დღეს, 18 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
„ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.
საქმეს განიხილავენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ სასამართლოებში ფოტო/ვიდეოგადაღება აკრძალა, სასამართლო პროცესების ოპერატიულად გაშუქების ერთადერთი გზა ჟურნალისტების მიერ პროცესზე გაკეთებული ჩანაწერებია.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პენიტენციური სამსახურის ავტომობილით მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიიდან გადმოიყვანეს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი.
13:10 სთ – უკვე დარბაზში ვართ. სხდომა ტარდება ისევ იგივე, შედარებით პატარა დარბაზში. დამსწრეები ითხოვენ, კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოუშვან, რადგან ფიზიკურად მათი შემოსვლა და სხდომაზე დასწრება შესაძლებელია. თუმცა, მანდატურები ამბობენ, რომ განსაზღვრულზე მეტ ადამიანს მოსამართლის ნებართვის გარეშე არ შემოუშვებენ.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ჯერ კიდევ პირველ სხდომაზე, 11 ნოემბერს დაჰპირდა მზიას და მის მხარდამჭერებს, რომ მომდევნო სხდომებს დიდ დარბაზში ჩაატარებდა. თუმცა, ეს პირობა არც წინა, 14 ნოემბრის სხდომაზე შეუსრულებია და არც დღეს ასრულებს.
სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

13:13 სთ – მზია უკვე დარბაზშია. ხელის აწევით გვესალმება. „მზია, გვიყვარხარ“ – ეძახიან მას დარბაზიდან.
13:15 სთ – მოსამართლეებიც – ნიკოლოზ მარგველაშვილი, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე დარბაზში შემოვიდნენ. სხდომა გაიხსნა.
ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რამდენიმე საათში კი, უკვე 12 იანვარს, სისხლის სამართლის წესით.
ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმის გამო პროკურატურამ ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა ბრალი. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს წარდგენილი ბრალი პოლიციელისთვის ხელის შეშლის მუხლამდე გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი დგებუაძემ დაკავების პერიოდში მზია ამაღლობელს აგინა, სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, არ მისცა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს.
13:20 სთ – დასკვნითი სიტყვას იწყებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
„მე დღეს წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, სანიმუშო მოქალაქეს, სანიმუშო ადამიანს, მედიამენეჯერს […] წარმოვადგენ ადამიანს, რომელიც მტკიცედ, ურყევად ემსახურება საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას” – იწყებს საუბარს მაია მწარიაშვილი.
ის თვლის იმ ჯილდოებს, პრემიებსა და დამსახურებებს, რომლებიც როგორც პირადად მზიას, ისე მის დაფუძნებულ მედიაორგანიზაციებს – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მიუღიათ წლების განმავლობაში. მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს.
მაია მწარიაშვილმა გაიხსენა ის გახმაურებული საქმეები, რომელთა გაშუქებაში და გამოძიებაში მზია ამაღლობელის დაფუძნებული მედიასაშუალებების როლი იყო მნიშვნელოვანი. მათ შორის, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე და როინ შავაძის საქმე. მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ ბედის ირონიით, სწორედ ეს საქმე განიხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ადვოკატმა ჩამოთვალა ის სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც მზია ამაღლობელს განუხორციელებია წლების განმავლობაში აჭარის რეგიონში. მათ შორისაა, ბიბლიოთეკების მომარაგება და განვითარება მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.
ვრცლად: „მზიას საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია“ – მაია მწარიაშვილის მიმართვა სასამართლოს
მაია მწარიაშვილი ჰყვება, როგორ აგინებდა და ემუქრებოდა ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ.
„ეზოში, ამდენი ხალხის თვალწინ რომ არ ერიდება ლანძვა-გინებას და მუქარას, იმ კაცს რა შეუშლიდა ხელს საკუთარ კაბინეტში გაეკეთებინა ეს? არაფერი. მაგრამ, ამის აღიარებას სჭირდება სინდის-ნამუსი”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატი ამბობს, რომ მაშინ, როცა პოლიცია თავად მალავს განყოფილებაში გადაღებულ ვიდეოებს, პროკურატურა აქეთ სთხოვს ადვოკატებს, ვიდეოებით დაადასტუროს ის, თუ როგორ აგინებდა დგებუაძე ამაღლობელს კაბინეტში. ადვოკატის თქმით, აბსოლუტურად ალოგიკურია პროკურატურა დაცვის მხარეს სთხოვდეს ვიდეოებით დაადასტუროს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი მოვლენები.
ვრცლად: „სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი
14:00 სთ – როგორც წინა სხდომები, დასკვნითი სხდომაც შეძახილებისა და საპროტესტო სლოგანების ფონზე მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის კოლეგებისა და მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დარბაზში არ შემოუშვეს, სასამართლოს ჭიშკარს მიღმა ატარებს აქციას, მათი შეძახილების ხმა ფონად გასდევს ადვოკატის საუბარს.
მზია ამაღლობელი დღესაც შემინულ სივრცეშია. ის ისევ ფეხზე დგას და ისე უსმენს მის ადვოკატს. ტრადიციულად, არ ჯდება ბრალდებულის სკამზე.
16:40 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს.
ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომელიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში.
„სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენს მიერ მითითებულ დეტალურ გარემოებებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს ბრალდების რომელიმე ზემოთ მითითებული მტკიცებულება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ გააქრობს ჩვენს ყველა მსჯელობას განაჩენიდან და სწორედ ასე მოიქცა ბათუმის საქალაქო სასამართლო.
სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ჩვენს მიერ ზემოთ მითითებული აშკარა, ნათელი და უხეში წინააღმდეგობების გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების ვერცერთი მოწმის და ვერც დაზარალებულის ჩვენებას, შესაბამისად, ბრალდების ეს მტკიცებულებები სამართლებრივად და ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით, უვარგისია, ვინაიდან წინააღმდეგობრივია როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას ყველა არსებით საკითხში.
დაცვის მტკიცებულებები კი ძირითადად ვიდეომტკიცებულებებია, რასაც სასამართლო ვერ გაჭრის პოლიციელთა ცრუ ჩვენებებით“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
17:30 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა.
„ბატონო მოსამართლეებო!
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე.
მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე.
დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.
ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.
კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი.
მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას – ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის,” – ამ სიტყვებით დაასრულა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა.
18:00 სთ – ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:
„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებულ დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასმაართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.
არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.
საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში …
ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დაბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს.
[…]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს მისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ.
დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.
ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სავარაუდოდ, მოსამართლეთა კოლეგია დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
20:00 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.
20:30 სთ – „მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
ამავე თემაზე: „ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“ – მაია მწარიაშვილი
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ: