მთავარი,სიახლეები

7 პირი ცრუმოწმეობის ბრალდებით დააკავეს, მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – პროკურატურა

17.12.2025
7 პირი ცრუმოწმეობის ბრალდებით დააკავეს, მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – პროკურატურა

პროკურატურა წერს, რომ 7 პირი დააკავეს პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

ბრალდებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდების ორგანიზება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდება) წარედგინათ, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეეფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: