დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.
მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
მზია ამაღლობელს სტრასბურგში მისი ადვოკატი და უფლებადამცველი, მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც ასამბლეაზე გამართულ ცერემონიაზე მზია ამაღლობელის გზავნილი წაიკითხა და მიმართა ასამბლეას:
„ვაცლავ ჰაველის სახელობის პრიზის ნომინანტებს შორის დასახელება უდიდესი პატივია, პატივი მორალური გამბედაობისთვის, სიმართლისთვის, წინააღმდეგობის ძალისთვის, მაგრამ ის ასევე არის სიგნალი, საგანგაშო სიგნალი, რომ ჩემს ქვეყანაში, მზიას ქვეყანაში, ყველაფერი რიგზე არ არის. უფრო სწორად, კი ძალიან ცუდად არის.
დღეს, 50 წლის ასაკში, მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია. ის, ამავდროულად პოლიტიკური დევნის ობიექტიცაა.
მან არ დაიბრალა, რაც არ ჩაუდენია.
მან არ მიიღო შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე, თავისუფლების სანაცვლოდ.
მან თქვა, რომ არ ითამაშებდა რეჟიმის წესებით და არც ითამაშა.
მზიას საქმის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა სცადეს, ის ექციათ სიჩუმის, მორჩილებისა და სინანულის სიმბოლოდ, მაგრამ ის იქცა სიმამაცის ხმად.
მზიას ბრძოლა განასახიერებს ბრძოლას იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას აყალიბებს: ესაა სიტყვა, საჯაროობა, პრინციპულობა, კანონის წინაშე თანასწორობა და კანონისადმი მორჩილება, მაგრამ არა შეგუება უსამართლობასთან.
პატივცემულო ასამბლეის წევრებო,
გთხოვთ, არ დაივიწყოთ, რომ მზია კვლავ უკანონო პატიმარია, უფრო სწორად კი მძევალია. მას თითქმის სრულად აქვს დაკარგული მხედველობა. დღეში მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ ძირითადად წერს“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მან ასამბლეაზე მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა და დასასრულს თქვა:
„ვიდრე მზიას ხმა ამ დარბაზსა და სხვა დარბაზებში გაისმის, კვლავაც არსებობს იმედი იმისა, რომ ციხე არ გახდება ის ადგილი, სადაც მზიასა და სხვების ხმას დაადუმებენ.
თუმცა, თუკი დადუმდება სასამართლო დარბაზები, თუკი გაქრება კრიტიკული მედია, თუკი დამოუკიდებელი ადვოკატები და უფლებადამცველები აღარ იარსებებენ და თუკი მათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება მზიას საპატიმროში გამოკეტვის შესახებ, ირწმუნეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო მათ თვალს არ ადევნებს, და მართლმსაჯულების გამრუდება დაუსჯელია, მაშინ ვშიშობ, ციხე იქცევა იმ ადგილად, საიდანაც აქ, ევროპაში ხმა ვეღარ მოაღწევს.
არ დაუშვათ ეს“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 261 დღეა უკანონო პატიმარია.
ამავე თემაზე:






