დღეს, 24 სექტემბერს, შუადღისას, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, ნოვოროსიისკის ცენტრალურ რაიონებზე.
ამავე დროს, საზღვაო დრონები თავს დაესხნენ რუსეთის უდიდეს, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტს, სადაც, სხვა ობიექტებთან ერთად, მდებარეობს კასპიის მილსადენების კონსორციუმის ნავთობტერმინალი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ბაზა.
რუსული მედია წერს, რომ ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებს.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და, თუ შესაძლებელია, დარჩნენ სახლში“ – წერს მედიაგამოცემა „მედუზა“.
_______________
ფოტოზე: კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან.


