გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის შესახებ.
„რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პეტერ ფიშერი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთგზის გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი.
24 სექტემბერს კი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე“ შეშფოთება გამოთქვეს.
„ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, – ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ესწრებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში.
ბათუმში ყოფნისას ელჩს თავს დაესხა მოქალაქე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩის ბათუმში ვიზიტის და მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრების გამო გაღიზიანება ვერ დამალა და დიპლომატის წინააღმდეგ დეზინფორმაციული სტატუსი დაწერა.
პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე