მთავარი,სიახლეები

„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი

18.11.2025
„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი

„ესაა სისტემური უკანონობის, სისტემური ძალადობის საქმე. ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე, სისტემის უკანონობების გათეთრების საქმე. ამავდროულად, ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესზე.

ამ წუთებში ადვოკატი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმე/პოლიციელმა განაცხადა, რომ დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა და ყველა მათგანი დღემდე შეურაცხყოფილია ამით.

შეურაცხყოფილია ე.წ დაზარალებული, დგებუაძე, შეურაცხყოფილია აჭარის პოლიციის მაშინდელი დეპარტამენტის დირექტორი ბესელია და შეურაცხყოფილია სრულიად ხელისუფლება, ვინაიდან, მათი განმარტებებით, მზია ამაღლობელს სურდა პოლიციის დისკრედიტაცია.

ამიტომ, სინამდვილეში ჩვენ ვიხილავთ პოლიციის და დგებუაძის შელახული პატივმოყვარეობის საქმეს.

შესაბამისად, ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლებრივ ბრალდებასთან, არც თავდასხმასთან და არც წინააღმდეგობასთან.

ამ ე.წ „სისტემური უკანონობის გათეთრების“, „სისტემური შურისძიების“ საქმეს  პირველივე დღიდან იძიებდა თავად ეს სისტემა, პოლიცია.

ბატონო მოსამართლეებო,

ისე არ წარმოიდგინოთ, რომ პოლიციელის/პოლიციელების შეურაცხყოფის გრძნობა მართლზომიერი, გასაგები და ბუნებრივია.

სინამდვილეში ე.წ „შეურაცხყოფილი“ პოლიციის უკან საქმე გვაქვს, პოლიციის მიერვე ჩადენილი უკანონობების გადაფარვასთან, გათეთრებასთან, სამსახურებრივ სიყალბეებთან. აბა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ.

ასე შეიქმნა ეს მანიპულირებული საქმე, რამაც მზიას ცხოვრების თითქმის 1 წელი და თვალისჩინი უკვე შეიწირა.

დღეს მე არა მხოლოდ ბრალდებასა და განაჩენზე გესაუბრებით, ამავდროულად გესაუბრებით თავად იმ პროცესზე, რომელმაც ეს ბრალდება და განაჩენი შექმნა.

ბატონმა პროკურორმა ბრძანა, უნდა შევხედოთ ფართო სურათში და კონტექსტშიო.

მე მიგითითებთ ამ კონტექსტზე, მხოლოდ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდების როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე დასკვნითი სიტყვა მხოლოდ პროკურორის შეფასებები და მოსაზრებები იყო, რომლის უკან არ იდგა არც ერთი მტკიცებულება და მას არც მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე.

როგორ უნდა დამალო, გაათეთრო სისტემური უკანონობა?

უნდა შექმნა „დამტკიცებული დამნაშავეობა“, დანიშნო „დამნაშავედ“.

სწორედ ასე დანიშნეს მზია ამაღლობელი დამნაშავედ, თავდამსხმელად, მერე – წინააღმდეგობის გამწევად. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაზარალებული იყოს პოლიცია და არა მზია.

ასე დანიშნეს მსხვერპლი დამნაშავედ,”- თქვა მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატი დეტალურად მიმოიხილავს 11-12 იანვარს განვითარებულ მოვლენებს და ქრონოლოგიურად ჰყვება, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.

„მზია ამაღლობელი არ იყო ამ აქციის მონაწილე, არამედ აქციაზე მივიდა მას შემდეგ, რაც შეიტყო მისი კოლეგის (ციალა ქათამიძის დაკავება) და სთხოვა საიას წარმომადგენელს, თამარ წულუკიძეს ადგილზე მისვლა და მონახულება. (სასამართლომ წულუკიძე მოწმეთა სიიდან ამორიცხა).

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ განახორციელა მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო და ძალადობრივი დაკავება. მათ შორის ზოგი სტიკერის გაკვრის გამო და ზოგი იმის გამო, რომ იკითხეს, თუ რატომ დააკავეს სხვა. (სასამართლომ ამორიცხა მოწმეთა სიიდან ამორიცხა ეს დაკავებულები, ციალა ქათამიძე, გ.აფარ ილმაზი, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე).

აი, ეს არის კონტექსტი მოკლედ. ხომ არ იცით, რომელ კონტექსტზე საუბრობდა აქ ბრალდება? იმაზე ხომ არა, თავად რომ ამოარიცხინა.

მზიას მისვლისას უკვე ყველა ე.წ. სამართალდამრღვევი დაკავებული იყო. აქცია ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობდა და მხოლოდ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები გროვდებოდნენ.

მზიამ სტიკერი მიაკრა და დააკავეს.

ეს ვიდეო არსებობს. აქედან დაიწყო ის უკანონობები, რის გადაფარვასაც ემსახურება ეს სისხლის სამართლის საქმეც. გამოძიებამ არა მხოლოდ არ დაურთო ეს ვიდეო, არამედ იშუამდგომლა ამორიცხვა. სასამართლომ განაჩენიდან გააქრო ეს ვიდეო.

მზია დააკავეს მაშინ და იმისთვის, რაზე დაკავების უფლებაც არ არსებობდა, ანუ კანონი დაარღვია უმაღლესმა საპოლიციო ჩინმა – ვიდეო, პატაკი, სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლომ არც კი იმსჯელა. სწორედ ამ უმაღლესი საპოლიციო ჩინის უკანონო ქმედების „გაპრავებას“ დასჭირდა მზიას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ვითომდა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და სამართალდარღვევის ოქმში დაამატეს, რომ თურმე წინააღმდეგობასაც უწევდა ვიღაცების დაკავებაში. არავინ იცის, ვის დაკავებაში, როდის, მაგრამ ადმინისტრაციულმა სასამართლომ აი, ასე გაიზიარა ეს.

შემდეგ დასჭირდათ, რომ მტკიცებულება ეშოვათ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის და ბათუმის პოლიციამ წარადგინა ვიდეო, სადაც არც წინააღმდეგობაა (არამედ ჭყლეტაა) და ამასთან გადაღებულია, მას შემდეგ, რაც მზია უკვე გაათავისუფლეს ამ უკანონო დაკავებიდან.

სახელმწიფო ბრალდებამ ვერ იკადრა ეს ეთქვა ამ დარბაზში…, სასამართლომ იკადრა.

შემდეგ დასჭირდათ ის, რომ მზია ამაღლობელის საჩივარი მისი უკანონო დაკავების გამო არასოდეს განეხილათ. ამიტომ, ფორმალურად განსახილველად დააწერეს ისევ გრიგოლ ბესელიას. დღემდე იხილავს… დასცინეს მზიას. სასამართლომ ეს არ თქვა განაჩენში, არც აღნიშნა.

შემდეგ დასჭირდათ მზიას სისხლის წესით ბრალდება, იმიტომ, რომ ირაკლი დგებუაძე დაემუქრა სისხლით დაგიჭერო და დაიჭირეს;

შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ შენობის შიგნით განთავსებული ყველა ვიდეო კამერა და მისი ჩანაწერი (მზიაზე ძალადობა) და გააქრეს.

სასამართლომ ამ საქმიდან ამორიცხა ყველა ჩვენი მიმოწერა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ამ თვალსაზრისით, ყველა მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ეს სამსახური არაფერს იძიებს, არ ეძებს და ამაგრებს ვიდეოებს.

შემდეგ დასჭირდათ, რომ საპატრულო პოლიციას, რომელიც ადგილზე იყო განლაგებული გამორთული ჰქონოდა სამხრე კამერები და გამოართვევინეს.

შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერები და მათი ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა, როგორ ძალადობდა პოლიცია იმ დღეს დაკავებულებზე, მათ შორის მზიაზე, მათ შორის სხვებზე, მათ შორის გაბაიძეებზე. ბრალდებამ, ეს ვიდეოები გააქრო, შსს-მ – ჩვენ არ მოგვცა, არ იძებნებაო.

შემდეგ, დასჭირდათ, რომ გაექროთ ჩანაწერები, რაც აჭარის ტელევიზიას, რომელიც ადგილზე მუშაობდა და გადასცემდა ლაივ რეჟიმში (ჩვენს ვიდოებში ჩანს მისი კამერები), დაჭრეს და საქმეში წარმოადგინეს მხოლოდ 44 წამი. 

ამასთან, დაცვაც მოატყუეს, საქმეში ჩადეს განჩინება და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 44 წამია ვიდეო; ამაზე ბრალდებამ არც ახლა გვიპასუხა, არც სასამართლომ გვიპასუხა;

აჭარის ტელევიზიის და სხვა ჩანაწერების გაქრობით გააქრეს იმის მტკიცებულებები, რომ დაკავებამდე სულ ორიოდე წუთით ადრე მზია ამაღლობელს გადაურა პოლიციამ თავზე, გადაჯეგა, სადაც მან გონიც კი დაკარგა, დაკარგა ცალი ფეხსაცმელი. (ბრალდებამ დაადასტურა, რომ ეს მართლაც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენი ვიდეო არსებობს და თან აწყობთ დაგვეთანხმონ, მზიას აქვს დაზიანებები, რაც უნდა ახსნან…

სახელმწიფო ბრალმდებელმა აქ თქვა, რომ იმიტომ გადაუარეს მზიას, რომ აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოო, რაც სიცრუეა.

მზიაზე გადავლის დროს აქცია აღარ მიმდინარეობდა და არც კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიუღია.

რით ჭრის ჩვენს მტკიცებულებებს ბრალდება? არაფრით. არც დაუსახელებია კონკრეტული მტკიცებულება და ვერც დაასახელებს.

მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მზიაზე გადავლის და გაბაიძეების  უკანონო და ძალადობრივი დაკავების უკეთესი კადრები ჰქონდა აჭარის ტელევიზიას და ამიტომ არ ამოიღო აჭარის პოლიციამ.

შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ საქმიდან ჩვენი 19 ვიდეომტკიცებულება და გააქრეს კიდეც. ამორიცხეს.

სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო და ეს იყო ჩვენი მტკიცებულებები;

შემდეგ დასჭირდათ, რომ კვლავ გაექროთ და გასაჩივრებული განაჩენით კვლავ გაქრა. სასამართლომ უბრალოდ სრული იგნორირება მოახდინა.  კი, ვიმსჯელეთ ამ ვიდეომტკიცებულებებზე, ვაქვეყნეთ, ვაჩვენეთ, მაგრამ განაჩენში არაა. სასამართლომ თქვა, რომ არსებობს მხოლოდ 44-წამიანი ვიდეო, რომელსაც თურმე აქვს პრიმატი სხვა მტკიცებულებებთან შედარებით.

რატომ არა აქვს პრიმატი ჩვენს ვიდეოებს პოლიციელთა ცრუ ჩვენებებთან მიმართებით?!

შემდეგ დასჭირდათ აეხსნათ ირაკლი დგებუაძის მუქარა და აახსნევინეს შემდეგნაირად: სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს ვუხსნიდი კოლეგებსო. დაცინვაა,” – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: