მთავარი,სიახლეები

გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის: „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან“

21.10.2025
გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის: „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან“

პარლამენტის შემდეგ გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის.

„გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურმა  მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ანანიძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე შევლენ.

რას ცვლის ბოიკოტის შეწყვეტა და უმაღლეს საბჭოში შესვლა? არ დაეხმარება ეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მიღებაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნინო ჩხეტიას.

„ვაპირებთ აქტიურ მუშაობას. აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან… მე არ მეხალისება იქ ყოფნა… იქ უნდა გაჩნდეს კერა, სადაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც არის უსამართლოდ დაკავებული, მათ შორის, ბუნებრივია, მზია ამაღლობელი,“ – აღნიშნა ნინო ჩხეტიამ.

ნინო ჩხეტია მიიჩნევს, რომ პარლამენტში, ან უმაღლეს საბჭოში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შესვლა ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ ლეგიტიმაციას არ შეუწყობს ხელს:

„ბევრს ჰგონია, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ მასობრივი აქციები დაიწყო 28 ნოემბერს, რადგან ევროპული ინტეგრაცია არ არის საგარეო პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ამოცანა. როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი პრაქტიკულად უარს ამბობს ეროვნული ამოცანის შესრულებაზე, მაგალითად, მე შევალ თუ არა უმაღლეს საბჭოში და დავით გაბაიძეს ვთხოვ თუ არა მიკროფონის ჩართვას, ეს ვერ გამოიწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციას,“ – გვიპასუხა ნინო ჩხეტიამ.

„დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დატოვა დაუცველი რეჟიმის პირისპირ, რომელიც სახელისუფლებო ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული აზრის გამომხატველთა დაპატიმრებებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირთა ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოცხადებას და დასჯას. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მიზანია საკანონმდებლო ორგანოებიდან ბრძოლა ჯანსაღი, განსხვავებული და პროგრესული აზრის გადარჩენისთვის.

4 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არათუ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხის წინაშე.

…ამ ოპოზიციურმა სპექტრმა შეძლო სამწუხაროდ დაერწმუნებია ამომრჩეველთა  უმრავლესობა, რომ არ მისულიყვნენ 4 ოქტომბერს არჩევნებზე. თუმცა შედეგებით ვნახეთ, რომ „ოცნებამ“ ამომრჩეველთა 20-25 -პროცენტიანი მხარდაჭერით გაიფორმა 80-პროცენტიანი უმრავლესობა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.

ხომ არ ეუბნება ამ მონაცემების მიხედვით ისევ გახარიას ამომრჩეველი გახარიას პარტიას, რომ არჩევნებში მონაწილეობა გამოსავალი არ არის? – გახარიას ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც არ მივიდა არჩევნებზე.

„სამწუხაროდ ინფორმაციამ იმუშავა იმდაგვარად, რომ ჩვენს გზას არ გაყვა ამომრჩვეელთა უმრავლესობა და „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი…,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯემალ ანანიძემ.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაა, ის პარლამენტში შეუდგება ბოიკოტის გაუქმების შემდეგ მუშაობას, თუ ბათუმის საკრებულოში, სადაც ანანიძე ასევე პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო.

თუ ჯემალ ანანიძე პარლამენტის წევრი გახდება, ბათუმის საკრებულოში მის ნაცვლად სულიკო გოგოლიშვილი შევა.

„პარლამენტში, უმაღლეს საბჭოსა თუ თვითმმართველობაში მუშაობით ვფიქრობთ, რომ დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ სწორი გზა არის ეს, დავანახებთ „ქართული ოცნების“ რეალურ სახეს… მათ ისეთი კანონებიც გაიტანეს, პრაქტიკულად ინფორმაციის გამომტანიც არ იყო ვინმე.

ჩვენი ხმა იქნება ხალხის ხმა, ობიექტური ხმა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.

  • მთავარ ფოტოზე: ნინო ჩხეტია, ჯემალ ანანიძე და არჩილ სამნიძე / ბათუმი, 21.10.2025

ამ თემაზე

ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: