მთავარი,სიახლეები

ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს – მედია

12.11.2025
ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს – მედია

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ დღეს, 12 ნოემბერს, ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობით,  ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სასტუმრო „ლომსიასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები, პ.გ. და  ბ.ხ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.

„პ.გ–ს სსკ-ს 353¹ მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11-წალამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ სსკ-ს 120-ე მუხლის პირველი ნაწილით [ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] გადააკვალიფიცირა და 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. რადგან პ.გ.  ოთხი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

ბ.ხ-ს ბრალი  სსკ-ს 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა სსკ-ს 126-ე მუხლად [ძალადობა] და დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაშიც რადგან ბ.ხ–ც პატიმრობაში იმყოფებოდა, თანხის გადახდა 4 000 ლარამდე შეუმცირდა“ – წერს „სამხრეთის კარიბჭე“.

„სამხრეთის კარიბჭე“ დეტალურად აშუქებდა ამ საქმეს. გამოცემის ცნობით,  აღნიშნული შემთხვევა ახალციხეში 4 აგვისტოს სასტუმრო „ლომსიას“ მიმდებარედ მოხდა, სადაც 50 ადამიანი ჩხუბობდა. მოწმე პოლიციელების ცნობით, ჩხუბის დროს პოლიციის ჩარევისას ერთ-ერთ პოლიციელს ხელკეტი დაარტყეს და ფეხი მუცლის არეში ჩაარტყეს, პოლიციელი  კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ათი თვეა პატიმრობაში იმყოფება ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო. მზია ამაღლობელი გაასამართლეს სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილით [პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა… მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით] და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

____________

ფოტო: გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: