„ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ – დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტში შედის.

„გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას: აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული გახარიას შესვლა პარლამენტში. გახარია ამ ნაბიჯით იქცევა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ნაწილად, სისტემურ ოპოზიციად,“ – მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი.

ამავე თემაზე: ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

რა იცვლება გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლით? – „ბათუმელებმა“ ლაშა ძებისაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია.

  • ბატონო ლაშა, რა იცვლება გახარიას პოლიტიკური პარტიის პარლამენტში შესვლით? დღეს მოვისმინეთ გახარიას გუნდის წარმომადგენლის განცხადება: მანდატებზე უარის თქმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერაო.

აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ გახარიას გუნდის შესვლით პარლამენტის ლეგიტიმაცია იზრდება. ე.წ. ოპოზიცია გახარიას სახით ამ შემთხვევაში დგამს დამატებით ნაბიჯს აქეთკენ – აქამდე პარლამენტი იყო სრულიად არალეგიტიმური და მასში არ იყო წარმოდგენილი არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა „ოცნების“ გარდა.

თუმცა პარლამენტი მაინც არალეგიტიმური იქნება. ამ შემთხვევაში გახარიამ ჩვეულებრივად „ოცნების“ საქმე გააკეთა.

არალეგიტიმურობას ქმნის არჩევნების შედეგი – რამდენად გაყალბებული იყო არჩევნები. არავის ეჭვი არ ეპარება, იმხელა გაყალბებას ჰქონდა ადგილი, რომ ლეგიტიმურობაზე ზედმეტია საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად ამ გაყალბების და არალეგიტიმურობისა, გახარიას პარტია პრაქტიკულად ამაზე თვალს ხუჭავს და თანახმაა, არალეგიტიმურობის თამაშში მიიღოს მონაწილეობა და გახდეს სისტემური ოპოზიცია.

  • მაშინ ვის თვალში იზრდება გახარიას პარტიის ამ გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციური პარლამენტის ლეგიტიმაცია?

ლეგიტიმურობას აქვს რამდენიმე კომპონენტი: რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები? არჩევნების შედეგს რამდენად ცნობს პოლიტიკური ოპოზიცია? როგორია საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები? სამივე კომპონენტში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ნატამალი არ ჰქონდა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო აღიარებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ დემოკრატიულ სამყაროს: ეს არის ევროკავშირი და აშშ.

ლაშა ძებისაშვილი

გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას – აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული გახარიას შესვლა პარლამენტში. გახარია ამ ნაბიჯით იქცევა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ნაწილად, სისტემურ ოპოზიციად.

  • თქვენი აზრით, თავად გახარიას რა გათვლებით შეიძლება ეს აწყობდეს?

ვფიქრობ, გახარიას უბრალოდ პარტიის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენა სურს. ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური რესურსებით, რასაც სახელმწიფო გამოყოფს მისი პოლიტიკური პარტიისთვის.

მიუხედავად ყველანაირი დანაკარგებისა – იმიჯური დანაკარგებისა, ნდობის დანაკარგისა და ასე შემდეგ – გახარიამ გადაწყვიტა, რომ ფორმალურად გადაარჩინოს თავისი პარტია. შესაბამისად, ის მიიღებს ფინანსურ რესურსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამომავლოდ ეს როგორ აისახება მის პოლიტიკურ, წარმატებაზე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პრაქტიკულად გახარიამ ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური მომავალი გაანადგურა.

შესაძლოა, გახარია იმასაც ფიქრობს, რომ გარკვეულ პერიოდში შეიძლება „ქართული ოცნება“ აღარ იყოს მონოლითური ორგანიზაცია, დაიშალოს და აი, ამ ცვლილების ფონზე მას ექნება პარტია შენარჩუნებული, როგორც ორგანიზაცია. რამდენად შეძლებს გახარია ამ შენარჩუნებული პარტიით დაკარგული და განადგურებული ნდობის აღდგენას, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

  • რატომ არ არის დამაჯერებელი გახარიას პარტიის დღევანდელი გზავნილი – „ვიწყებთ ხალხისთვის გამორთმეული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას“?

ყველა საღად მოაზროვნეს უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნის ის არგუმენტები, რასაც გახარიას პარტია იყენებს, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, როცა გაერთიანდნენ „ლელოსთან“ და თბილისის გამოგლეჯას ცდილობდნენ.

აბსოლუტურად რეალობისგან მოწყვეტილები იყვნენ და ჯიუტად, უფრო სწორედ, უტიფრად აგრძელებდნენ არგუმენტების ჩამოთვლას, რასაც რეალობასთან არავითარი საერთო არ ჰქონდა.

ხალხი ბრმა არ არის და ყველა ყველაფერს ხვდება. ამ ფონზე, როცა პოლიტიკურ სისტემაში არანაირი ბერკეტი არ არსებობს „ოცნებაზე“ ზემოქმედების კუთხით, გახარია გამოდის და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლით ის მოიპოვებს ბერკეტს „ოცნებაზე“ ზემოქმედებისთვის. ეს საქართველოს მოსახლეობის მორიგი დაცინვაა, მეტი არაფერი.

ამ შემთხვევაში პირდაპირ კი არ ებრძვი ამ ხელისუფლებას – არამედ მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურები. ყველაფერი, რასაც აკეთებს გახარია და მისი პარტია, ჩვეულებრივი სიყალბეა, რეალურად ეს „ქართული ოცნების“ მიზნებს ემსახურება.

  • რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გახარიას პარტიასაც აკრძალავს „ქართული ოცნება“? ირაკლი კობახიძის რიტორიკას თუ გავყვებით, არც ესაა გამორიცხული

„ქართული ოცნება“ ისეთ სტადიაზეა გადასული, რომ შეიძლება ჩათვალონ, რომ გახარიას პარტია მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და შეიძლება „ოცნებამ“ მიიღოს ეს გადაწყვეტილებაც – აკრძალოს გახარიას პარტიაც.

თუ ასე მოხდება, გასაგები გახდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიას პარტია საბოლოოდ აღარ სჭირდება არც იმიჯურად და არც ფორმალურად. ამ შემთხვევაში გახარიას გათვლა, რომ რაღაც მომენტში სისტემურ ოპოზიციად გამოცხადებულიყო და ორგანიზაცია შეენარჩუნებინა, არ იქნება გამართლებული. გამოვა, რომ გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ გათვლა დაასწრო და მისი სამომავლო გეგმები ჰაერშივე ასწია.

გახარიას გათვლაა, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყოს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გახარიას პარტიის აკრძალვაზეც, ეს აისახება იმ დეპუტატებზეც, რომლებიც პარლამენტში შედიან.

  • თუ „ოცნება“ გააუქმებს ფორმალურ დონეზე ოპოზიციას და მხოლოდ გახარიას პარტია დარჩება, ამას რა ფასი ექნება პოლიტიკურად გახარიასთვის?

გახარიასთვის არ აქვს მნიშვნელობა, მისი პოლიტიკური პარტია როგორ გადარჩება. მისთვის მთავარია პარტია, როგორც ორგანიზაცია, გადარჩეს და ამიტომაც, შედის პარლამენტში. ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს, მე ვფიქრობ ეს არის მისი ამოცანა.

  • რა ეტაპზე გადადის პოლიტიკური პროცესი საქართველოში? „ქართული ოცნება“ იწყებს პარტიების აკრძალვას, იზოლაცია კიდევ უფრო ღრმავდება დასავლეთთან: მაგალითად, გერმანიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, გაიწვია თავისი ელჩი საქართველოდან…

„ქართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ისეთი გაუსაძლისი ვითარება შეექმნა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათ თავად ჩაეხსნათ ჩვენთან არსებული კავშირები, რაც აქამდე გვქონდა.

„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ეს მისცემს მათ საფუძველს, დასავლეთისკენ გაიშვირონ ხელი, მათ ან ვუნდივართ, ჩვენ რა შუაში ვართო.

ამიტომაც, „ოცნება“ ცდილობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა თავად გააჩერონ ყველა პროექტი. იმედი მაქვს, რომ ელჩებს მაინც არ გაიწვევენ საქართველოდან. საბოლოოდ აქეთკენ მივდივართ.

ჩვენ ვუახლოვდებით გარდამტეხ მომენტს, როცა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ დგება ისტორიული მომენტი.

  • დღეს შალვა პაპუაშვილი ამბობდა გერმანიის ელჩის გაწვევაზე – იმედი გვაქვს, ეს გადატვირთვის სიგნალიაო…

არანაირი გადატვირთვა. ეს არის ცინიზმის მორიგი გამოვლენა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად განაცხადა, რომ ელჩის გაწვევა გადატვირთვის რამე საფუძველი კი არ არის, არამედ ელჩის გაწვევა არის შედეგი იმ მიუღებელი პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს გერმანიის ელჩისადმი და ზოგადად, ევროკავშირის მიმართ.

ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის პოლიტიკას.

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. შესაძლოა, ვისაუბროთ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, შემდეგ კი, ეს შესაძლოა გავრცელდეს მთლიან ქვეყანაზე: წარმოუდგენელია, ქვეყანა მიდიოდეს სწრაფი ტემპით ავტორიტარიზმისკენ და ეს ქვეყანა სარგებლობდეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით.

აღარ ვსაუბრობ საფინანსო და საბანკო და ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ეკონომიკისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებზეა დამოკიდებულია წინააღმდეგობის გაძლიერება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა?

დიქტატურის წინააღმდეგ არის ეროვნული კონსოლიდაცია საჭირო, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს ერთ დიდ ეროვნულ ცენტრად, ფრონტად, რაც გნებავთ, ის დაარქვით, რომელიც მუდმივად, ყოველდღიურად იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია.

ავტორიტარიზმს და დიქტატურას არ აპროტესტებენ – მას ებრძვიან. ბრძოლის პირველი ნაბიჯია კონსოლიდაცია, სხვანაირად არ გამოვა არც განცალკევებული აქციებით, ან ქუჩის გადაკეტვით…

დიქტატურა არის ძალიან ძლიერი სისტემური მოვლენა. მას ჩვეულებრივი პროტესტით რეალურად ვერ მოერევი. მას სჭირდება ეროვნული, სახალხო ერთიანობა და სახალხო კონსენსუსი, რომ ჩვენ ასეთი მმართველობა არ გვინდა.

___________

ფოტოზე: გიორგი გახარია 

ამ თემაზე:

გახარიას პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს

Exit mobile version