, ეს სულ არ ნიშნავს, რომ სისტემა ხელს არ შეახოცავს – ინტერვიუ

„ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი მმართველობის ანომალიური, კორუფციული სისტემა, რომლის მძევალიც შემიძლია ვთქვა, რომ თავადაცაა. მეჩვენება, რომ საჭირო მომენტში შესაძლოა, ეს ისრები მისკენაც იყოს მიმართული,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ვესაუბრეთ:

ვინ არის დამნაშავე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, მმართველი ძალის ვერსიით, თავად აღმოჩნდნენ კორუფციაში ჩართული?

„ახლა, ფაქტობრივად, ფარდა ჩამოიხსნა და ყველაფერი,  ვფიქრობ, „ოცნების“ ყველაზე უფრო მწარე მომხრეებისთვისაც კი, ცხადზე ცხადია: სისტემა ლპება კორუფციის ჭაობში,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა არმაზ ახვლედიანთან,  პოლიტიკოსთან, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრთან და „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანთან.

  • ბატონო არმაზ, რა ქვეყანა გვაქვს, როცა სუსის უფროსს ქრთამის აღების ბრალდებით აკავებენ? ვინ შეიძლება ასეთ სახელმწიფოში არ მოიპაროს, როცა აკავებენ სუსის ყოფილს უფროსს, ყოფილ პრემიერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს…

„ქართული ოცნება” ყელამდე კორუფციაშია და ყარს. ეს პოლიტიკური ნაგავი სასწრაფოდ გასატანი და გადასაყრელია. როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები: პრემიერ-მინისტრი, სუს-ის უფროსი და სხვები არიან კორუფციაში ჩართულები, ისინი, ვინც კორუფციისგან უნდა იცავდნენ გარემოს, თავად არიან კორუფციის შემოქმედები, ეს ადასტურებს ერთადერთს: კორუფცია გახდა ამ რეჟიმის სახე, მისი  სავიზიტო ბარათი, რაზეც ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი, მეც მათ შორის, წლებია, ვსაუბრობთ.

თავად რეჟიმი წლების განმავლობაში მდიდრდება ამ ნაქურდალით და ამ  გზით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ახლა, ფაქტობრივად, ფარდა ჩამოიხსნა და ყველაფერი,  ვფიქრობ, „ოცნების” ყველაზე უფრო მწარე მომხრეებისთვისაც კი ცხადზე ცხადია: სისტემა ლპება კორუფციის ჭაობში.

არმაზ ახვლედიანი

ეს არის სისტემა, რომელიც არსით ანტიდემოკრატიულია, სისტემა, რომელმაც გააუქმა არჩევნები, როგორც ძალაუფლების შეცვლის ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმი; სისტემა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. ეს ყველაფერი იმდენად ურთიერთკავშირშია, რომ ამ სისტემის დაშლის, ამ მმართველობის ჩანაცვლების გარდა, გამოსავალი არ არსებობს.

ოდნავ ნორმალურ ვითარებაში ასეთი სკანდალის, მსგავსი ფაქტების შემდეგ, მმართველი ძალა მოიხდიდა ბოდიშს, გამოაცხადებდა და ჩაატარებდა სამართლიან, ვადამდელ არჩევნებს, რაც „ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

  • თქვენ ამბობთ, რომ სისტემა ლპება კორუფციის ჭაობში, თუმცა „ოცნება“ ამ დრომდე ინარჩუნებს სახელისუფლებო ვერტიკალს. როგორ ახერხებს ამას ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? რა მოდელი შექმნა მან, ყველას მისცა მეტ-ნაკლებად ფულის შოვნის საშუალება და შემდეგ ეს კლანები ერთმანეთს დაუპირისპირა?

ამ ტიპის რეჟიმებისთვის კორუფცია შემადგენელი ნაწილია, კორუფციის გარეშე ავტორიტარული რეჟიმი ვერ ახერხებს საკუთარი თავის შენარჩუნებას. კორუფციაა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მდიდრდებიან ძალაუფლების მიმტაცებელი, პოლიტიკური სივრცის მაღალი თანამდებობის პირები. სწორედ კორუფციაა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც საჭირო დროს შეუძლიათ დააშანტაჟონ და აკონტროლონ დაქვემდებარებული ადამიანები  და კოლეგები.

ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი მმართველობის ანომალიური, კორუფციული სისტემა, რომლის მძევალიც შემიძლია ვთქვა, რომ თავადაცაა.

მეჩვენება, რომ საჭირო მომენტში შესაძლოა, ეს ისრები მისკენაც იყოს მიმართული.

  • ივანიშვილისკენ?

დიახ! სისტემის შექმნაში დამნაშავეა მისი შემქმნელი რეჟიმი, მისი შემოქმედი ივანიშვილი და ყველა, ვინც მისი თანამზრახველია ამ საქმეში. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იმავდროულად დამნაშავეა საზოგადოება – ჩვენ, ვინც დროულად ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია ამ რეჟიმის ჩამოყალიბებისთვის, ვისაც არ გვქონდა სათანადო რეაგირება მაშინ, როცა კორუფცია იწყებდა გაფურჩქნას, როცა რეჟიმი ავლენდა ავტორიტარიზმის პირველ, მკაფიო ნიშნებს. ასე რომ, ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია.

  • რა გზით შეძლო ივანიშვილმა დაენგრია ინსტიტუციები, რომლებიმაინც და მაინც ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა უკვე კომიკური ხასიათი შეძინა, მაგალითად, სუსის გამოძიებამ…

ეს არც ერთ თვეში მომხდარა და არც ერთ წელში. წლების განმავლობაში მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევდა ივანიშვილი სახელმწიფოს უმთავრეს საყრდენებს – ინსტიტუციებს. იმ ინსტიტუციებს, რომლებიც თავად უნდა ქცეულიყო მონიტორინგის, კონტროლის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის მაგალითებად.

პირველ რიგში, სწორედ ეს ინსტიტუტები გადატეხა წელში ივანიშვილმა, დაიქვემდებარა იმით, რომ იქ დააყენა თავისი ერთგული ადამიანები. ასეთი იყო ლილუაშვილიც. ვინც მას გაუწია წინააღმდეგობა, ყველა აღმოჩნდა ამ  გუნდის მიღმა.

2013 წელს, როცა მე ჯერ კიდევ ვიყავი „ქართულ ოცნებაში”, მკაფიო იყო, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილის უახლოეს ადამიანს, სწორედ ივანიშვილისგან ჰქონდა მწვანე ანთებული ყველაფერზე, ყოველგვარ უკანონობაზე. რა ვნახეთ საბოლოოდ? რა სკანდალში აღმოჩნდა ღარიბაშვილი? სწორედ ასეთი სქემაა ყველა სხვა მაღალი თანამდებობის პირთან მიმართებით წარსულში თუ დღეს.

ამიტომაც, კობახიძე სულ ტყუილად ცდილობს გვაჩვენოს, თითქოს ის ებრძვის კორუფციას. ის სრულად არის პასუხისმგებელი ამ კორუფციულ დანაშაულზე, რადგან ყველა დროში, 2015 წლიდან მოყოლებული, ის უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზეა „ქართულ ოცნებაში” და არ მახსენდება, ოდესმე გაეპროტესტებინოს კორუფციული სქემები, სათანადო რეაგირება ჰქონოდა იმ მხილებაზე, რომელიც არაერთხელ ისმოდა პარლამენტის თუ სხვა ტრიბუნებიდან ოპოზიციის თუ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

  • რა ლოგიკით მიიჩნევენ ამ სქემაში მყოფი თანამდებობის პირები, რომ მათ ივანიშვილი არ შეეხება? გრიგოლ ლილუაშვილიც ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა, ვიდრე 2016 წელს პარლამენტარი გახდებოდა და 2017 წლიდან უკვე სუსში წავიდოდა…

ივანიშვილმა თავიდანვე შექმნა კლანების სისტემა, დაუპირისპირა ეს კლანები ერთმანეთს და ჩათვალა, რომ ამ დაპირისპირებით მხოლოდ თავად იხეირებდა.

ახლა, რა თქმა უნდა, კლანების ბრძოლის უმწვავესი ეტაპია. მეორე მხრივ, ეს ამბავი აჩვენებს, რომ არ არის გარანტირებული არავის „კეთილდღეობა”, მათ შორის არც დღევანდელი სუს-ის ხელმძღვანელის, არც რომელიმე სხვა თანამდებობის პირის.

კობახიძე თუ თავად არ არის კორუფციაში ჩაფლული, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საჭირო მომენტში, თუ ეს დასჭირდა სისტემას და ივანიშვილს, არ შეახოცავენ ხელს მას, თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით.

არც ისაა გამორიცხული, ივანიშვილს მოუძებნონ სათანადო სისუსტეები და თუ ამაზე საბოლოოდ დასტური მოვიდა მოსკოვიდან, ისრები მიიმართოს სისტემის შემქმნელის წინააღმდეგ.

  • უშვებთ იმასაც, რომ ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე?

დიახ, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. ამ შემთხვევაში სისტემა შეეცდება იმის მტკიცებას, რასაც დღეს ამტკიცებს, რომ ის ღიაა და ებრძვის კორუფციას, რომ არავინაა ხელშეუხებელი და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ამის გადატანა სისტემას გაუჭირდება, მაგრამ მოინელებს. სხვა საქმეა, ჩვენ, საზოგადოება, თუ მოვანელებინებთ, თუ კვლავ გავუტარებთ მას ქვეყნის ასე, დღისით-მზისით ღრღნის, შეჭმის ღია, აშკარა ფაქტებს.

უკვე „ოცნების” მიერვეა დადასტურებული საკმარისზე მეტი გარემოება იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ამ მთავრობის გადადგომა და დაუყოვნებლივ სამართლიანი არჩევნები. ის, ვინც დღეს „ოცნების” ციხეებშია [რეჟიმის ტყვეებს ვგულისხმობ], ყველა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ისინი ციხეში სწორედ იმიტომ არიან, რომ ამხელდნენ ამ კორუმპირებულ სისტემას, ეწინააღმდეგებოდნენ ავტორიტარიზმს, კორუფციის უმთავრეს მკვებავს.

ლილუაშვილის დაკავებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ტყვეების – პოლიტიკოსების, აქტივისტების თუ საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის, უპირველესად, მზია ამაღლობელის სრული სიმართლე. სინდისის პატიმრების ადგილი უნდა დაიკავონ თავად „ოცნების“ ვაილიდერებმა, კორუმპირებულმა დიდმოხელეებმა, ივანიშვილის თამადობით.

მაგრამ, ცხადია, სისტემა თავის თავს არ განსჯის. საზოგადოებამ უნდა შევძლოთ ეს. მე ვსვამ კითხვას, ბანალურს, ერთი შეხედვით: კიდევ რა უნდა მოხდეს? კიდევ რა უნდა გავიგოთ, ვისი ყელამდე კორუფციის ჭაობში ყოფნის ამბავი უნდა დაგვიდასტურდეს, რომ ხმა ამოვიღოთ? მივხვდეთ, რომ ეს არის ანტიეროვნული რეჟიმი?

  • თუ საზოგადოება „ოცნების“ სისტემაზე ვერ შეძლებს პროტესტის გზით წნეხის გაზრდას, თავად სისტემის შიგნით არანაირ ძვრებს არ უნდა ველოდეთ?

ივანიშვილმა ისეთი სისტემა ააწყო, ამას პრაქტიკულად გამოვრიცხავ.

ვინ წარმოიდგენდა ერთი წლის წინ, რომ ლილუაშვილს, ყველაზე ძლიერ ლილუაშვილს, ივანიშვილის მთავარ საყრდენს, არათუ გაუშვებდნენ თანამდებობიდან, არამედ დააკავებდნენ კიდეც, თანაც ამ ბრალდებით… კაცმა არ იცის, ხვალ რა ბრალდებას წაუყენებენ, მაგალითად, გომელაურს. ზეგ კალაძეს, მთავარ კორუფციონერს საქართველოში.

და რა ხდება ამის შემდეგ? ჩვენ ამას ვუყურებთ, რამდენიმე ათეული ადამიანი ვაპროტესტებთ და საზოგადოებას არ ჰქონდეს ამაზე რეაგირება? რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი კვლავ თავისას გაიტანს.

არ უნდა გავატანინოთ. აი, ეს არის ამოცანა!

სისტემის შიგნით ყველა დაზაფრული და შეშინებულია. ყველა ხვდება, რომ არავინაა დაცული, რადგან ვინც პირდაპირ ან ირიბად ამაში თანამონაწილეობს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხვდება, რომ შეიძლება  აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. ამიტომაც, ცდილობს, იყოს მაქსიმალურად ლოიალური და დღეს არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას მოერგოს.

ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ეყოს სიმამაცე, სინდისი და ამ რეჟიმს არ ემსახუროს, მაგრამ ამას ისინი ვერ აკეთებენ, რადგან უმრავლესობა, როგორც უკვე გითხარით, ჩაფლულია კორუფციაში.

  • რა ლოგიკით თვლის „ოცნება“, რომ დამაჯერებელია ვინმესთვის ის, რომ თითქოს კორუფციას ებრძვიან?

„ოცნების” პროპაგანდას აღარ აინტერესებს, რა არის დამაჯერებელი და რა – არა.

ყველაფერი ცხადზე ცხადია, მაგრამ პროპაგანდა მაინც მუშაობს: დაშინებულია მოხელეთა დიდი ნაწილი, მაღალი თანამდებობის პირები, იმიტომ, რომ ისინი არიან ამ სისტემის, მათ შორის კორუფციული სისტემის, ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად.

ამ სისტემამ მოახერხა და დააშინა ხალხი. თითქმის ვეღარავინ ბედავს ხმის ამოღებას, ჩურჩულით ლაპარაკობენ. ამ პირობებში, „ოცნების“ რუსული პროპაგანდა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ტყუილს, ნებისმიერ აბსურდს გაიტანს. სამწუხაროდ, ასეა!

სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს, აქტუალურია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ ვხვდებით, რომ სისტემა სწრაფად ეშვება კორუფციული და ანტიეროვნული ქმედებების დაღმართზე.

მეორე მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილი შეშინებულია, პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეული ვერ ახერხებს ამაზე სათანადოდ რეაგირებას.

რა არის გამოსავალი? უნდა შეიქმნას ახალი, წელში გამართული, ძლიერი პოლიტიკური გუნდი. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც არ უნდა ამხილოს ამ კორუფციულმა სისტემამ თავის რიგებში, გადააგორებს და კვლავ განაგრძობს ქვეყნის შეჭმას, ჩვენი სიმდიდრეებით გამდიდრებას.

ამიტომაც, დგება დრო, როდესაც რეაგირება უნდა იყოს ჩვენი, საზოგადოების თუნდაც კრიტიკული ნაწილის მხრიდან, არა მხოლოდ პროტესტის ფორმით, არამედ სწორი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით. ეს, საუბედუროდ, ვერ მოახერხა არსებულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: